9 ნოემბერი 14 წუთის საკითხავი
„გიშერი“

„გიშერი“ ქართული, ორგანული, დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. კომპანიამ პროდუქციის რეალიზაცია მაისიდან დაიწყო. „გიშერის“ კოსმეტიკა 30 ნოემბრიდან „თბილისი გალერიაშიც“ გაიყიდება. მიმდინარე კვირიდან კი კომპანიის ვებგვერდი ჩაეშვება, რომლის მეშვეობითაც პროდუქციის შეძენა ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად, ერთი თვის განმავლობაში, მომხმარებლები ადგილზე მიტანის უფასო სერვისით სარგებლობასაც შეძლებენ.
 


„გიშერის“ დამფუძნებლები „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“, ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები: ნინი რესულიძე და მარიამ ღლონტი არიან. მათი 

მცირე კაპიტალი, მონდომება და დიდი სამომავლო გეგმები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გოგონებს საკუთარი იდეის განხორციელება მოეხერხებინათ.
 


„გიშერი“ უკვე რამდენიმე დასახელების ორგანულ კოსმეტიკას აწარმოებს. ტუჩსაცხები, ტუჩის გლოსები ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის და ფრჩხილის ლაქები - ასეთია ამ დროისთვის პროდუქციის ჩამონათვალი. თუმცა ახლო მომავალში „გიშერის“ კოსმეტიკა უფრო მრავალფეროვანი გახდება. გოგონებმა რამდენიმე დღის წინ „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერი“ სტარტაპ-სესხით ისარგებლეს და ამ თანხით ბიზნესის გაფართოებას აპირებენ. უახლოს მომავალში პროდუქციის ჩამონათვალს - ტუში, ლაინერი, თვალის ჩრდილები და ტუჩის დამატენიანებელი ბალზამი დაემატება.
 


როგორც „გიშერის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი რესულიძე აღნიშნავს, ფრჩხილის ლაქის 

გარდა ყველა სხვა პროდუქტი ქიმიური დანამატების გარეშე მზადდება და კოსმეტიკის წარმოებისას, მხოლოდ ბუნებრივი რესურსები გამოიყენება. მათ შორის: თაფლის ცვილი, შის კარაქი, კანდელილას ცვილი, ასევე სხვადასხვა მცენარეული ეთერზეთები. სპეციალურად დამუშავებული პიგმენტები და კონტეინერები კი, რაშიც პროდუქცია უნდა მოთავსდეს, ამერიკიდან ჩამოდის. ნინი რესულიძის თქმით, ქართულმა კოსმეტიკამ მომხმარებლის ნდობა მალევე მოიპოვა.
 


„გვქონდა მოლოდინი, რომ მომხმარებლებს სკეპტიკური დამოკიდებიულება ექნებოდათ ადგილობრივი წარმოების მიმართ, თუმცა ჩვენი ვარაუდი საბედნიეროდ, არ გამართლდა. პირიქით, ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ქართულია, მათში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.“-აღნიშნა ნინი რესულიძემ.

სანამ პროდუქციის რეალიზაცია დაიწყებოდა, გოგონებს წელიწადზე მეტი დრო დასჭირდათ კოსმეტიკის თითოეული ფორმულის შემუშავებისა და დამზადების მეთოდების საფუძვლიანად შესწავლისთვის. ამაში მათ ამერიკელი „კოსმეტიკ საიენტისტი“ დაეხმარათ, რომელთანაც მუდმივი ონლაინ-კავშირი დღესაც გრძელდება. შემდგომში კოსმეტიკამ დერმატოლოგებთან შესაბამისი ტესტირებაც გაიარა. ახლო მომავალში კი საბოლოო ფორმულების ჩამოყალიბების შემდეგ, სერთიფიკატის აღებაც იგეგმება.
 


 

„თავდაპირველად კოსმეტიკას ვამზადებდით ჩვენთვის, ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. ყველას ძალიან მოსწონდა და აღნიშნავდნენ, რომ პროდუქცია განსაკუთრებული ეფექტით და მდგრადობით გამოირჩეოდა. შემდეგ უფრო მასშტაბურად დავიწყეთ ფიქრი და პირველი სტენდი ბათუმში განვათავსეთ. რაც შეეხება სერთიფიკატს, ამ დროისთვისაც შესაძლებელია შესაბამისი სერთიფიკატის აღება, თუმცა შემდეგ ფორმულის შეცვლის უფლება აღარ გვაქვს. ჩვენ კი ჯერჯერობით პროდუქციის მუდმივი დახვეწის რეჟიმში ვართ და სანამ საბოლოო სახეს არ მივიღებთ, ამ პროცედურებისგან თავს ვიკავებთ,“-ამბობს ნინი რესულიძე.