17 მაისი 8 წუთის საკითხავი
„ბალიში“- გიგანტური ბალიშების არმია

დარწმუნებული ვარ, ერთხელაც, ძალიან დაღლილს, მოგდომებიათ ძალიან დიდ ბალიშში ჩაჯდომა და დაძინება. ან გიფიქრიათ, რატომ არ გაქვთ დიდი ბალიში სამსახურში ან სახლში, მოკალათდებოდით რბილად და უყურებდით ფილმებს ან წაიკითხავდით წიგნებს.

 

ასე გამოიყურება ნანატრი დასვენება ზოგიერთი ჩვენგანისთვის, რომელიც სულაც არ არის არარეალური. დებმა ანა და თათა გიგანებმა ჩვენს ოცნებას ხორცი შეასხეს და გიგანტური ბალიშების შექმნა დაიწყეს.

„ბალიში“- ასე დაარქვეს სტარტაპს დებმა 2018 წლის თებერვალში.

 

ანამ არქიტერქტურისა და დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა, თათა კი, სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ქანდაკების მიმართულებით სწავლობს. ბალიშის ესკიზების შექმნა ანას ევალება, განხილვასა და დამტკიცების პროცედურაში თათაც მონაწილეობს და საორგანიზაციო საკითხებსაც აგვარებს.

 

იდეა, შეექმნათ გიგანტური ან როგორც თავად ეძახიან „სქელო“ ბალიშები, ანას გაუჩნდა. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მიზეზი დაღლილობა იყო. იდეით თათაც აღფრთოვანდა, მაგრამ ცოტა ხანს თავს იკავებდნენ და ბოლოს, როცა თავისუფალი დრო გამონახეს, იდეის განხორცილებას შეუდგნენ.

 

ბალიშებისთვის არჩევენ ქართულ ბაზარზე არსებულ ხარისხიან მასალას. ყველაფერს თავად აკეთებენ და ამ, მართლად, „დიდ“ საქმეში,  მთელი ოჯახი ჩართეს. „სქელო“ ბალიშების შეძენა Facebook-ით და მაღაზია „აბარა“-შია შესაძლებელი.

ცხადია, როგორც ყველას, ისე ანას და თათასაც ბევრი სირთულე შეხვდათ, მაგრამ მაინც იმედი აქვთ, რომ ბალიში ბევრი ადამიანის ოთახში დაიდებს ბინას, როგორც საუკეთესო დასასვენებელი კუთხე.

 

„ბალიში“-ს აღმოჩენის შემდეგ სულ ნანატრ შვებულებაზე ვფიქრობ და წარმოვიდგენ, როგორ ვისვენებთ მე და ჩემი „სქელო“ ბალიში ერთად, ხან აგარაკზე, ხანაც ზღვის ქვიან სანაპიროზე.

 

 

ავტორი: თაკო ფოლადაშვილი

კომენტარები