1 ნოემბერი 16 წუთის საკითხავი
მწვანე სახურავები - ეზოს თანამედროვე ალტერნატივა

„ტერასა ჯგუფი“ სხვა სამშენებლო-დეველოპერული კომპანიებისგან საინტერესო, ინოვაციური კონცეფციით გამოირჩევა: 2017 წლიდან კომპანიის ფარგლებში შეიქმნა ახალი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც „ტერასა ჯგუფის“ მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებზე მწვანე საფარს, ანუ ეგრედწოდებულ „მწვანე სახურავებს“ დაამონტაჟებს.

მწვანე არქიტექტურა ამერიკასა და ევროპაში უკვე კარგად ნაცნობი, აპრობირებული ტენდენციაა, რომელიც დღეს უკვე საკანონმდებლო დონეზეა გაწერილი. რამდენიმე წელია, რაც  ამ ფორმის გამწვანება საქართველოშიც გამოჩნდა, თუმცა, აქამდე ის მხოლოდ კერძო სახლების სახურავებს ამშვენებდა. 2017 წლიდან კი „ტერასა ჯგუფი“ „მწვანე სახურავებს“  უკვე მასშტაბურად - 800 000 2 -დან 200 000 2 -ზე გააშენებს. 



„ჩვენს ყველა პროექტს ჰქონდა ერთი პრობლემა -  ყველა იყო ქალაქის ცეტრში  და მომხმარებელს ვერ ვთავაზობდით ეზოს. რთულია დღეს ისეთი ტერიტორიების პოვნა, სადაც იქნება საშუალება დიდი ეზოს გაკეთების და ჯანსაღი გარემოს შექმნის. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გამწვანებისთვის გამოგვეყენებინა ის ფართი, რაც გვქონდა - სახურავებზე შეგვექმნა სიმწვანე. ეს პროექტი გულისხმობს ექსტენსიურ გამწვანებას - გაზონით და მცირე ზომის ხეებით იქნება დაფარული სახურავი, რაც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ დამატებითი გამწვანების ზონა, დამატებითი ინფრასტრუქტურა და ჯანსაღი გარემო. ყველა მათგანი მარადმწვანეა და უძლებს ამ ტიპის დატვირთვას. პლუს, ჩვენი ტერასები იქნება მოწყობილი იმისთვის, რომ ჰქონდეს ეზოს სახე, ანუ ეს იქნება ეზო სახურავზე,“ - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი, თამარ გაფრინდაშვილი.

პირველი მასშტაბური „მწვანე სახურავი“ ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე  გაშენდება. მონტაჟში უკვე ჩაერთნენ საზღვარგარეთიდან მოწვეული, გამოცდილი კომპანიებიც. პროექტზე უშუალო ვალდებულება აღებული აქვს ქვეკონტრაქტორ კომპანიას,  „ციტადელი ჰოლდინგი“, რომელიც მსგავს პროექტებს უკვე რამდენიმე წელია, მცირე მასშტაბებზე ახორციელებს. თამარ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ პირველი პროექტის განსახორციელებლად, „ციტადელი ჰოლდინგმა“, პერსონალი საგანგებოდ გადაამზადა და რეკომენდაციებისთვის უცხოელი სპეციალისტებიც მოიწვია. პროექტის პირველი ეტაპი უკვე გავლილია და ახლა სახურავზე ფლორისტები იწყებენ მუშაობას.  



გარდა ფლორისტების ჯგუფისა, რომელიც უშუალოდ გამწვანების პროცესზეა პასუხისმგებელი, უკვე დასრულებულ სამშენებლო ობიექტის სახურავის კეთილმოწყობაზე დასაქმებულია 30 სპეციალისტი, რომლებიც გამწვანებისთვის აუცილებელ დანადგარებსა და ინფრასტრუქტურას დაამონტაჟებს. პირველი პროექტისთვის გათვალისწინებული  მცენარეები კომპანიამ ქართულ ბაზარზე შეიძინა.

„ტერასა ჯგუფის“ მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსები საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  პირველ მწვანე სახურავიან კორპუსში გამწვანების ხარჯები ბინების ფასზე არ აისახება, რადგან ეს კორპუსი საჩვენებელი პროექტია იმისთვის, რომ მომხმარებელს წარმოდგენა შეუქმნან გამწვანების მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე. შესაბამისად, პირველი  „მწვანე სახურავისთვის“  საჭირო ხარჯებს კომპანია მთლიანად თავის თავზე იღებს. ამბობენ, რომ ხარჯები საკმაოდ დიდია, თუმცა, თამარ გაფრინდაშვილის აზრით, „ამ საქმეში ჩადებული ინვესტიცია დღესდღეობით ყველაზე სარფიანი ინვესტიციაა, რაც შეიძლება დეველოპერმა გააკეთოს.“