26 სექტემბერი 21 წუთის საკითხავი
„IB მთიები“ - კომფორტის ზონა მოსწავლეთათვის

ყველას, ვისაც 90-იან წლებში სწავლა მოუწია, გვახსოვს მაშინდელი, ნგრევადაწყებული საგანმანათლებლო სისტემა, ჩაშლილი სასწავლო პროცესი, გაყინული საკლასო ოთახები, დაღლილი მასწავლებლები, დამძიმებული თანაკლასელები, ნავთქურა და უღიმღამო, შავ-თეთრი, სევდით სავსე  დღეები. ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო, სკოლამ თავისი ფუნქცია თანდათან დაკარგა და სკოლაში სიარული, უმრავლესობისთვის, ინერციად, ან გაყინულ სახლებში ჯდომის ალტერნატივად იქცა.  



სწორედ ამ დროს, 1995 წელს, პროფესიით ფილოლოგმა, მოქმედმა პედაგოგმა, ნინო ჩიკვაიძემ, საჯარო სკოლიდან წასვლა და ალტერნატიული სკოლის შექმნა გადაწყვიტა, სივრცის, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებოდათ, ესწავლათ, და ამავდროულად, თავი კომფორტულად ეგრძნოთ. ასე დაიწყო არსებობა საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა კერძო სკოლამ - „IB მთიები“.

„ძალიან არ მომწონდა მაშინდელი საგანმანათლებლო სისტემა და ის, რაც ბავშვებთან კეთდებოდა, თან, ხომ გვახსოვს ეს რა დროა - 95 წელი, ნავთქურა, გაჭირვება... მიმაჩნდა, რომ თუკი ადამიანი სკოლაში მუშაობს, მას ბავშვისთვის სარგებელი უნდა მოჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლაში მუშაობა არ შეიძლება. არ მომწონდა სკოლებში შექმნილი ვითარება, ამიტომ თავი დავანებე ყველაფერს, დავჯექი და დავიწყე სკოლის მოდელის შექმნა, სადაც ბავშვი მიიღებდა განათლებას, იქნებოდა ბედნიერი და სკოლაში შეიქმნებოდა გარკვეული კომფორტის ზონა მოსწავლეებისთვის“, - ამბობს „IB მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს მათ სკოლაში სწორედ ასეთი გარემოა - სწავლასა და დასწავლაზე ორიენტირებული, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, გაკვეთილების შემდეგ, საღამოს 6 საათამდე სკოლაში არსებულ დღის პანსიონში დარჩნენ, არმზრდელ-პედაგოგებთან ერთად მოამზადონ გაკვეთილები და სხვადასხვა აქტივობებით დაკავდნენ.



პირველი, 1995 სასწავლო წელი 5 სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელით და 7 თანამშრომლით დაიწყო. პირველ ეტაპზე, ყოველწლიურად, მხოლოდ 5 წლის ასაკის ბავშვებს იღებდნენ, რომლებიც „მთიებშივე“ შედიოდნენ პირველ კლასში. ამგვარად,  12 წლის შემდეგ, სკოლამ სრული კურსი შეავსო, დღეს კი, თავისი არსებობის 23 წლის თავზე, „IB მთიებს“ უკვე 200 თანამშრომელი და 1200 მოსწავლე ჰყავს.

ოთხსაფეხურიანი, გამართული სისტემა - ელემენტარული, დაწყებითი, საბაზო და საშუალო სკოლები - ორ დამოუკიდებელ სასწავლო კამპუსშია გადანაწილებული. სკოლაში, სტანდარტით გათვალისწინებული სრული საშუალო საგანმანათლებლო კურსის გარდა, ფუნქციონირებს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, იაპონური, ესპანური), მათემატიკის, ხელოვნების, ხალხური სიმღერისა და ცეკვის და საბალეტო სკოლები.




მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის, მოტივირებული მასწავლებლების, უცხოურ და ადგილობრივ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გარდა, მთავარი, რაც „IB მთიებს“ სხვა სკოლებისგან განასხვავებს, აღმზრდელ-პედაგოგის ინსტიტუტია, რომლის განვითარებასაც სკოლა რამდენიმე წელია, ცდილობს. ამ მიმართულებით „IB მთიები“ აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის ახალგაზრდობისა და სოციალურ მუშაკთა შრომით საერთაშორისო კავშირთან (IB Berlin), რომლის წარმომადგენლებიც ყოველწლიურად, რამდენჯერმე ჩამოდიან თბილისში და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, „IB მთიების“ აღმზრდელ-პედაგოგებს ატრენინგებენ.