15 ივლისი 14 წუთის საკითხავი
G.F.S - ქაღალდი სამედიცინო დაწესებულებებისთვის

1 წელიც არაა, რაც სტარტაპ-ბაზარს შპს G.F.S შეუერთდა - კომპანია, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს ქაღალდის ადგილობრივი პროდუქციით ამარაგებს.

 

„მანამდე ამ საქმეში უცხოელებს ვეხმარებოდი. ბოლომდე ვერ მიიყვანეს პროცესი, ამიტომ, გადავწყვიტე მე ჩავდგომოდი სათავეში და გამეგრძელებინა. სასიამოვნოა, რომ ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში ვამუშავებთ და ვქმნით პროდუქტს.“ - მალხაზ ქამადაძე, შპს G.F.S -ის დამფუძნებელი.

განსხვავებული ხარისხისა და ფასის ნედლეული თურქეთიდან და გერმანიიდან ჩამოდის. შემდეგ თბილისში, G.F.S-ის პატარა საწარმოში გადასახვევ აპარატში იხვევა, საჭრელ აპარატში იჭრება და ბოლოს იფუთება. ასე იქმნება ერთჯერადი სამედიცინო პერფორირებული გადასაფარებლები და ხელსახოცები, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულბებეში მოიხმარენ. კომპანიის დამკვეთი ამჟამად თბილისის 10 და ბათუმის 1 საავადმყოფოა.

 

„მომხარებლებს სხვადასხვა სიგრძისა და ზომის, ასევე შეკვრაში სხვადასხვა რაოდენობის ქაღალდის გრაგნილებს ვთავაზობთ. მათი სურვილიდან გამომდინარე, სხვადასხვა ხარისხისა და ფერის გრაგნილები შეგვიძლია დავამზადოთ - თეთრი, მწვანე თუ ცისფერი; ორფენიანი, თუ ერთფენიანი; ლამინირებული წყალგაუმტარი თუ არალამინირებული. სხვა კომპანიებს მსგავსი პროდუქცია ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვთ. ბაზარზე ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ფასია. რადგან იმპორტირებულ ნედლეულს აქ ვამუშავებთ, გვაქვს იმის საშუალება, რომ პროდუქცია უფრო დაბალ ფასად შევთავაზოთ სამედიცინო დაწესებულებებს.“

საწყის ეტაპზე კომპანია სტარტაპ-პროგრამაში ჩაერთო და დამფუძნებლებმა საკუთარი საქმიანობის განსავითარებლად,  სპეციალურად სტრატაპებისათვის შექმნილი პროდუქტით სარგებლობა გადაწყვიტეს. სტარტაპსესხით დაზგა-დანადგარები შეიძიენს, რომლითაც ნედლეულის უაზარმაზარი შეკვრა ნაწილებად იჭრება, შემდეგ კი იფუთება. ასევე საკერავი აპარატიც, რომელიც პოლიეთილენის ნაჭრებისგან, ძაფის გარეშე კერავს სამედიცინო ქუდებს, ხელთათმანებსა და ხალათებს. აპარატი ჯერ არ გამოუყენებიათ, ამიტომ ამ დანადგარით დამზადებულ პროდუქციას მომხარებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებენ.

 

დასაფენ ქაღალდებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ამიტომ, სამომავლო გეგმებიც უფრო ამბიციური გახდა - კომპანია აპირებს თანამედროვე დანადგარი შეიძინოს, რომელიც ასორტიმენტის გაზრდის საშუალებას მისცემს, რომლითაც ნედლეული ხელის მაგივრად ახლა უკვე ავტომატურად დაიჭრება და კომპანია სულ მალე ისეთ პროდუქციას დაამზადებს, რომლის სამიზნე აუდიტორია არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები, არამედ ყოველდღიური გამოყენებისათვის ჩვეულებრივი მომხმარებლებიც იქნებიან. 

„სამწუხაროდ, საქართველოში ქაღალდი არ იწარმოება. ეს საქმე ძალიან დიდ რესურსსა და ფინანსებს მოითხოვს, საქართველო კი ამისთვის ძალიან პატარა ბაზარია. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციას იმპორტირებული ნედლეულით ვქმნით, რადგან დამუშავება და საბოლოო სახის მიცემა ჩვენთან ხდება, პროდუქციას ქართულ ქაღალდს ვუწოდებთ.“

 

სტარტაპი 2 დამფუძნებელს აერთიანებს, რომლებიც ნედლეულსაც თავად ამუშავებენ და  პროდუქციის შექმნის ყველა სხვა პროცესშიც თავად არიან ჩართულები.  

 

„ახალი დანადგარები უფრო ფართო და მრავალფეროვანი ასორტიმენტის შეთავაზების საშუალებას მოგვცემს ბაზრისთვის და მომხმარებლისათვის. ჩვენი ვიწრო პროფილური საქმიანობაც უფრო გაფართოვდება და წარმოების ახალ ეტაპზე გადავალთ. როგორც კი მრავალფეროვანი პროდუქციით გაგვიცნობენ ბაზარზე, ბრენდინგზე და კომპანიის ციფრულ თუ ტრადიციულ კომუნიკაციაზე დავიწყებთ მუშაობას, რის გარეშეც ვიცით, რომ ბიზნესი და პროდუქტი ამ საუკუნეში და დღევანდელ ბაზარზე ვერ იარსებებს.“

 

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები