14 ნოემბერი 13 წუთის საკითხავი
„ვისია“ - შენი პერსონალური სტიკერი!

„ვისია?!“ - ამ კითხვას მშობლები ხშირად უსვამენ ბაღიდან თუ სკოლიდან შინ დაბრუნებულ შვილებს, რომლებსაც სახლში თავიანთი ნივთების ნაცვლად, სხვისი წიგნები, რვეულები, კალმები, ფანქრები და ხშირად ტანსაცმელიც მიაქვთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მცირე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც ერთნაირი სასკოლო სახელმძღვანელოების, უნიფორმისა თუ კალამ-ფანქრების  გარჩევა უჭირთ, რაც ხშირად მშობლების დისკომფორტის მიზეზიც ხდება. სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლები, ანი ნიკოლaიშვილი და მაია ომიაძე, რომლებმაც, ამ საკითხზე ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტეს, შეექმნათ ფუნქციური სტიკერები, რომლებიც მათ შვილებს თავიანთი ნივთების სხვებისაგან გარჩევაში დაეხმარებოდათ.

 

გოგონებმა 2018 წლის თებერვალში გაჩენილი იდეა დაამუშავეს, კომპანია „რედბერისთან“ ერთად დიზაინი და ბრენდი შექმნეს და უკვე სექტემბერში ბაზარზე გამოჩნდა ფერადი  ფუნქციური სტიკერები, რომლებმაც, ფასის, დახვეწილი დიზაინისა და კომფორტულობის წყალობით, მალევე დაიპყრეს ბავშვებისა და მშობლების გულები.

„სტიკერების გაფორმების იდეები, ძირითადად, ისევ შვილებთან ურთიერთობისას მოგვდის.  აი, მაგალითად, მაიკოს  შვილი ბიჭია და დინოზავრები უყვარს, ამიტომ მის სტიკერებს დინოზავრები ამშვენებს. ჩემი შვილის სტიკერზე კი პრინცესაა გამოსახული. სქესთან დაკავშირებულ ამ სტერეოტიპებს, ცხადია, ბოლომდე ვერ გავექცევით, თუმცა, ჩვენი მიზანია, შეძლებისდაგვარად დავამსხვიოთ მსგავსი სტერეოტიპები და ამისკენ ხშირად თავად მომხმარებელიც გვიბიძგებს ხოლმე. მაგაილთად, ცოტა ხნის წინ შეგვიკვეთეს სტიკერი, რომელზეც, ცისფერ ფონზე მაკქვინის სწრაფმრბოლი მანქანა უნდა ყოფილიყო გამოსახული ცნოდილი მულტფილმიდან. ეს მანქანა, როგორც წესი, ბიჭების საყვარელი გმირია, თუმცა, გოგონასთვის შეგვიკვეთეს. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სქესთან დაკავშირებული სტერეოტიპის დანგრევას და ჩვენი სტიკერები სწორედ ამ მხივ არის საინტერესო, რომ ერთი მხრივ, ეხმარება ბავშვებს ნივთების ამოცნობაში და მეორე მხრივ, ხელს უწყობს მათ, გამოავლინონ ინდივიდუალიზმი - თავად გადაწყვიტონ, რითი იქნება გამოფრმებული მათი სტიკერები,“ - ამბობს „ვისია“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანი ნიკოლაიშვილი.

 

ამ ეტაპზე „ვისია“-ს ონლაინ პლატფორმაზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ სტიკერების სამნაირი სტანდარტული პაკეტი - „სტარტერი“, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ ახალმა მომხმარებელმა გასინჯოს პროდუქტი; „საბავშვო ბაღის პაკეტი“, რომელიც მოიცავს ძირითადად ტანსაცმელზე გადასაყვან სტიკერებს; და ყველაზე მრავალფეროვანი - „სასკოლო პაკეტი“, რომელშიც, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე გადასაყვანთან ერთად, საკანცელარიო ნივთების სტიკერებიც შედის.

უახლოეს მომავალში „ვისია“-ს დამფუძნებლები სოციალური პასუხისმგებლობის აქციებში ჩართვას აპირებენ. გარდა ამისა, დაგეგმილია საბავშვო ბაღებისთვის და სკოლებისთვის სპეციალური სტენდების შექმნა და, პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილზე პრეზენტაციების გამართვა, რაც მომავალში კორპორატიული შეკვეთების რიცხვს გაზრდის.

 

„ვისია“-ს მიზანია, უნიკალური სტიკერები რაც შეიძლება მალე გახდეს მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის მიმზიდველი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომლის შეძენის შემდეგაც, მშობლებსაც და შვილებსაც ზუსტად ეცოდინებათ, ვისია სახლში მოტანილი ესა თუ ის ნივთი.

 

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

ფოტო: ნიკა ხუნდაძე

 

კომენტარები