18 ივნისი 10 წუთის საკითხავი
„ქონგური“ - კულტურულ-ეთნოგრაფიული ცენტრი, რომელიც ქართულ კულტურას ტურისტებს აცნობს

მცხეთასთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრში, ავტობანიდან სვანური კოშკი მოჩანს. სოფელ გოროვანში აგებული სვანურის ანალოგიური კოში გამვლელების,  განსაკუთრებით კი ტურისტების ყურადღებას იქცევს. ეს კულტურულ-ეთნოგრაფიული ცენტრი „ქონგურია“, რომელიც ლევან გაბრიელიანმა ერთი წლის წინ დააფუძნა.

„ქონგური“ ნებისმიერი მსურველისთვის, განსაკუთრებით კი ტურისტებისთვის, პროფესიონალურად შესრულებული ქართული ხალხური ცეკვებითა და  პოლიფონიური მუსიკით საქართველოს სხვადასხვა კუთხის, მათ შორის სვანეთის გაცნობას ცდილობს.

 

„საქართველოში ჩამოსვლისას, თითქმის ყველა ტურისტის სურვილია სვანეთის მონახულება და ადგილობრივი კულტურისა და ცხოვრების წესის გაცნობა. სამწუხაროდ, დროის ფაქტორის და მანძილის გამო, ბევრ მათგანს ამის შესაძლებლობა არ აქვს. სწორედ ამიტომ გვინდოდა, თბილისთან ახლოს „პატარა სვანეთი მოგვეწყო“, სადაც ტურისტებს ქართულ კულტურას გავაცნობიდით“, - ამბობს ლევან გაბრიელიანი, „ქონგურის“ დამფუძნებელი.

„ქონგურის“ გუნდი 11 წევრს აერთიანებს. პროფესიონალი მოცეკვავეებისა და ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლების წარმოდგენა დაახლოებით 2 საათს  გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ტურისტები ქართული კულტურის გაცნობასთან ერთად, სვანეთის კოშკის ანალოგიური კოშკის მონახულებას და საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების გაცნობასაც შეძლებენ. ტურისტები, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე ქართული ღვინოსაც დააგემოვნებენ.

„ქონგურის“ წარმოდგენები ღია ცის ქვეშ იმართება. ბილეთების შეძენა ცენტრის ვებ-გვერდზე, ასევე ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. ბილეთის საფასურში თბილისიდან სოფელ გოროვანში ტრანსპორტირება, ასევე სვანური კოშკის მონახულება და ღვინის დეგუსტაციაც შედის.

 

“ქონგურის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში ცენტრის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა.

 

„ბევრმა ტურისტმა თავის ქვეყანაში დაგვპატიჟა. სწორედ ამიტომ, ჩვენს უახლოეს გეგმებში გასტროლებზე წასვლა და სხვადასხვა ქვეყანისთვის ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის გაცნობა შედის“, - ამბობს ლევანი.

სწორედ ეს იყო  „ქონგურის“ დაფუძნების თავდაპირველი მიზანიც - ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და მისი პოპულარიზაციის კიდევ უფრო  ხელშეწყობა.

 

ავტორი: სალომე მოდებაძე

კომენტარები