25 ნოემბერი 32 წუთის საკითხავი
Isthmus Group - ამერიკული გამოცდილებით საქართველოში

ამერიკელმა სარა ქოულსმა და ჯესი ვოგლერმა 2012 წელს საქართველოში კომპანია Isthmus Group-ი დაარსეს, რომელიც კულტურული ლანდშაფტის არქიტექტურასა და დაგეგმვაზე მუშაობს. რამდენიმე დღის წინ Isthmus Group-ის დამფუძნებლებმა სტუდიის პრეზენტაცია გამართეს და მოწვეულ სტუმრებს  კომპანიის საქმიანობა გააცნეს.

 

რა სახის პროექტებს ახორციელებს თქვენი კომპანია საქართველოში?

 

როგორც ლანდშაფტის არქიტექტორები და დამგეგმავები, ჩვენი პროექტები მოიცავს სტუმართმოყვარეობის ობიექტებს და სასტუმროს პეიზაჟებს, კურორტებს, ვენახებს, ბუნებრივ ტერიტორიებს, მუნიციპალურ პარკებს და კერძო საცხოვრებელ კომლექსებს. ლანდშაფტის არქიტექტურა სინთეზური დისციპლინაა - მასში შერწყმულია მსოფლიოს არქიტექტურა, ისტორია, ეკოლოგია, ინჟინერია და სოციალური საკითხები, ასევე ფუნქციური და ლამაზი ურთიერთობები.

 

ამჟამად, ჩვენი ყურადღება მიმართულია საქართველოს ისტორიული,  გამაჯანსაღებელი კურორტების მდგრადი და მაღალი ხარისხის აღდგენაზე, რომელიც მოიცავს ფიზიკურ გაუმჯობესებას და მოდერნიზაციას და ამ მნიშვნელოვანი ლანდშაფტების ეკოლოგიური ასპექტების ხელახალ გააქტიურებას. ჩვენი პრაქტიკის კიდევ ერთი ასპექტია სამთო ან სხვა სამრეწველო საქმიანობის შედეგად განადგურებული პეიზაჟების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი და ეკოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ამ დაზიანებული ლანდშაფტების გალამაზება. ჩვენ ვმუშაობთ ფართო მასშტაბებით, დაწყებული ასობით ჰექტარიდან და მრავალ კილომეტრიანი ინფრასტრუქტურული დერეფნებით, დამთავრებული მცირე საზოგადოებრივი მოედნებით.

 

ვინ არის Isthmus Group-ის გუნდი?

ჩვენს გუნდს ვხელმძღვანელობთ მე, სარა ქოულსი და ჯესი ვოგლერი, რომლებსაც 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება გვაქვს ლანდშაფტის არქიტექტურასა და დაგეგმვაში. 2012 წლიდან საქართველოში ვმუშაობთ კულტურული ლანდშაფტის რეაბილიტაციისა და კვლევების მიმართულებით.  ორივე ჩვენგანი ფულბრაიტის სტიპენდიანტები ვიყავით აქ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამჟამად, ორი ნიჭიერი ქართველი დიზაინერი გვყავს - მაკო კაპანაძე და დავით მამალაძე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი ბიზნესი და საქართველოში მრავალ ნიჭიერ დიზაინერს შევთავაზოთ საინტერესო, შემოქმედებითი კარიერული განვითარების შესაძლებლობები.

 

რა გიბიძგათ საქართველოში ლანდშაფტური არქიტექტურის ბიზნესის წამოწყებისკენ? 

 

ჩვენ ვნახეთ რეგიონში უამრავი შესაძლებლობა ჭკვიანური და მდგრადი განვითარებისათვის. იმდენი ლამაზი და მნიშვნელოვანი ლანდშაფტია, რომელიც კარგად უნდა იყოს დაცული და ამავე დროს, უსაფრთხოდ და ლამაზად განვითარებული. საქართველოს მრავალი კლიმატური ზონა მას ძალიან ამაღელვებელ და რთულ სამუშაო ადგილად აქცევს: აჭარაში ნიადაგი, კლიმატი და ხეები სრულიად განსხვავებულია კახეთისა და ხევსურეთისგან, და ეს აისახება თითოეული რეგიონის არქიტექტურაშიც. ქართველებს აქვთ ძლიერი კავშირი მიწასთან, სოფლის მეურნეობის კუთხით, პირად და ოჯახურ ისტორიებში, ზოგადად კულტურაში, პოეზიაში, მუსიკასა და განსაკუთრებით, სახვითი ხელოვნების სფეროში. და, რა თქმა უნდა, ადგილის ისტორია - ყველგან, სადაც პეიზაჟს უყურებთ, თვალში გხვდებათ ისტორიის კვალი: კოშკები, ციხესიმაგრეები და ძველებური დასახლებები.

 

საქართველოს წყალი ჩვენთვის საინტერესოა - დავით მამალაძე, ჩვენი ერთ-ერთი დიზაინერი, ამბობს, რომ სწორედ ეს ხდის საქართველოს საკვებს გემრიელს. საქართველოს აქვს ყველაზე სუფთა წყალი მსოფლიოში, ულამაზეს მდინარეებსა და კანიონებში, მინერალური, სამკურნალო და თერმული წყლები. ქვეყანა იყოფა ორ ძალიან განსხვავებულ წყლის აუზად: მტკვარი და რიონი უზარმაზარი ენერგო პოტენციალით. თუმცა, ხალხის დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს საქართველოს მდინარეების მიმართ და უნდა შეფასდეს როგორც სიცოცხლის წყარო და არა ნაგავსაყრელის ადგილი.

ჩვენი ერთ–ერთი მიზანია ამ სექტორში ტრენინგების ჩატარება, საქართველოში ლანდშაფტური არქიტექტურის ლიდერების შემდეგი თაობის განვითარება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ვნახეთ მრავალი ნიჭიერი დიზაინერი საქართველოში, ვინც სამუშაოს ეძებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გვინდა დავეხმაროთ მათ, იპოვონ გზა, რომ ეს ნიჭი აქ სამუშაოდ გამოიყენონ. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდით, შეერთებულ შტატებში ლანდშაფტური არქიტექტურის პროფესორებად ვმუშაობდით. ჯესი არის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის არქიტექტურის პროგრამის დირექტორი. ჩვენი სურვილი იყო, გამოგვეყენებინა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება რეგიონის სენსიტიური განვითარების პროცესში.

 

ჩვენ ასევე მოხიბლული ვართ კავკასიური ენდემური სახეობებით და მხარს ვუჭერთ ამ ულამაზესი ხეების და ბუჩქების გამოყენებას იმპორტირებული სახეობების ნაცვლად, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება, მაგრამ ხშირად უხარისხოა და დარგვის შემდეგ იღუპება. დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის წამოწყების ღირებულება დაბალია, ვიდრე აშშ-ში, ჩვენ ასევე უნდა შევქმნათ ჩვენი სერვისების ბაზარი, ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს კლიენტებს და პოტენციურ კლიენტებს ჩვენი ღირებულებისა და ექსპერტიზის შესახებ.

 

შეგიძლიათ გამოყოთ პროექტი, რომლითაც ამაყობთ?

 

ჩვენი მიმდინარე პროექტია სტუმართმოყვარეობისა და ხელოვნების კამპუსი კახეთში, გურჯაანის რეგიონში. ახალი კამპუსი აერთიანებს ოფიციალურ, ეკოლოგიურ და სასოფლო-სამეურნეო ელემენტებს მდიდარ კულტურულ ლანდშაფტურ გარემოში, რომელშიც შედის 75 ოთახიანი ბუტიკ - სასტუმრო, ფერმერული რესტორანი, სასოფლო-სამეურნეო ცენტრი, მხატვრების რეზიდენცია, გალერეა და ბიბლიოთეკა.

 

ჩვენ შევადგინეთ კამპუსის გრძელვადიანი გეგმა, რომლისთვისაც პრიორიტეტულია  ისტორიული კახური ლანდშაფტური ხასიათი, როგორც ტერიტორიის განახლებისა და ხელახლა განვითარების საფუძველი. გეგმა აერთიანებს ადგილის მდიდარ ისტორიას,  თემების და ეკოლოგიის განვითარებას მცენარეთა საფარის და ტყეების გაშენების, ისტორიული სამკვიდრო ბაღების აღდგენის, ახალი ინფრასტრუქტურული სისტემების შექმნის და ყოფილი განაშენიანებული ადგილების პარკად გადაკეთების გზით.

რას შეცვლიდით თბილისის ლანდშაფტში?

 

მობილურობა და ძნელად აღსაქმელი განვითარება ორი ყველაზე დიდი პრობლემაა. ლანდშაფტის არქიტექტორების როლი ჯანსაღი ქალაქების დაგეგმვასა და შედგენაში მდგომარეობს; ისინი პასუხს აგებენ "სამშენებლო ტერიტორიას" და ქალაქის ინფრასტრუქტურას შორის მდებარე მიწის ნაკვეთებზე, როგორიცაა ქუჩები და სატრანზიტო დერეფნები; ისინი ქმნიან პარკებსა და ურბანულ ტყეს. ეს ტერიტორია უგულებელყოფილია თბილისში. ქუჩაში ხეები არასწორად არის დარგული და ბევრი ხე ზიანდება უყურადღებო მშენებლობის დროს.

 

ქალაქს სჭირდება ინვესტიციების ჩადება საზოგადოებრივ ტრანსპორტში,  ავტოფარეხებში, ტრანზიტზე ორიენტირებულ განვითარებაზე და ახალი მშენებლობის, მათ შორის, მასალების და შენობების განლაგების უფრო ეფექტური დიზაინის შემუშავებაში. ფეხით მოსიარულეები აქ საფრთხეში არიან; საზოგადოებრივი სივრცე ყოველთვის არ არის შენარჩუნებული, არსებობს ბევრი საფრთხე და ავტომანქანები არ ფრთხილობენ ქვეითებთან მიმართებით.

 

აქ წყალდიდობაც რეალური საფრთხეა. რადგან უფრო მეტი ტერიტორია ვითარდება გარეუბნებში და ბუნებრივ დრენაჟებში, ეს მომავალში გავლენას მოახდენს ქალაქზე. არსებობს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური გამოწვევები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა, მაგალითად, ჰაერის ხარისხი, რომელიც გაუმჯობესდება ურბანული სატყეო მეურნეობის ეფექტური მართვის გზით. დაბოლოს, საზოგადოებას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სჭირდება ინვესტიციები სათამაშო მოედნებსა და პარკებში, ასევე მწვანე საფარში, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე რაიონებში.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

გვსურს გავაფართოვოთ ჩვენი ბიზნესი, დავასაქმოთ მეტი ადამიანი და დადებითი გავლენა მოვახდინოთ საქართველოს მდგრად ზრდაზე. ჩვენი ერთ–ერთი ოცნების პროექტია საქართველოში ენდემური სახეობების მცენარეების გამრავლება და სანერგე მეურნეობების განვითარება მცირე და საშუალო მასშტაბის აგრობიზნესისათვის. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი გამოცდილება, რომლის გაზიარებაც გვსურს, მაგრამ ასევე გვინდა ჩვენი პარტნიორობის ჩამოყალიბება  რეგიონის სხვა ექსპერტებთან, მემკვიდრეობის დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური კეთილდღეობისა და ეკოლოგიის საკითხებში.  ვიმედოვნებთ, რომ ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან დეველოპერებთან, სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მუნიციპალიტეტებთან, რათა გაუმჯობესდეს  საქართველოს საზოგადოებრივი სივრცეები და ბუნებრივი ტერიტორიები.

კომენტარები