16 მარტი 17 წუთის საკითხავი
N-duo-concept.com

This under-the-radar website sells the coolest pieces - ასე მარტივად და თან ზუსტად აღწერს მოდის სფეროში ცნობილი ონლაინ პლატფორმა - Who What Wear საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულ, ქართულ ინტერნეტ მაღაზია N-duo-concept.com-ს.

 

მოდაზე ორიენტირებული ქალები, ამ სივრცეში თქვენთვის სათითაოდ და საგულდაგულოდ შერჩეულ იშვიათ ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს იპოვით. სხვა ვებგვერდებისგან განსხვავებით, მომხმარებელი აქ თავს ისე გრძნობ, როგორც ნიშურ ბუტიკში და არა ე.წ  “department store”-ში. მაღაზია 2014 წელს ნატუკა ქარქაშაძემ და ნინო წილოსანმა დააფუძნეს.

 

როგორც ჩანს, ნატუკა ქართულ რეალობაში მოდის სფეროს მომავალ ტენდენციებს ყოველთვის ზუსტად ხედავს და სწორ გადაწყვეტილებებსაც დროულად იღებს. ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, ვინც მოდის შესახებ ბლოგის წერა დაიწყო. მალევე გახდა უკრაინული ELLE-ის კოლუმნისტი. ამის შემდეგ იყო თანამშრომლობა ამერიკულ GLAMOUR-თან, BURO 24/7-ის რუსულ და შუააზიურ ვერსიებთან, ასევე ყაზახურ HARPER'S BAZAAR-თან. ინტერნეტ მაღაზიის გახსნის იდეა კი, ადგილობრივ ბაზარზე ამ მხრივ ჯერ კიდევ აუთვისებელმა ნიშამ და თანამედროვე, დაკავებული ქალის ცხოვრების ტემპმა გაუჩინა.

 

„საიტი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, იყო სრულიად ახალი და ყიდდა ძვირადღირებულ პროდუქციას – ამ ყველაფრის გათვალისწინებით თავიდან ძალიან რთული იყო ბრენდებისა და მომხმარებლების ნდობის მოპოვება.“

ნდობა და გაყიდვები ერთიორად გაიზარდა, როდესაც N-duo-concept მსოფლიო მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ონლაინ პორტალის - Farfetch-ის პარტნიორი გახდა, რომელიც მანამდე პოსტსაბჭოთა სივრცეში არავისთან თანამშრომლობდა.

 

„ძალიან ეშინოდათ ამ რეგიონის და კორუფციის საკითხის. საქართველოში ჩამოვიდნენ და ადგილზე დავარწმუნეთ, რომ ძალიან დიდი რეფორმები გატარდა აქ. ჩვენი ბრენდის შესყიდვები და პოლიტიკა საინტერესო აღმოჩნდა Farfetch-ისთვის. მათ სივრცეში არსებული ყველა სხვა რიტეილერი აქცენტს უკვე კარგად ცნობილ ბრენდებზე აკეთებს. ჩვენ კი, თამამები აღმოვჩნდით - ახალი ბრენდებისა და იშვიათი პროდუქციის არ გვეშინია. რეგიონში Farfetch-ამდე მისასვლელი გზა ჩვენ გავჭერით. ჩვენს შემდეგ უკვე სხვა რიტეილერებიც შემოიერთეს მეზობელი ქვეყნებიდან.“

N-duo-concept-ის სამიზნე აუდიტორია 25-45 წლის, სოციალურად აქტიური, ფინანსურად დამოუკიდებელი, ე.წ affordable luxury-ს მომხმარებელი, თვალშისაცემი სტილის ქალები არიან, რომლებიც თავიანთ სოციუმში თავადვე ამკვიდრებენ ახალ ტენდენციებს.

 

 „ჩვენთან შეგხვდება ის იშვიათი ნივთები, რომლებიც აქამდე არც იცოდი, რომ თურმე ძალიან გჭირდებოდა გარდერობში.“

 

ინტერნეტ მაღაზიის შექმნიდან 1 წელიწადში, ტანსაცმლის საკუთარი ხაზი - N-DUO დააარსეს, რომლის სამოსიც „ინფლუენსერებმა“ საკუთარი სურვილით, სიამოვნებით მოირგეს და სოციალურ ქსელებში პოპულარული გახადეს. ცნობილი ბლოგის - Desert Mannequin-ის  დამფუძნებელი - ანუმ ბაშირიც ერთ-ერთი მათგანი იყო.

 

მოგვიანებით ბაშირმა ნატუკას ერთობლივი კაფსულა კოლექციის შექმნა შესთავაზა. კოლექცია პარიზში ბაიერებს, მოდის ჟურნალისტებსა და ამ სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს გააცნეს. მესამე სეზონია მსგავსი ხედვისა და სტილის ნატუკა და ანუმ ბაშირი ხაზის კრეატიულ მიმართულებას ხელმძღვანელობენ.

 

ნატუკა თიბისი-ს კლიენტია. როგორც ამბობს, ყოველწლიურად მზარდი ბრუნვის გამო, მოდასთან დაკავშირებულ ბიზნესში ძლიერი ბანკის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, იმ ქალი მეწარმეებისათვის, ვისაც ნატუკასავით წარმატებული ბიზნესი ჯერ არ აქვთ, თიბისი-მ ბიზნესსესხი შექმნა, რომლის აღების შემთხვევაშიც, ორჯერ ნაკლები უზრუნველყოფის წარმოდგენით ახალი ბიზნესის დაწყება, ან არსებულის გაფართოება შეუძლიათ.

 

ნატუკა რამდენიმე დღის წინ პარიზის მოდის კვირეულიდან დაბრუნდა. გაინტერესებთ რა არის მომავალი სეზონისთვის აქტუალური სამოსი, აქსესუარები, ან, ზოგადად, გამოკვეთილი ტენდენციები და ფერები? პოდიუმებზე მაღალი მოდის მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, ბლოგერსა და ბიზნესლედის წელს ერთი შეხედვით მარტივი, შესასრულებლად კი რთული პასუხი აქვს:

 

„დროა, იყო უბრალოდ ინდივიდუალური და ძალიან თავისუფალი. უკვე ლამაზი ხარ, თუკი არავის ჰგავხარ.“

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

კომენტარები