19 აპრილი 12 წუთის საკითხავი
Helios Energy - ალტერნატიული ენერგიისთვის

გიფიქრიათ, რა შეიძლება მოხდეს, თუ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ბუნებრივ და ეკოლოგიურ რესურსებს? როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ მზის ან ქარის ენერგია?

 

ამ ბლოგში მინდა Helios Energy გაგაცნოთ. უბრალო ინტერესი და ჰობი, რომელიც წარმატებულ სტარტაპად იქცა.

 

რამდენიმე წლის წინ, გერმანიაში ცხოვრებისას, პროფესიით იურისტი თორნიკე დარჯანია ალტერნატიული ენერგიის წყაროთი, მზის ელექტროსადგურით დაინტერესდა და მისი გამოყენების შესწავლა დაიწყო. ინტერესი ჰობად იქცა და საქართველოში დაბრუნებულმა, პირველი ექსპერიმენტი წარმატებით ჩაატარა საკუთარი სახლის სახურავზე.

საქართველოში  მზის ელექტროსადგურები იშვიათია. არადა, მისი განვითარებისთვის საჭირო პირობები ნამდვილად არის - ჩვენთან ხომ წელიწადში 200-ზე მეტი დღე მზიანია.

 

მზის ელექტროსადგურების პოპულარიზაციისთვის თორნიკემ ვიდეოების ჩაწერა დაიწყო და უამრავ შეკითხვაზე გაგვცა პასუხი საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს. ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ სრული წარმოდგენა შეგექმნებათ რა არის მზის მიკროელექტროსადგური, რა კომპონენტებისგან შედგება, როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ რა მოცულობის ელექტროსადგური სჭირდება ჩვენს სახლს და ასევე, რა დაგვიჯდება ამა თუ იმ მოცულობის ელექტროსადგურის შეძენა და მონტაჟი.

დიახ, ალტერნატიული ენერგიის წყარო ნამდვილად არის ალტერნატიული - მისი გამომუშავება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. მწვანე ენერგია გვეხმარება არამარტო დავზოგოთ და შევქმნათ ენერგიის დამატებითი რესურსი, არამედ ვიზრუნოთ ეკოსისტემასა და გარემოზე.

 

ერთ წელზე მეტია, რაც Helios Energy საქმიანობას შეუდგა და უკვე ათამდე პროექტის შესრულებაც მოასწრო. მისი მომხმარებლები ერთ-ერთი პირველები არიან, ვინც ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩაერთნენ და საკუთარ გამომუშავებულ ენერგიას ელექტროსისტემას აწვდიან.

 

Helios Energy-ის გუნდი ჯერჯერობით 5 ადამიანისგან შედგება. კომპანიის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას თორნიკეს პარტნიორი, გიორგი ბარბაქაძე ახორციელებს. გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით კომპანიის ერთ-ერთი სპეციალისტი გერმანიაში გადამზადებას გაივლის და რამდენიმე თვეში საქართველოს მაღალი კომპეტენციებით და გამოცდილებით დაუბრუნდება.

გერმანელი პარტნიორები Helios Energy-ის უზიარებენ ევროპული ხარისხის ცოდნას და გამოცდილებას და მეტიც, ისინი დაინტერესებული არიან ქართულ ბაზარზე უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი და დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში დაეხმარონ მის ქართველ კოლეგებს.

 

უნდა გამოგიტყდეთ, ინტერვიუს დროს სულ ბნელი 90-იანი წლები მახსენდებოდა. იმ დროისთვის ფოტოვოლტაიკების ტექნოლოგია რომ განვითარებული ყოფილიყო,  მეცხრე ბლოკს ხომ მარტივად ჩავანაცვლებდით მზის ენერგიით. ახლა, როცა ასეთი გამოწვევა არ გვიდგას, Helios Energy-ის მეშვეობით უფრო გლობალურად შეგვიძლია ვიფიქროთ და ალტერნარიული ენერგიის წყაროს მეშვეობით, მეორე სუნთქვის საშუალება მივცეთ ეკოსისტემას.

 


ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

კომენტარები