14 ნოემბერი 10 წუთის საკითხავი
ჟუჟუნა ღვინო

რამდენიმე თვეა, თბილისის და ბათუმის  ბარებსა და რესტორნებში ახალი სასმელი - „ჟუჟუნა ღვინო“ გამოჩნდა. ჟუჟუნა ღვინო მსუბუქი, ნახევრადცქრიალა, გაზიანი სასმელი, გემოთი და სხვა თვისებებით იტალიურ პროსეკოს ანალოგია. მის მსგავსად, ჟუჟუნაც დაუმწიფებელი, მჟავე ყურძნისგან მზადდება, განსხვავება კი ამ ორ სასმელს შორის ის არის, რომ პროსეკოს იტალიურ ყურძენზე, ახალ ქართულ ღვინოს კი ტრადიციულ ქართულ ჯიშებზე - რქაწითელსა და მწვანეზე აყენებენ.

 „ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი სასმელი, რომელიც ადვილად შეძლებდა მომხმარებელთან კომუნიკაციას. გვინდოდა რაღაც საშუალო გვეპოვნა ლუდის სმის კულტურასა და ტრადიციულ ღვინის კულტურას შორის - მსუბუქი და ყოველთვის კომფორტული. არ უნდა ყოფილიყო ძვირი და ამავდროულად ტრენდი უნდა გამხდარიყო. ასე შევქმენით პრესკოს მსგავსი სასმელი, რომელიც ღვინის ჭიქებში ლუდის მსგავსად, ლითონის კეგებიდან ჩამოისხმება და ღვინოზე რბილი, მსუბუქი და ნებისმიერ გარემოში მოსახერხებელი long drink-ია, გამაჯანსაღებელი, სასიამოვნო ეფექტით,“ - ამბობს კომპანია „ჟუჟუნა ღვინოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მათე აბესაძე.

 

ახალგაზრდებში ნახევრადცქრიალა ღვინის პოპულარობას მისი სიმსუბუქე და ახალი, დაუძველებელი გემო განაპირობებს, რასაც ალკოჰოლის შედარებით დაბალი შემცველობა და ბუნებრივი გაზის დამატებით მიღებული შუშხუნა გემოც ემატება. გარდა ამისა, თუკი სტანდარტული ღვინო შესაფერის გარემოს, კამპანიას და კერძთან შეთავსებას ითხოვს, ნახევრადცქრიალა „ჟუჟუნა“ ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტული სასმელია, რომელშიც ხშირად სხვა ალკოჰოლს და ხილსაც აზავებენ - ჟოლო, ფორთოხალი, ანანასი თუ ლიმონი ორჯერ დადუღებულ ხასხასა, ცქრიალა ღვინოს კიდევ უფრო მსუბუქსა და არომატულს ხდის. ამის გარდა ჟუჟუნა უამრავი კოქტეილის ძირითად ინგრედიენტად გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა ბარსა თუ რესტორანში, სადაც ჟუჟუნა იყიდება, ისეთ კოქტეილებს, როგორიც არის აპეროლ შპრიცი, მიმოზა, კამპარი შპრიცი და სხვა, ჟუჟუნათი აკეთებენ.

„ჟუჟუნა“ ტრადიციული ღვინისგან შეფუთვითაც განსხვავდება - უჟანგავი ლითონის ოცლიტრიანი კეგებით მისი გადაადგილება და ობიექტებში ჩაბარებაც მარტივდება და, რაც მთავარია, ასეთი შეფუთვის წყალობით ის მთავარ ხიბლს - ახალი, ცინცხალი ღვინის გემოს ინარჩუნებს.

 

ჟუჟუნა ღვინის გასინჯვა ჯერ-ჯერობით მხოლოდ თბილისისა და ბათუმის ბარებშია შესაძლებელი, თუმცა მისი შემქმნელები გვპირდებიან, რომ ის მალე საქართველოს სხვა ქალაქებშის გამოჩნდება, ხოლო მარტის დასაწყისში უკვე ცალობითაც გაიყიდება. მანამდე კი კომპანია ღვინის საცალო გაყიდვის ახალ, ორიგინალურ, მოსახერხებელ შეფუთვაზე ფიქრობს.

 

კომენტარები