5 ივნისი 10 წუთის საკითხავი
ახალი ონლაინ პლატფორმა ბიზნესებისთვის

თიბისის ორგანიზებით ბიზნეს-პროცესების ავტომატიზირების წასახალისებლად პროგრამული უზრუნველყოფების კონკურსი ტარდება. კონკურსის მიზანია საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტებისა თუ სხვა გადაწყვეტების შექმნისათვის ხელის შეწყობა, რომლებიც ფინანსების, ბუღალტერიის, ადამიანური რესურსების მართვის, კლიენტებთან ურთიერთობის, გაყიდვების კონტროლისა და სხვა მიმართულებებით ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებენ. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზეა შესძლებელი.

კონკურსის მონაწილე ყველა დასრულებული პროდუქტი ახალ ონლიან-პლატფორმაზე -Businesstool.ge-ზე განთავსდება, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქტების მომწოდებლებსა და მაძიებლებს ერთმანეთს ახვედრებს. საქართველოში პირველად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესებს საშუალება გაუჩნდათ ერთ სივრცეში აღმოაჩინონ და შეაფასონ მათთვის საჭირო, ერთად თავმოყრილი საქართველოში შექმნილი სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფა - სოფტი, აპლიკაცია, თუ გადაწყვეტა.

 

ეკოსისტემა სხვადასხვა ბიზნესის დეველოპერებთან და ტექნოლოგიურ პროდუქტებთან დასაკავშირებლად შეიქმნა. ამ არხით კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი ბიზნეს-პროცესები ბევრად უფრო მოქნილი, ავტომატიზირებული და ეფექტური გახადონ.

 

აქამდე კომპანიებს საკუთარი ბიზნესის ხელშემწყობი და გასამარტივებელი ტექნოლოგიური პროდუქტების და ამ პროდუქტების უპირატესობებისა და მახასიათბელების  მოძიება ცალ-ცალკე შემქმნელებთან და მომწოდებლებთან უწევდათ. Businesstool.ge კი კომუნიკაციის ახალ მედიუმს ქმნის, სადაც ტექნოლოგიურ პროდუქტებზე ინფორმაციის მიღება, გაცვლა და ერთმანეთთან შედარება ერთ სივრცეში, მარტივად არის შესაძლებელი.

ვებ-გვერდზე წარმოდგენილი კატეგორიები პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებისთვის თვალსაჩინოს ხდის რა სახის ტექნოლოგიური საჭიროებები გააჩნია ამა თუ იმ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესს. დაინტერესებულ ბიზნესს კი საშუალება აქვს აღმოაჩინოს მისთვის აქამდე უცნობი პროგრამული უზრუნველყოფა,  ერთმანეთს შეადაროს რამდენიმე პროდუქტი და განსაზღვროს - რამდენად ერგება ესა თუ ის პროგრამა მისი ბიზნესის საქმიანობასა და საჭიროებებს.

 

სისტემა არის მოსახერხებელი, მოქნილი და მარტივი: დეველოპერები ათავსებენ საკუთარ პროდუქტს, კომპანია კი ეძებს, პოულობს და შემოთავაზებული ვარიანტებიდან ირჩევს მისთვის შესაფერის და სასურველ პროგრამულ უზრუნველყოფას. ამის შემდეგ დაინტერესებული პირი უკვე პირადად უკავშირდება აპლიკაციის, სოფტისა თუ ციფრული გადაწყვეტის შემქმნელს.

კომენტარები