12 აგვისტო 11 წუთის საკითხავი
FOODBOX - ვირტუალური რესტორანი

თბილისში ცოტა ხნის წინ ვირტუალური რესტორანი - FOODBOX-ი გამოჩნდა.

 

თქვენ უკვე შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სხვადასხვა სახეობის კერძებიდან რომელიმე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეუკვეთოთ. კერძის სწრაფად და ხარისხიანად  მომზადებაზე კი FOODBOX-ის გუნდი იზრუნებს. 

 

სტარტაპის შექმნის იდეა ორ მეგობარს, თორნიკე ბუიშვილს და მაია სიდამონიძეს რამდენიმე თვის წინ გაუჩნდა. იდეა რეალობად მარტში აქციეს და ასე გაჩნდა ქალაქში პირველი ვირტუალური რესტორანი - FOODBOX-ი, განსხვავებული და ინოვაციური კონცეფციით და ხედვით.

“ხშირად, ოფისში ან საღამოს, როდესაც მეგობრები ვიკრიბებოდით, ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებოდით. გვინდოდა, რაიმე კერძის გამოძახება, რომელიც იქნებოდა ჯანსაღი, გემრიელი,სწრაფი და ჩვენს გემოვნებაზე მორგებული“, - ამბობს თორნიკე.

 

სწორედ ამიტომ, FOODBOX -მა ყველა გასტრონომიული გემოვნების მომხმარებლის სურვილი გაითვალისწინა და მათ რამდენიმე სახეობის კერძი შესთავაზა. თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა სახეობის -  ხორცის, სამარხვო, ვეგეტარიანული და სალათების ბოქსებში თქვენთვის სასურველი ინგრედიენტები აირჩიოთ და შეუკვეთოთ. თითოეულ კატეგორიაში მენიუ მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანია. ცხელი კერძებისა და სალათების გარდა FOODBOX -ი გთავაზობთ ფხალეულის, მოცარელასა და ჭვიშტარის, ასევე ჰუმუსის დიფებს. ვირტუალური რესტორნის მენიუში შეხვდებით კუსკუსის, ფალაფელის სალათს პესტოს ან ზეითუნის სოუსით, სხვადასხვა სახის დესერტს და სასმელს.

“ვირტუალური რესტორნის კონცეფცია ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია არსებობს და მას მომავლის რესტორანს უწოდებენ.გვინდოდა, ეს სიახლე საქართველოშიც შემოგვეტანა. წლის ბოლომდე ჩვენს რესტორანში 4-5 ბრენდის დამატებას ვგეგმავთ, რომლებიც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. ჩვენი სურვილია, მომხმარებელს ძალიან მალე იტალიური, ქართული, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კერძები შევთავაზოთ და დავნერგოთ ე.წ. sharing kitchen-ის კონცეფცია“, - ამბობს მაია სიდამონიძე.

 

იმისათვის რომ FOODBOX -ი გაფართოვდეს და მეტ მომხმარებელს მრავალფეროვანი მენიუთი მოემსახუროს, სტარტაპერები უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამზარეულოს მოწყობას გეგმავენ, სადაც ვირტუალური რესტორნის გუნდი ერთ სივრცეში მოამზადებს და მომხმარებელს შესთავაზებს რამდენიმე ბრენდის კერძებს.

როგორც თორნიკე ამბობს, FOODBOX-ის მიმართ ინტერესმა პირველივე დღეს მოლოდინს გადააჭარბა. ამის მთავარი მიზეზი კი პროდუქტის მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასია. თითოეული ბოქსის შეძენა 10-15 ლარად არის ხელმისაწვდომი.

FOODBOX -ის გამოძახება შესაძლებელია Glovo-ს, Menu.ge-ს და Wolt-ის საშუალებით.

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

კომენტარები