29 აგვისტო 19 წუთის საკითხავი
K2 ბათუმში

ამბავი, რომელზეც დღეს უნდა მოვყვე, სხვა მსგავსი ამბებისგან ოდნავ
განსხვავებულია: თუკი ჩვეულებრივ, ადამიანებს ჯერ ბიზნესიდეა უჩნდებათ,
შემდეგ კონცეფციას წერენ, ამ იდეის ირგვლივ პარტნიორების შემოკრებას და
ნაფიქრალიის საქმედ რეალიზებას იწყებენ, K2-ის შემთხვევაში ეს
თანმიმდევრობა დაირღვა. თავპირველად გაჩნდა ფორმა. ფორმამ კი განაპირობა
შინაარსი და კონცეფცია, რომელსაც დამფუძნებლები უბრალოდ მიყვნენ და
განავრცეს, დახვეწეს, ბათუმურ ზაფხულს მოარგეს და ამ პროცესში თანდათან
მიხვდნენ, რომ კაფე K2 შეხვედრებისთვის, ურთიერთობებისთვის, საინტერესო
ადამიანების თავშეყრისა და გაცნობის საუკეთესო ადგილად უნდა ექციათ.
„ეს იყო ბათუმური ეზო, ძველი ბარაკებით და ტერასიანი სახლებით, რომელშიც
კონკრეტული კომპანია მაღალსართულიანი შენობის დადგმას გეგმავდა,
შესაბამისად, მოსახლეობა ეზოდან უკვე გაყვანილი იყო. შემდეგ ეს მშენებლობის
პროცესი შეჩერდა, რადგან მუნიციპალიტეტმა კომპანიას არ მისცა
სართულებიანი ნაგებობის აშენების ნებართვა, რასაც ოფიციალურად K2
კოეფიციენტი ჰქვია. სწორედ ამ დოკუმენტის სახელწოდება გამოვიყენეთ ჩვენი
სივრცისთვის, რომელიც ამავე ეზოში გაჩნდა ამ ნაგებობის ნაცვლად.“ - ამბობს
K2-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ხუჯაძე.


ღია, თავისუფალმა, დემოკრატიულმა სივრცემ, რომლის დიზაინიც თავად
ბათუმური ეზოს სტილმა განაპირობა, გახსნის დღიდან მიიზიდა
ადგილობრივები თუ ბათუმში სეზონზე ჩასული ქართველი და უცხოელი
სტუმრები. თავიდან კაფე დამფუძნებლებმა, ლევან ხუჯაძემ, პაატა ძიძიგურმა
და ვლადიმერ თოდაძემ მუსიკალურ ფესტივალებისა თუ სხვანასხვა
ივენთებისთვის მოაწყვეს, შესაბამისად, K2 მალე გადაიქცა ახალგაზრდების
საყვერელ ადგილად. მსგავსი სივრცის გახსნა რომ ბათუმში დროული და
აუცილებელი იყო, დასაწყისშივე დადასტურდა - ახალგაზრდები თავად
ჩაერთვნენ K2-ს ინტერიერის მოწყობაში.


„სივრცე იმდენად ზუსტად გვკარნახობდა ყველა დეტალს, რომ ჩვენი ძალებითა
და მეგობრების დახმარებით კაფე ძალიან მალე მოვაწყვეთ. მინიმალური ჩარევა
დაგვჭირდა, არაფერი გაგვირემონტებია ან გაგვირესტავრირებია. ფერებიც კი
მინიმალურად და ძველი სტილის მიხედვით შევარჩიეთ. მთავარი ამ
კონცეფციაში სიძველე, ადეკვატური ინტერიერი და სახლის მშობლიური გარემოს
შექმნაა. ეს და ღიაობა მთავარი მომენტებია, რითაც ეს სივრცე ადამიანებს
იზიდავს. ავეჯი, მაგიდებით დაწყებული, სავარძლებით დამთავრებული,
მეგობრებს, ნაცნობებსა თუ K2-ის სტუმრებს თავად მოჰქონდათ. დასაწყისშივე

 

მივხვდით, რომ ასეთი სივრცე ჰაერივით აუცილებელი იყო ბათუმში, სწორედ იმ
დროს და იმ ადგილას. გახსნის დღიდან K2 არის ადამიანურ ურთიერთობებზე
ორიენტირებული ღია სივრცე, სადაც შეგიძლია კარგად გაერთო, გარემოთი
ისიამოვნო და ახალი, საინტერესო ურთიერთბები წამოიწყო.“ - ამბობს ლევან
ხუჯაძე.


შეიძლება ითქვას, რომ K2-ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ბარია. ანა
ბერიძე, რომელმაც კონცეფციაზე ბიჭებთან ერთად იმუშავა, ამ ბარის მენეჯერი
და კონცეფციის მთავარი ავტორია. ანამ სივრცის სპეციფიკა ზუსტად გაიაზრა და
ისეთი მენიუ შეადგინა, რომელიც საბოლოოდ K2-ის ორგანული ნაწილად იქცა.
ანას რამდენიმე საავტორი სასმელი დღეს ლამის ყველა სტუმრის საყვარელი
აპერატივია.


„ჭაჭა -არაკუია-შოტი“ ერთ-ერთი ასეთი სასმელია. უნდა ითქვას, რომ ჭაჭაზე
ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტიდან ჭაჭა-მარაკუიას კომბინაციამ ყველაზე
მეტად გაამართლა - ქართული ტრადიციულის უცხოურ, ეგზოტიკურ გემოსთან
შერწყმა ძალიან წარმატებული მცდელობა აღმოჩნდა. არანაკლებ მოთხოვნადია
ჩვენი მოჰიტოები - კენკრის, პიტნის და ატმის არომატებიდან სტუმრებს
ყველაზე მეტად ატმის გემო მოსწონთ. განსაკუთრებულად უყვართ, ასევე,
რეზონიაკის კოქტეილები - მანდარინის, ფორთოხლის, ლურჯი მოცვის
არომატებით.“


ქართული კერძების ინგრედიენტების ორიგინალური, ახლებური შერწყმით
გამოირჩევა K2-ის სამზარეულოც, რომლის მენიუც ახალგაზრდა თვითნასწავლმა
მზარეულმა, ლუკა ხინკილაძემ შეადგინა. საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებების
მიღება მოუხდა K2-ის გუნდს ამ მიმართულებითაც. თუმცა, დღეს ყველა მათგანი
ერთხმად აღიარებს, რომ რისკმა გაამართლა. ყველასთვის საყვარელი ხინკლის
გემოს სოკოსთან კომბინაცია მოსალოდნელზე ბევრად უფრო წარმატებული
აღმოჩნდა. დღეს ლუკას საავტორო „ხინკლუკები“ ერთ-ერთი ყველაზე
მოთხოვნადი კერძია. თავიდან გაოცებას იწვევდა, ასევე, ლუკას შექმნილი კერძი
„ბურგერული“, რომლის შემთხვევაშიც ავტორმა ტრადიციული ბურგერგი
ფენოვან ცომში, ბაჟეს სოუსთან ერთად მოათავსა. ნაცნობი ქართული გემოების
თანამედროვე კომბინაციებმა K2-ში ქართველ სტუმრებთან ერთად უცხოელი
ტურისტებიც მოიზიდა.


დღეს უკვე ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი კაფე ყოველდღიურად უამრავ,
განსხვავებული ეროვნების, ასაკისა და გემოვნების, ადამიანს მასპინძლობს.
გაზაფხულის მზიანი დღეების დადგომისთანავე სექტემბრის ბოლომდე K2
ბათუმში ის ადგილია, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ და თავად დარწმუნდებით, რომ სურვილისა და შემოქმედებითი მიდგომის შემთხვევაში,
ნებისმიერი ფორმის შევსება შეიძლება ადეკვატური და, ამავდროულად,
უნიკალური, ადამიანებისთვის საჭირო, სასიამოვნო შინაარსით.

კომენტარები