13 ივნისი 12 წუთის საკითხავი
„კაქტუსი“- თანამედროვე სტილის კაფე-ბარი

უცხო ქალაქში ან ქვეყანაში ჩასვლისას, ხშირად ვეკითხებით ადგილობრივ მეგობრებს რჩევებს, რა ვნახოთ, სად წავიდეთ  ან რა დავლიოთ და მივირთვათ. ჩემ შემთხვევაში, პირიქით მოხდა.

 

რამდენიმე კვირის წინ მეგობარი მესტუმრა. დიდი ხანია საქართველოში არ ჩამოსულა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩემზე კარგად ერკვევა ადგილობრივ კაფე-ბარებში. რამდენიმე სტანდარტული შეკითხვის შემდეგ, მეუბნება, რომ საღამოს კაფე-ბარ „კაქტუსში“ გაატარებს.

 

ჩემს და უფრო მეტად, მის გაოცებას, საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოაჩინა, რომ „კაქტუსის“ შესახებ არაფერი ვიცოდი. ან რა გასაკვირია, როცა რამდენიმე დღის გახსნილი კაფის შესახებ, შეიძლება არაფერი ვიცოდე. მოკლედ, ჩემმა მეგობარმა  ამ ფაქტს „შეცდომა“ უწოდა და იმავე საღამოს შევეცადეთ მის გამოსწორებას.

ბარნოვის ქუჩაზე, ორსართულიანი კაფე-ბარი მწვანეშია ჩაფლული და შესვლისთანავე გიჩენს შეგრძნებას, რომ საკუთარი სახლის ეზოში ხართ. გარემოც ასეთია, უშუალო და მეგობრული. ხომ არის ადგილები სადაც თავს უხერხულად გრძნობთ, ერთი სული გაქვთ, როდის წამოხვიდეთ... აქ პირიქითაა. წამოსვლაზე არც კი ფიქრობ.

 

პირველი მიზეზი, რის გამოც აქ მოვედით, გარემოა- ასე მითხრა ჩემმა მეგობარმა. მეორე მიზეზი, გემრიელი ლანჩ მენიუ და მესამე და მთავარი- საუკეთესო მომსახურება, ქალაქში. ყოველ შემთხვევაში, იმ ბარებში, სადაც ჩემი უცხოელი მეგობარი ან მისი მეგობრები ყოფილან. სხვათა შორის, „კაქტუსის“ შესახებ მან სხვა გერმანელი ტურისტებისგან გაიგო.

ხალხმრავალ, მაგრამ მაინც ძალიან მყუდრო ბარში უამრავ ახალგაზრდას ნახავთ, მათ შორის ბევრი ტურისტია.

 

მეორედ შაბათს საღამოს მივედით და სულ სხვა „კაქტუსი“ დაგვხვდა. განათებამ და მუსიკამ გარემო ძალიან შეცვალა და „უქმეების კვალიც“ დაამჩნია.

 

სიმწვანე, ღია ვერანდა და ეზო... რა იქნება ზამთარში? აღმოჩნდა, რომ „კაქტუსი“ მალე კიდევ ერთ ლოკაციაზე გაიხსნება და ღონისძიებებსაც შემოგვთავაზებს. ცოცხალი მუსიკა, გამოფენები...

ბარის მფლობელები რატი ყულოშვილი და გუგა კალანდაძე არიან. საკუთარ სივრცეზე დიდი ხანია ფიქრობენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მოხვდნენ საჭირო ადგილას- ბარნოვის #64-ში.

 

ყველაფერი, რასაც ბარში ნახავთ, რატის,  გუგას და მათი მეგობრების გაკეთებულია. ალბათ, ამიტომ მოსწონთ ყველაზე მეტად ახალგაზრდებს.

 

ისევ ჩემს მეგობარზე მინდა მოგიყვეთ. ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ისევ დამპატიჟა  „კაქტუსში“ და თავისივე დამზადებული კოქტეილით გამიმასპინძლდა. ინგრედიენტების შესახებ ვკითხე და აღმოჩნდა, რომ სპეციალურად ჩემთვის შეუქმნიათ სასმელი. ყველაზე მეტად იმით გავოცდი, რომ ბარში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა; მიდიხარ ბარმენთან და შენი სახელობის კოქტეილს გიმზადებს, მერე კი მენიუშიც შეაქვთ. დღის განმავლობაში ბარში მიქსოლოგიის სწავლაც შეიძლება, საღამოს კი-მუშაობა.

მოკლედ, თუ თანამედროვე და ძალიან უშუალო გარემოს ეძებთ, კვირის დღეებში დასვენებისთვის, უქმეებზე კი- განტვირთვისთვის, „კაქტუსს“ გირჩევთ.

 

 

ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

კომენტარები