15 ივლისი 19 წუთის საკითხავი
„ჯინჯერსი - სტარტაპერისთვის“

3 წლის წინ საქართველოში ახალი მარკეტინგული სააგენტო „ჯინჯერსი“ გამოჩნდა.  სტარტაპის მიზანი დაარსების დღიდან  მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სტარტაპერების მხარადაჭერა და სეგმენტისთვის მისაღებ ფასად მათთვის  ლოგოს, ბრენდინგის, სოციალური მედიის, ციფრული რეკლამის და სტრატეგიის დაგეგმვის მიმართულებით მომსახურების შეთავაზება იყო.

 

იმისათვის, რომ დამწყებმა ბიზნესმენებმა აღნიშნული სერვისების მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეძლონ, პროგრამა „სტარტაპერმა“ და „ჯინჯერსმა“ ერთობლივი პროდუქტი -  „ჯინჯერსი - სტარტაპერისთვის“ შექმნეს.

 

შეთავაზების, ასევე კომპანიის შესახებ, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთი ფირცხალაიშვილი გვესაუბრება.

 


-თქვენი კომპანიის შექმნის ისტორია მოგვიყევით. როდის გამოჩნდა ბაზარზე ჯინჯერსი და რა არის ის სერვისები თუ პროდუქტები, რასაც მომხმარებელს სთავაზობთ?

  • ჯინჯერსი ოფიციალურად 2016 წლის ივნისში დაიბადა. თავიდანვე კომპანიის შექმნის მიზანი საშუალო და მცირე ბიზნესის და  სტარტაპების მხარდაჭერა იყო. ამ სეგმენტის წარმომადგენელი ბევრი კომპანიისთვის მარკეტინგული სერვისები საკმაოდ ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენდა. ისინი ვერ ხედავდნენ მომსახურების საჭიროებას, გარდა ამისა,  ფინანსურად ვერ ახერხებდნენ მათ მიღებას. სწორედ ამიტომ, სეგმენტისთვის მისაღებ ფასად, დავიწყეთ ლოგოს, ბრენდინგის, სოციალური მედიის, ციფრული რეკლამის და სტრატეგიული მომსახურებების შეთავაზება. დღემდე ვფიქრობთ, რომ მოწესრიგებული ბრენდინგი, ფეისბუქის გამართული გვერდი და მიზნობრივ სეგმენტზე სწორად გათვლილი რეკლამა ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის აუცილებელია და  ის განსაკუთრებულ ფუფუნებას არ უნდა წარმოადგენდეს. ვთვლით, რომ ფრაზის -„მარკეტინგში აქამდე არაფერი გაგვიკეთებია“ - მოსმენა აღარ უნდა გვიწევდეს.

 

- რამდენი ადამიანია დასაქმებული „ჯინჯერში“, რა გამოცდილება აქვთ მათ და როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა განდოთ მომხმარებელმა მათი ბიზნესის წარმატება თქვენ?

  • ამ ეტაპზე  ჩვენი გუნდი 10 ჯინჯერისგან შედგება.  გვყავს სოციალური მედიის, გრაფიკული დიზაინის და ციფრული მარკეტინგის გუნდები. თითოეულ ჯინჯერს თავის საქმიანობის სფეროში წონიანი გამოცდილება აქვს, ძირითადი ბირთვი დიდი ხანია ერთად, შეხმატკბილებულად  ვმუშაობთ, თუმცა, გამოუცდელ მომავალ ჯინჯერებსაც დიდი სიამოვნებით ვიღებთ და პერიოდულად სტაჟიორებიც აგვყავს. ნდობას რაც შეეხება, ალბათ, პირველ რიგში, ჩვენი დამოკიდებულების ფაქტორია: კლიენტის პრობლემა თუ სატკივარი ჩვენთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თვითონ მისთვის, ამიტომ მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა მიდგომას, ოპტიმიზაციას, ვაკვირდებით, ვზომავთ და სულმოუთქმელად ველოდებით სასურველ შედეგებს. ხშირად ჩვენი სერვისის მიღმა გაგვიწევია სხვადასხვა საკითხზე კონსულტაცია -  მაგალითად, გაყიდვების სტიმულირებისთვის. მეორე ფაქტორი ალბათ, ის არის, რომ ჩვენი მომსახურების დიდ ნაწილს სტრატეგიულ ჭრილში ვუყურებთ და ყოველთვის ვცდილობთ, ყველა მარკეტინგული გადაწყვეტა კვლევას და წინასწარ გაწერილ სტრატეგიულ დოკუმენტს ეფუძნებოდეს.

-რით არის განსაკუთრებული „ჯინჯერსი“? რა არის ის ფაქტორები, რაც თქვენ სხვა მსგავსი ტიპის სხვა კომპანიებისგან გამოგარჩევთ?

  • ბაზარზე ბევრი მსგავსი მომსახურების მქონე კომპანიაა, თუმცა გვჯერა, რომ ჯინჯერსი განსაკუთრებული ხასიათის მატარებელი ბრენდია და ეს ხასიათი ჩვენ მიერ შესრულებულ სხვადასხვა საქმიანობაზე  აისახება. ჯინჯერული ხასიათი თუ სულისკვეთება, პრინციპში, იმ ცნებებმა განსაზღვრა, რასაც ყოველდღიურ საქმიანობებში ვეყრდნობით: დედლაინი უწმინდესია. ორმხრივად მოწესრიგებული კომუნიკაცია პროექტის წარმატების ფუნდამენტია, რასაც ვაკეთებთ, ჩვენვე გვაბედნიერებს;

-პროგრამა „სტარტაპერთან“ ერთად ახლახან შექმენით სპეციალური პროდუქტი -  “ჯინჯერსი-სტარტაპერისთვის“. რას გულისხმობს ერთობლივი შეთავაზება და რა შეღავათებით ისარგებლებენ სტარტაპერები?

  • ვფიქრობთ, „სტარტაპერთან“ თანამშრომლობა ჩვენს სეგმენტთან მუშაობის და დაახლოების ბრწყინვალე საშუალებაა. თემატურად მრავალფეროვანი პროექტები ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა. „სტარტაპერებისთვის“ შევიმუშავეთ სპეციალური ფასები, რომელიც ჩვენი მომსახურებების სტანდარტულ საფასო ნუსხაზე ბევრად დაბალია. ასევე ციფრული და სოციალური რეკლამის შემთხვევაში გამოვყავით მინიმალური საკომისიო, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ფასებიც სახელმძღვანელოა და ყველა პროექტის ბიუჯეტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით ხდება.

-როგორ უნდა მოგმართონ დაინტერესებულმა პირებმა?

  • შეუძლიათ მოგვწერონ მესენჯერში, ან ნებისმიერ სხვა სოციალურ ქსელში, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], ან პირდაპირ დაგვიკავშირდნენ ნომერზე - 599 41 41 01.

-როგორია „ჯინჯერსის“ სამომავლო გეგმები?

  • მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოგვწონს პატარა სააგენტოს როლი და ატმოსფერო, ვფართოვდებით და ახალ ჯინჯერებს ვიმატებთ. სამომავლო გეგმებიც ესაა: ახალი სისხლი, პროექტები და გამოწვევები.
     

კომენტარები