15 მარტი 9 წუთის საკითხავი
„უჯაფო“ - მზამზარეული სამზარეულო

რა ჰქვია კომპანიას, რომლის მიერ წარმოებულ პროდუქტსაც ყველა ადამიანი, განურჩევლად ეროვნების, ასაკის და სქესისა, სიამოვნებით იყიდის? რა თქმა უნდა, „უჯაფო“, რომლის წყალობითაც ქართულ ბაზარზე  სუფთად დათლილი, დაჭრილი და კომფორტულად შეფუთული, სადილის მოსამზადებლად თუ საჭმელად გამზადებული ხილი და ბოსტნეული გამოჩნდა.

დაჭრილი და სათანადოდ დაფასოებული, ვიტამინებით სავზე საკვები განსაკუთრებით მიმზიდველია დასაქმებული ადამიანებისთვის  და მითუფრო მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ცდილობს. ამიტომ, „უჯაფოს“ პროდუქცია, დიდი სუპერმარკეტების („გუდვილი“, „ნიკორა“, „ევროპროდუქტი“) გარდა, თბილისის უკვე თითქმის ყველა ფიტნესცენტრში იყიდება.

 

სწორედ ამ სეგმენტზე გათვალეს ახლადდაწყებული ბიზნესი თენგიზ კანდელაკმა და გიორგი ტორენჯაძემ, რომლებსას წელიწადნახევრის წინ დაბადებულ იდეაზე ბევრი არ უფიქრიათ, რადგან ზუსტად იცოდნენ - მზამზარეული ყველაფერი ორმაგად მიმზიდველი და გემრიელია.

„იდეა ჩემს მეგობარს და ახლა  უკვე პარტიორს, თენგიზ კანდელაკს გაუჩნდა. მან საზღვარგარეთ ნახა მსგავსი პროდუქტი, ძალიან მოეწონა, შემომთავაზა და ბევრი არც გვიფიქრია, ისე დავიწყეთ ეს საქმე. თავიდან გვქონდა მხოლოდ კარტოფილი, გათლილი, დაჭრილი, ვაკუუმშეფუთვით. შემდეგ გადავედით ბროწეულზე და სტაფილოს ჩხირებზე, რომლის დამზადებაც უკვე მომხმარებელმა შემოგვთავაზა. მოგეხსენებათ, ყველას ეზარება ბროწეულის გარჩევა, ჩვენ კი უკვე დამარცვლულს და სუფთად შეფუთულს ვთავაზობთ, ამიტომ ძალიან კარგად იყიდება.“ -ამბობს კომპანია „უჯაფო“ -ს ერთ ერთი დამფუძნებელი, გიორგი ტორენჯაძე.

ამჟამად არსებულ ასორტიმენტს - კატროფილს, გახეხილ ჭარხალს, სტაფილოს ჩხირებსა და ბროწეულის მარცვლებს - რამდენიმე დღეში დაჭრილი ანანასი და მანგო დაემატება. პროდუქტი სპეციალურ საწარმოში, ნაწილობრივ საგანგებოდ შეძენილი დანადგარებით, ნაწილობრივ კი ხელით მზადდება და იფუთება.

 

ამჟამად კომპანიაში 7 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, თანამშრომელთა რიცხვი მომავალში საგრძნობლად გაიზრდება, რადგან დამფუძნებლები გეგმავენ, „უჯაფოს“ მიმზიდველი, ხილის თითქმის ყველა სახეობით დამშვენებული დახლები თბილისის ქუჩებში განათავსონ, რაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქალაქის ტურისტებისთვისაც სასიამოვნო სიახლე იქნება.

 

კომენტარები