27 სექტემბერი 9 წუთის საკითხავი
„Apollo 11“- წინ, უფრო დიდი ნაბიჯებით

8 თვის წინ საქართველოდან „მთვარისკენ“ შატლით პროგრამისტების გუნდი დაიძრა. სულ რაღაც 8 თვეა, რაც „Apollo 11“-ის გუნდი ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა და უფრო დიდი მიზნისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიჭრა.

 

სტარტაპი, როგორც სურვილი, იდეა და მიზანი დიდი ხანი „ცხოვრობდა“ ზურა სეხნიაშვილის გონებაში და ერთხელაც, საჭირო დროს და საჭირო ადგილას აიღო სტარტი და რაც მთავარია, ნული ინვესტიციით.

 

სტარტაპი მხოლოდ უცხოურ ბაზარზე მუშაობს და Cloud -ზე დაფუძნებულ სისტემურ უზრუნველყოფას სთავაზობს კომპანიებს. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ 8 თვეა არსებობს, „Apollo 11” -ს უკვე ექვს ქვეყანაში იცნობენ: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ესპანეთი და ამერიკა.  „Apollo 11”-ის წარმატების მიზეზი გუნდის გამოცდილება და 100%-იანი შედეგია.

კომპანიის მიზანი ქართული ინტელექტუალური რესურსის უცხოურ ბაზარზე ექსპორტია. „Apollo 11” კი ნამდვილად არის ადგილი, სადაც საუკეთესო პროგრამისტები უნდა მუშაობდნენ.

 

„კოსმონავტი პროგრამისტების“ გუნდი 20 წევრისგან შედგება. თანამშრომლების ძიების პროცესი რთული და ხანგრძლივია. უპირატესობას ანიჭებენ მათ, ვინც გამოირჩევა ლოგიკური აზროვნების უნარით, აქვს პროგრამულ ოლიმპიადებზე მონაწილეობის გამოცდილება და რაც მთავარია, შეუძლია დააკმაყოფილოს ის მაღალი სტანდარტები, რასაც კომპანია მათგან მოითხოვს.

 

გარდა თანამშრომლებისა, „Apollo 11“-ის შატლის კარი მუდამ ღიაა სტაჟიორებისთვის, ცხადია, დიდი გამოცდილების მიღებითა და დასაქმების პერსპექტივით.

მათთან, „ბორტზე“  ყოფნისას, შევამჩნიე, რომ სტარტაპი სხვა კომპანიებისგან ორგანიზაციული კულტურითაც გამოირჩევა. პინგ-პონგის ჩემპიონატი სოლიდური პრიზით, საუკეთესო თანამშრომლისთვის რჩეული საფეხბურთო გუნდის თამაშის ბილეთის საჩუქრად გადაცემა- იმ ბენეფიტების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც „Apollo 11”-ის თანამშრომლები იღებენ. ზურა ფიქრობს, რომ მხოლოდ ასეთი გარემოთი შეიძლება წარმატების მიღწევა. გარემოთი, სადაც ყველა თანამშრომელი დაფასებულია, თავს კომპანიის ნაწილად გრძნობს და არა დაქირავებულ კადრად.

 

სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ- უფრო დიდი ინვესტიცია უცხოურ ბაზარზე, მეტი ქვეყნის მოცვა და მეტი გამოწვევა: „Apollo 11” კოსმოსში გასაჭრელად მზად არის.

კომენტარები