30 აპრილი 11 წუთის საკითხავი
„ჰარი“ - იმგზავრე უფრო მხიარულად!

„ჰარი“ პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ქალაქიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, ბევრად უფრო კომფორტულად და, ამავდროულად, დაბალ ფასად იმგზავროთ. ამისთვის კი საკმარისია ჩამოტვირთოთ აპლიკაცია თქვენს მობილურში, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება და დრო, აირჩიოთ ვებგვერდის მიერ შემოთავაზებული მძღოლი (მისი მონაცემები დეტალურადაა მითითებული ვებგვერდზე), რომელიც იგივე დროს, იგივე მიმართულებით მგზავრობას გეგმავს, და შეუთანხმდეთ მას დეტალებზე. ამ მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, შეგიძლიათ დაემგზავროთ თქვენ მიერ არჩეულ მძღოლს და წახვიდეთ სასურველ ქალაქში კომფორტულად, იაფად და, რაც მთავარია, მხიარულად!

 

ამ მომსახურების იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს, ნიკა ბაზაძეს, სწორედ ერთ-ერთი მგზავრბის დროს გაუჩნდა. სასწავლებლად ქუთაისიდან თბილისში გადმოსულ ნიკას, როგორც თვითონ ამბობს, ხშირად უწევდა ორ ქალაქს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, რაც მისთვის არაკომფორტული, დამღლელი და მოსაწყენი პროცესი იყო. ამ პრობლემის გადასაჭრელად მან სხვა ქვეყნებში უკვე კარგად აპრობირებული სისტემა ქართულ რეალობას მოარგო.

 

იდეის გარშემო რამდენიმე დაინტერესებული ადამიანი გაერთიანდა. მათ ნიკას ნოვატორული წამოწყების მნიშვნელობა მალევე გაიზიარეს და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ამ საინტერესო სტარტაპის განვითარებას.

„ პირველი სირთულე გუნდის ფორმირების პროცესი იყო. სტარტაპს დაბალი ბიუჯეტი აქვს, თანაც ტექნოლოგიურ სფეროში ბიზნესიდან შემოსავალი გვიან იწყება, ამიტომ თავიდანვე უნდა მეფიქრა, როგორ დამეინტერესებინა ხალხი. ეს ეტაპი წარმატებით გადაილახა და დღეს გუნდის წევრები, სწავლისგან და სამსახურისგან თავისუფალ დროს, პლატფორმის სრულად განხორციელების პროგრამაშია ჩართული. სირთულე იყო ისიც, რომ ჩვენს მძღოლებს არ ჰქონდათ კომერციული დაინტერესება. მათთან საუბრისას გაირკვა, რომ ისინი მსგავს შემოთავაზებებზე ხშირად უარს ამბობდნენ ფულთან დაკავშირებული უხერხულობის გამო. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს გარემოება და მძღოლების კომფორტისთვის ბარათებით გადახდის სისტემა შევქმენით. ეს იყო მთავარი სირთულეები, რომლის გადაჭრასაც დიდი დრო დასჭირდა,’’ - ამბობს ნიკა.

 

„ჰარი“, როგორც ყველა მარტივი იდეა, გონივრული და თანამედროვე რეალობის შესატყვისია. ეს სერვისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში და, ამასთანავე, დადებითად მოქმედებს ეკოლოგიაზეც. საინტერესოა ისიც, რომ  ვებგვერდზე აისახება დარეგისტრირებულ მძღოლების რეიტინგი, რაც მათთვის კარგი მოტივაციაა მანქანის მოვლა-მოწესრიგრბისთვის და მეტი აქტიურობისთვისაც.

შეკითხვაზე - რას ურჩევდა დამწყებ ბიზნესმენებს, „ჰარის“ დამფუძნებელი, ნიკა ბაზაძე პასუხობს: „იფიქრეთ რაც შეიძლება გლობალურად და არ შემოიფარგოთ ლოკალური პრობლემებით. ასეთი ხედვა  ყოველთვის  დაგეხმარებათ დაბრკოლებების გადალახვაში“.

 

კომენტარები