25 ივლისი 11 წუთის საკითხავი
ადგილი სამოთხეში, დედამიწაზე

თუ რაჭის სილამაზე ჯერ არ გინახავთ, შეგიძლიათ მოგზაურობა “Glamping Georgia”-დან დაიწყოთ. ამბროლაურში, სოფელ კრიხში, მანქანებისგან მიუდგომელ ადგილას, ორი ულამაზესი კარავი გელოდებათ. კარვები ტყეში, ხეების გარემოცვაში, ქალაქის ხმაურისგან გადაღლილებს და განმარტოების მოყვარულებს, წყნარ და მშვიდ დასვენებას გთავაზობთ.

 

იდეა გიორგი ისაკაძეს ორი წლის წინ გაუჩნდა, უნდოდა ისეთი კონცეფცია შეეთავაზებინა ხალხისთვის,  რომ ტურისტები ტურისტულად საკმაოდ არააქტიურ მხარეში მოეზიდა. ასე გაჩნდა ახალი და ძალიან განსხვავებული კოტეჯები „გლამურული კემპინგისთვი“ იგივე glamping-ი საქართველოში.

„ალბათ ყველაზე რთული ეტაპი მაშინ დადგა, როდესაც ყველანაირი აღჭურვილობა უცხოეთიდან ჩამოვიტანე და აღმოჩნდა, რომ ამ პროექტს, მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ხელს არავინ ჰკიდებდა,“ - ამბობს “Glamping Georgia”-ს იდეის ავტორი და დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე, რომელსაც საბოლოოდ, ყველაფრის გაკეთება თავად მოუწია.

 

“Glamping Georgia”-ს ერთნაირად აქტიურად სტუმრობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები.  ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მოგზაურს საერთოდ არ ჰქონია დაგეგმილი რაჭის მონახულება, მაგრამ ამ კოტეჯების აღმოჩენის შემდეგ გეგმები შეუცვლია.

დასაჯავშნად ძირითადან booking.com-ს იყენებენ, ასევე Facebook-ს და საკუთარ ვებგვერდს www.glampingeorgia.com. ჯავშნისას ყველაზე დაბალი ფასი სწორედ ამ ვებგვედზეა. მომხმარებელთა შეფასებები ძალიან კარგია, მაგალითად booking.com-ზე რეიტინგი 9.7-ია, ყველაზე მეტად მოსწონთ სიწყნარე, ულამაზესი ხედები, ბილიკი ტყეში, მინიკინოთეტრი კარავში, სადაც Netflix-ც კი ჩართულია. ერთ-ერთმა სტუმარმა აქაურობას „ადგილი სამოთხეში, დედამიწაზე“ უწოდა.

 

„ძალიან გვახარებს ჩვენი სტუმრების ასეთი შეფასებები, მეტ სტიმულს და მოტივაციას გვაძლევს. ვცდილობთ მოვუსმინოთ მათ და გავიგოთ, რა მოეწონათ და რა არა, რა სურთ, რომ მომავალში გავითვალიწინოთ,“ - ამბობს გიორგი ისაკაძე.

 

ყველაზე დატვირთული სეზონი ზაფხული და შემოდგომის პირველი ნახევარია, თუმცა გიორგი ამბობს, რომ ზამთარი აქ ულამაზესია, კარვები კი, მთელი წელი ღიაა.

როდესაც დარწმუნდა, რომ წამოწყებამ გაამართლა, გიორგიმ ბიზნესის გაფართოებისთვის საჭირო ფინანსებზე დაიწყო ფიქრი. ინტერნეტში სტარტაპერი იპოვა და აპლიკაცია შეავსო. „რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ, გამესაუბრნენ და ჩვენი თანამშრომლობაც შედგა. რომ არა ეს უნიკალური პროგრამა, ძალიან გამიჭირდებოდა დაფინანსების მოძიება.“

 

ამ ეტაპზე რაჭაში კიდევ 4 კარავს ამატებს, შემდეგ იგეგმება ახალი ლოკაციის დამატება საქართველოს სხვა რეგიონში, რომლის ადგილმდებარეობას სურპრიზად ტოვებს. ასევე, უახლოეს მომავალში გეგმავს ნამდვილი რაჭული სამზარეულოს მოწყობას.

 

 

 

ავტორი: სოფო კვინტრაძე

 


 

კომენტარები