19 ივნისი 9 წუთის საკითხავი
„Art Up”- ალტერნატიული საგამოფენო სივრცე და დიჯიტალ პლატფორმა

სანამ ქალაქი გადაიტვირთება, შეივსება კაფეები და ბარები, სანამ ზღვის სანაპიროზე ოთხრიგად ჩამწკრივდებიან რუჯის მოყვარულები, ბათუმს ვესტუმრე. ქალაქს, რომელსაც ყოველ წელს ვპირდები, რომ ერთხელაც იქნება, მივატოვებ მტვრიან და ხმაურიან თბილისს და დავბრუნდები უფრო დიდი ჩემოდნით, უფრო ხანგრძლივად, უფრო დიდი მიზნებით.

 

ყოველ ჩასვლაზე ბათუმი იმედებს არ მიცრუებს და იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ველოდები, სიახლეებს მახვედრებს. ამჯერად, ქალაქში სეირნობისას, გამოფენაზე აღმოვჩნდი. ასე ვიპოვე პროექტი „Art Up”-ი.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ბათუმში ლევან გელიაშვილი გადასახლდა და ქალაქში ექსპერიმენტების „ჩატარება“ დაიწყო.

 

“Art Up”-იც ერთ-ერთი მისი პროექტია, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა ბათუმის და შემდეგ უკვე თბილისის ქუჩებში. „Art Up“-ის მიზანი ციფრული ხელოვნების განვითარება და ალტერნატიული, ყველასთვის ხელმისაწვდომი საგამოფენო სივრცის შექმნაა.

 

9 ბოქსი ბათუმის სხვადასხვა ქუჩაზეა განთავსებული. თბილისში, კი 3 ბოქსის ნახვა შეგიძლიათ „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე.

 

ქუჩის გალერეამ უკვე 16-ზე მეტი ხელოვანის გამოფენას უმასპინძლა, მათ შორის ერთი უცხოელი იყო.

 

საკუთარი ნამუშევრების გამოფენა ყველა გრაფიკულ დიზაინერს და ფოტოგრაფს შეუძლია. მთავარია, მათი ნამუშევრები მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

 

ნამუშევრების წარდგენისთვის ვებგვერდზე რეგისტრაციაა საჭირო. „Artup.ge“ ერთგვარი პლატფორმაა, ბაზა, სადაც გარდა განაცხადის გაკეთებისა, ინახება არტისტის მონაცემები. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია პრინტების ყიდვა-გაყიდვაც.

 

პროექტის დიდი პლუსი ის არის, რომ გამოფენაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

“Art Up”-ის სამომავლო გეგმებში საქართველოს სხვა ქალაქების ათვისება შედის. გარდა ამისა, ლევან გელიაშვილის დიდი სურვილია, რომ ქართველი გრაფიკული დიზაინერები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიცნონ და მსგავსი ბოქსები სხვა ქვეყნებშიც გაჩნდეს.

 

იმედია, ასეც იქნება. მანამდე კი, გირჩევთ არ გამოტოვოთ არც ერთი გამოფენა, თბილისსა და ბათუმში.

 

კომენტარები