26 მარტი 11 წუთის საკითხავი
Lingwing - ისწავლე უცხო ენა ონლაინ

რისი გაკეთება შეიძლება თვითიზოლაციის ან კარანტინში ყოფნის დროს? ფილმების ყურება, წიგნები, სამაგიდო თამაშები, მაგრამ იქნებ დროა რომ ახალ ენას დაეუფლოთ: ინგლისურს, იტალიურს, ესპანურს, ფრანგულს, გერმანულს ან თუნდაც რუსულს? თან ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა რაიმე საფუძველი.

Lingwing.com პლატფორმაა, რომელიც 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს და უკვე 170 000 მომხმარებელს ითვლის, მათი რაოდენობა კი წლიურ ჭრილში 250%-ით იზრდება. თავდაპირველად სატესტო რეჟიმში Teach.ge მუშაობდა, წარმატებული საინკუბაციო პერიოდის შემდეგ კი საერთაშორისო პლატფორმა Lingwing შეიქმნა. #დარჩისახლში კამპანიის დაწყების შემდეგ, ცხადია მათი მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა და უცხო ენების დისტანციურად სწავლის მსურველებმაც მოიმატა. ამას კომპანიის დამფუძნებელი, ვატო ველიაშვილიც ადასტურებს და დისტანციურად მუშაობის თავისებურებებზე ჰყვება.

 

„მოთხოვნა გაიზარდა, ბევრად უფრო მეტი ადამიანი შემოდის და პაკეტებსაც ყიდულობს. თანამშრომლებიც online რეჟიმში ვმუშაობთ. უკვე გავუშვით უცხოელებისთვის ქართული ენის შესწავლის კურსი, 50%-იანი ფასდაკლება გავაკეთეთ 3 თვიან კურსზეც. ჩვენ დიდი ხანია დისტანციურად ვმუშაობთ, დაახლოებით 20 ადამიანი აქამდეც ამ რეჟიმზე გვყავდა. ამ სტილს თავისი დადებითი და უარყოფითი თავისებურებები ახასიათებს. ბევრად მარტივი, მშვიდი და კომფორტულია მუშაობა, არ კარგავ დროს ტრანსპორტში და ა.შ, თუმცა როდესაც დიდი შეხვედრის დაგეგმვა გვსურს ან რამდენიმე ადამიანზეა საქმე გადასანაწილებელი, ცოტათი გვიჭირს“ - გვიყვება ვატო.

საბოლოო ჯამში, მათი სურვილი ადამიანის 0-დან მინიმუმ, სალაპარაკო დონემდე მიყვანაა, რაშიც ოთხივე კომპონენტია გამოყენებული: სმენა, წერა, კითხვა და ლაპარაკი. მეთოდოლოგია სრულად ინტერაქციაზეა დაფუძნებული და ტესტებზე პასუხების გაცემა ნებისმიერი ხერხით შესაძლებელია, მათ შორის საუბრითაც. როგორც ვატო გვიყვება, მათ სურთ კერძო რეპეტიტორების ჩანაცვლება, რათა ადამიანმა ციფრულად შეძლოს ენის შესწავლა და თან საერთაშორისო სერტიფიკატის აღება. როგორც ჩანს, Lingwing-ს უკვე ჰყავს ასეთი წარმატებული მაგალითები და მათი მოძებნა 170 000 ადამიანში რთული არაა. ფასიც შესაბამისია - 1 წლიანი პაკეტი 120 ლარი ღირს, 1 თვიანი კი 15.9 ლარი და მასში ექვსივე ენა შედის.

 

უცხოელებისთვის ქართულის შესწავლა ახალი პროექტია, რომელზეც Lingwing დიდ მოლოდინებს ამყარებს. ძირითადი სამიზნე აუდიტორია მეზობელი ქვეყნები და ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა იქნება. რაც შეეხება მომხმარებლებს, როგორც მისი დამფუძნებელი გვიყვება ადამიანები ძირთადად სამსახურისთვის ეუფლებოდნენ ენებს, თუმცა ბოლო პერიოდში სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც ონლაინ სასწავლო კურსში აქტიურად ჩაერთვნენ.

 

კომენტარები