20 დეკემბერი 12 წუთის საკითხავი
IVY Design

პროფესიად ქცეული ჰობი - ასეთია „აივი დიზაინის“ (IVY Design) ისტორია, რომელიც ორმა მეგობარმა მაშკა დავლიანიძემ და ნინო ქართველიშვილმა შექმნეს. სტარტაპის დაწყების იდეა მეგობრებს საკუთარი პატარა ზარდახშის გალამაზებით გაუჩნდათ და ასე შეიქმნა 2015 წელს სახელოსნო „აივი დიზაინი“, რომელიც უკვე ორი წელია საკმაოდ წარმატებულად ვითარდება.

 

„აივი დიზაინი“, რომლის პროდუქციასაც მხოლოდ ორი ადამიანი ქმნის, მომხმარებელს ვინტაჟურ და თანამედროვე დახვეწილ ავეჯს, სახლის აქსესუარებსა და ტყავის სამაჯურებს სთავაზობს.

სახელოსნო მცხეთის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც მზა ავეჯისა და სახლის აქსესუარების პატარა შოურუმიც არის მოწყობილი. სტარტაპის შესახებ უფრო დეტალურად მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი მაშკა დავლიანიძე საუბრობს.

 

„სტარტაპის იდეა შემთხვევით პატარა ზარდახშის გალამაზების მცდელობისას გაჩნდა. სახელიც მაშინვე დაიბადა. აივი არის მცენარე, ულამაზესი ხვეული ფოთლებით, რომელიც მოდერნის სტილის სიმბოლო იყო. ეს სტილი განსაკუთრებით გვიტაცებდა ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი სახელოსნოსთვის სწორედ ეს სახელი დაგვერქმია. „აივი დიზაინი“ უკვე ორი წელია არსებობს და შეიძლება ითქვას, მომხმარებლების მხრიდან დიდი მოწონებას და ინტერესს იმსახურებს,“- ამბობს მაშკა.

Ivy Design-ის პროდუქციის შესაქმნელად მეგობრები, ძირითადად, ხეზე მუშაობენ. ავეჯისა და აქსესუარებს საკუთარი დიზაინით დამზადებასთან ერთად, მომხმარებლები ხშირად საკუთარი ავეჯის გადაკეთების თხოვნითაც მიმართავენ. ავეჯის რესტავრაციას Ivy Design საკუთარი სტილისა და ხედვის მიხედვით ახორციელებს.

 

„ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ განვავითარეთ სტილი „დეკუპაჟი“, რაც ნივთების გალამაზების ძალიან ძველი ტექნიკაა, დავეუფლეთ ახალ ტექნიკას „ჰენდპრინტინგს“, რომელიც უსასრულო შესაძლებლობებს გვაძლევს, რომ ხეზე ნებისმიერი ნახატი გადავიტანოთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ავეჯის დაძველება ახალი მეთოდით ხდება. ვმუშაობთ ძირითადად ხეზე. რაც შეეხება ვადებს, ერთი ნივთის მოსამზადებლად დაახლოებით 20-25 დღეა საჭირო. აქსესუარები უფრო მალე მზადდება, თუმცა 10 დღე მაინც გვჭირდება.

ზოგადად, ხეზე მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია სიძველის ეფექტის ხელოვნურად შესაქმნელად ბევრი სხვადასხვა მასალაა საჭირო, საღებავს კი თავის შრობის ვადები აქვს,“- ამბობს მაშკა.

სტარტაპერის თქმით, ცოტა ხნის იმავე ტექნოლოგიით ტყავის დამუშავებაც დაიწყეს. ამ მიმართულებით Ivy Design საქართველოში პირველია. ფასები აქ ყველასათვის ხელმისაწვდომია. აქსესუარების შეძენა 30-40-50 ლარის ფარგლებში, ხოლო ავეჯის შეძენა 350-1800 (დიდ კარადებზე) ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

„ამ ორ წელიწადში ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ და ახლა უკვე შეგვიძლია გაფართოებაზეც ვიფიქროთ. ამისათვის კი მეტი მხარდაჭერა გვჭირდება სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩავერთეთ თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერში“. გვინდა, ჩვენ შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და Ivy Design უფრო წარმატებული გახდეს.

 

 

წყარო: BPN.ge

ფოტო: ედვენი

კომენტარები