11 მარტი 11 წუთის საკითხავი
Friends Hill

ბოლო დროს ჩემ ირგვლივ სულ უფრო ბევრი ადამიანი უჩივის დაღლილობას, უგუნებობას, დეპრესიას, რაც, მათ შემთხვევაში, ძირითადად, სამსახურის რუტინას, არაკომფორტულ სამუშაო გარემოს და ამით გამოწვეულ სტრესს უკავშირდება. ბევრი ჩვენგანი იძულებულია, იაროს სახსახურში, რომელიც არ უყვარს და აკეთოს საქმე, რომლის კეთებაც არ სიამოვნებს. ასეთ დროს ჩვენი ერთადერთი მოტივატორი ხელფასია. ადამიანი ან ეგუება ბედს და განაგრძობს არასასურველ გარემოში ყოფნას, ან უარს ამბობს ასეთ სამსახურზე და ალტერნატიული გზების ძიებას იწყებს. ასეთი ადამიანია თათია კახიანიც, რომელმაც გადაწყვიტა, „ჩვეულებრივ“ სამსახურზე უარი ეთქვა და ბიზნესი წამოეწყო.

„დავფიქრდი, რა საქმე უნდა მეკეთებინა იმისთვის, რომ თან სიამოვნება მიმეღო, თან შემოსავალი გვქონოდა მე და ჩემს შვილს. ის, რასაც ყოველთვის სიამოვნებით ვაკეთებდი და კარგად გამომდიოდა, ცხობაა. ამიტომ, გადავწყვიტე, ეს სიამოვნება ბიზნესად მექცია და საკონდიტრო გამეხსნა. გავიარე კურსები ცნობილ კონდიტერთან, ასევე რამდენიმე ონლაინ კურსი, დავწერე ბიზნეს გეგმა და დავუკავშირდი ჩემს ახლობლებს, რომლებთან ერთადაც დავიწყეთ ამ საქმის ნაბიჯ-ნაბიჯ კეთება და გავხსენით საკონდიტრო „ფრენდს ჰილი,“-გვიყვება საკონდიტრო Friends Hill -ის დამფუძნებელი, თათია კახიანი.

 

ამ საქმის გამო მოსკოვიდან თბილისში გადმოსულმა თათიამ ჯერ ბაზარი შეისწავლა, შემდეგ, როგორც თვითონ ამბობს, მსგავსი საკონდიტროები და კაფეები დაათვალიერა, კონცეფციაზე იფიქრა და გადაწყვიტა, Friends Hill-ი ყველაზე მეგობრულ, თბილ და მყუდრო ადგილად ექცია, სადაც ადამიანები სიამოვნებით აკეთებენ თავის საყვარელ საქმეს, რაც სამსახურში შექმნილ ატმოსფეროზე და პროდუქციის ხარისხზეც აისახება.

კაფე-საკონდიტროს ინტერიერის დიზაინი, მისი ტორტების მსგავსად, სადა და მინიმალისტურია. შესაძლოა, ამ ულამაზესი ქმნილებების სახელი ან ვიზუალი გეცნოთ, თუმცა, ამ ტორტებისა და ნამცხვრების ჰაეროვან, დახვეწილ, ჯადოსნური სურნელით გაჟღენთილ გემოს ვერაფერს შეადარებთ. ხარისხის, ვიზუალური მხარისა და გემოს ჰარმონია ის კომბინაციაა, რაც Friends Hill-ში ერთხელ მისულ ადამიანს აუცილემლად დააბრუნებს ამ სივრცეში.

 

ეს სივრცე განსაკუთრებით უყვართ პატარებსაც, რომლებიც, სპეციალურად მათთვის შექმნილი ტკბილეულის გარდა, ყოველთვის სიამოვნებით მიირთმევენ Friends Hill-ის საიდუმლო რეცეპტებით დამზადებულ ხორცის, ყველისა თუ ბოსტნეულის ღვეზელებს.

კაფე-საკონდიტრო ორი თვის წინ გაიხსნა და მისი დამფუძნებლების მიზანი  პროდუქციის გამრავალფეროვნება, უფრო მეტი ნასიამოვნები მომხმარებელი და მეტი საყვარელი საქმის კეთებით კმაყოფილი, ბედნიერი თანამშრომელია. როგორც თათია ამბობს, სწორედ საქმის სიყვარულით გამოწვეული სიხარულია წარმატებული ბიზნესის მთავარი პირობაც.

 

კომენტარები