23 ივლისი 17 წუთის საკითხავი
“Look Production” - კრეატიული გადაწყვეტები, კრეატიული შედეგები

ბოლო წლებია, შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე ცხელი წერტილი - ბათუმი, სულ უფრო მეტი ტურისტის საზაფხულო გეგმებსა და რუქაზეა მონიშნული.  

 

ყოველ წელს, სპეციალურად მომზადებული საიმიჯო ვიდეორგოლები სხვადასხვა ეროვნების მაყურებელს ტელეეკრანებიდან აჭარის რეგიონზე უყვება. ერთ-ერთი ასეთი ვიდეორგოლი - „მე ვარ ბათუმი“, შარშან, „Euronews“-ისა და „BBC“-ის ეთერში მთელი ცხელი სეზონის განმავლობაში ტრიალებდა. აჭარის საზღვაო და სამთო ტურიზმი ჯამში 158 ქვეყანაში, მილიონობით ადამიანმა გაიცნო.

 

სტარტაპ სარეკლამო კომპანიამ - „Look Production”-მა 60 წამში ზუსტად ისეთი ბათუმი აჩვენა, როგორიც სინამდვილეშია და რის გამოც ასე ძალიან უყვართ და მოსწონთ ის: უნიკალური, რომანტიულიც, ენერგიული, კონტრასტული, თანამედროვე და ამავდროულად ტოლერანტული.

„მე ვარ ბათუმი“ იმ ასობით ისტორიიდან ერთ-ერთია, რომელიც “Look Production”-ს დღემდე შეუქმნია.

„საუკეთესო ბრენდები ყველაზე ძლიერ და ნამდვილ ამბებზე იგება. ჩვენ კი ბრენდირებულ კონტენტს ვქმნით, რომელიც ამ ისტორიების გამოხატვას სჭირდება.“ - ასეთია სარეკლამო კომპანიის ფილოსოფია.

 

“რატომ „look?“ - ხედვა! როდესაც რამეს ქმნი, ხედვა ყველაზე მთავარია. თქვენს კომპანიას ჯერ არ აქვს სული? - სულ მალე ექნება.“ - ლევან კალანდია, დამფუძნებელი.

 

კომპანია, რომელიც ძირითადად აჭარის ბაზარზე ოპერირებს, 6 ძირითად მომსახურებას და პროდუქტს სთავაზობს დამკვეთს: ვიდეო წარმოება; ციფრული მარკეტინგი; 3D ვიზუალიზაცია, მოდელირება და რენდერი; ვებ-გვერდი; ბრენდის იდენტობა და ბოლოს, VR - ვირტუალური რელაობა.

 

„ვირტუალური რეალობის მიმართულებით ქართულ ბაზარზე ჩვენ პიონერები ვიყავით, მაგრამ მის გამოყენებას აქ ჯერ კიდევ თავს არიდებენ კომპანიები; ბოლომდე არ სჯერათ ამ პროდუქტის აქტუალურობის და წარმატების.“

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და ტრენდია. VR ტექნოლოგიები მომხმარებელთა ჩართულობისა და მათში მძაფრი, რეალური ემოციების გამოწვევის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის მარკეტინგში. ეს არის ფიზიკური სამყაროს „გაუმჯობესებული“ სახით აღქმა სენსორების, სპეციალური სათვალისა და პულტის დახმარებთ და ისეთი დამატებითი კომპონენტების თანხლებით, როგორებიცაა - ტექსტი, ვიდეო, გრაფიკული და სხვა ვიზუალური ელემენტები. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რასაც გაფართოებული რეალობა მარკეტერებს სთავაზობს, მაქსიმალური პერსონალიზაციის შესაძლებლობაა. მომხარებელს საშუალება ეძლევა პროდუქტი ყიდვამდე გამოსცადოს, მისი მოდიფიკაცია მოახდინოს და გადაწყვეტილება მიღებული ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე მიიღოს.

 

„მაგალითად, ავიღოთ ინტერიერი - იკეთებთ სათვალეს და ხვდებით ამ ინტერიერში, სადაც შეგიძლიათ იაროთ, შეცვალოთ კედლების ფაქტურა და ფერები, გადააადგილოთ ავეჯი, გახედოთ ხედს - მოკლედ, თქვენით შექმნათ სასურველი რეალობა. ეს ტექნოლოგია ყველაზე მეტად ტურისტულ ბიზნესში,  უძრავი ქონების ბაზარზე და იმ სფეროებში გამოიყენება, სადაც ემოციები ყველაზე დიდ როლს თამაშობს სამომხარებლო გადაწყვეტილებებში.”

წელს “Look Production” მედია, გასართობი და ტექნოლოგიური სიახლეების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან  შოუ-გამოფენას - „IBC 2018“-ს დაესწრო, სადაც მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო სააგენტოების გამოცდილება და ბაზარზე არსებული სიახლეები გაიზიარა. ახალი ტექნოლოგიებით კომპანია უკვე ქმნის რეალისტურ არქიტექტურულ გრაფიკას, სადაც ილუზია ძალიან ახლოსაა რეალობასთან.

 

„მე და ჩემმა პარტნიორმა სწორედ ამსტერდამში მოსმენილი სიახლეებისა და ტენდენციების საფუძველზე გადავწყვიტეთ, სტარტაპსესხი გაგვეკეთებინა და მძლავრი სარენდერო კომპიუტერი შეგვეძინა. როდესაც არქიტექტურული კომპანია მოდის ჩვენთან, ვირტუალურად შექმნილი სახლი მოაქვს. ჩვენ ვამუშავებთ, ვადებთ ფერებს, მატერიალებს, გარემოს, შემდეგ ვამატებთ ეფექტებს და ბოლო ეტაპია ფოტო ან ვიდეო რენდერი. იმისთვის, რომ ხარისხიანი რენდერი გამოვიდეს, პირველ რიგში ადამიანური რესურსი, შემდეგ კი ტექნიკური რესურსია საჭირო, ანუ კომპიუტერი, რომელიც მალე გამოთვლის სურათს. რაც უფრო მძლავრია კომპიუტერი, მით უფრო მაღალი ხარისხისაა შედეგი. სწორედ ამიტომ შევიძინეთ ახალი, მძლავრი კომპიუტერი, რომელიც ბაზარზე ჩვენი კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად იქცა და რომლის დახმარებითაც ბევრად სწრაფ და ხარისხიან შედეგს ვთავაზობთ ჩვენს დამკვეთებს.“

 

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი 

 

კომენტარები