6 ივნისი 16 წუთის საკითხავი
პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი

თიბისი ბანკის ინიციატივით პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი იწყება. პროექტში მონაწილეობის მიღება  ნებისმიერ მსურველს (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შეუძლია, ვისაც საკუთარი აპლიკაციით ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივება და პროცესების ავტომატიზირების ხელშეწყობა სურს.

 

ფინანსები და ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა, კლიენტებთან ურთიერთობა, გაყიდვების კონტროლი - ეს იმ მიმართულებების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც კონკურსი ფარავს. პროექტის გამარჯვებულები სამი ეტაპის შემდეგ გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრემიები გადაეცემათ. I ადგილი - 30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.

 

პროექტზე მუშაობა თიბისი ბანკის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო.  მიზეზი ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობა იყო. „გვინდოდა, ისეთი ონლაინსივრცე შეგვექმნა, სადაც აპლიკაციების შემქმნელებსა  და ბიზნესის წარმომადგენლებს ერთმანეთთან დავაკავშირებდით და ახალი პროგრამების შექმნას წავახალისებდით“, - ამბობს თაკო ჯაფარიძე, პროექტის მენეჯერი.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია როგორც მოხალისეებისგან დაკომპლექტებულ გუნდს, ისე კომპანიებს. გამრჯვებულები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან:რამდენად რეალისტურია აპლიკაცია და რამდენად გამოსადეგია ის ბიზნესითვის. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი და  ამ აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

 

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება:

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებმა პროდუქტის მთავარი შესაძლებლობების მაჩვენებელი დემო ვერსია უნდა წარმოადგინონ. აპლიკაციის შევსება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ. გუნდში წევრების მაქსიმალური რაოდენობა 5 ადამიანია. ერთ გუნდს მხოლოდ ერთი პროგრამული უზრუნველყოფის წარდგენა შეუძლია, რომელიც არ არის სხვა პირის მიერ შექმნილი, არ იმყოფება სხვისი საავტორო უფლებების ქვეშ და ბაზარზე ჯერ არ ფუნქციონირებს.

აპლიკაციებისა და პროდუქტების დემო ვერსიების გადარჩევის შედეგად გამოვლენილი გუნდები მეორე ეტაპზე ჟიურის წინაშე, დახურულ პრეზენტაციაზე პროდუქტის სადემონსტრაციო პროტოტიპს, ტექნიკურ გადაწყვეტას, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმას წარადგენენ. ფინალურ ეტაპზე გადასული 10-მდე გუნდი თვენახევარის განმავლობაში პროტოტიპზე მუშაობას გააგრძელებს.

ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები საჯარო პრეზენტაციაზე ტექნიკურად წარმოადგენენ პროტოტიპებს. კონკურსის  შედეგად ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზეა შესძლებელი.

 

პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსი იმ ინოვაციური პროექტის ნაწილია, რომელსაც თიბისი ბანკი ბიზნესების მხარდასაჭერად ახორციელებს. უკვე ამოქმედდა ონლაინპლატფორმა businesstool.ge, რომელიც ბიზნესსა და ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქების მომოწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და ამოარჩიონ საკუთარი ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: სოფტი, აპლიკაცია ან გადაწყვეტა. ტექნოლოგიურ სივრცეში ეს არის ახალი არხი, რომელიც საშუალებას აძლევს დეველოპერებს საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტი გახადონ ცნობადი დაგაზარდონ გაყიდვები.

 

„პროექტის განხორციელებამდე აღმოვაჩინეთ,რომ ქართულ ბაზარზე ბევრი დეველოპერი მუშაობს სხვადასხვა აპლიკაციის თუ  სოფტის შექმნაზე. ეს დეველოპერები ქმნიან გადაწყვეტას კონკრეტული ბიზნესისთვის და მათ შესახებ არავინ იცის. მეორე მხრივ, ბიზნესებს არ აქვთ ინფორმაცია ან სახსრები იმისთვის, რომ მათ ბიზნესზე მორგებული უზრუნველყოფა დაუკვეთონ დეველოპერს და პროცესები ავტომატიზირებული გახადონ. გვინდოდა,  ეს პროცესი ორივე მხარისთვის გაგვემარტივებინა. სწორედ ამიტომ შევქმენით სივრცე,სადაც დეველოპერები თავიანთ პროდუქტებს ატვირთავენ და მათ ფართო აუდიტორიას გააცნობენ, ბიზნესები კი მათზე მორგებულ პროგრამული უზრუნველყოფების შესახებ მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას“. - ამბობს თაკო ჯაფარიძე.

კომენტარები