24 ივნისი 26 წუთის საკითხავი
როგორ დავნერგოთ Design Sprint: პროტოტიპირება სპრინტში

„ძველი ვესტერნული“ ფილმის სცენარებში ხშირად ვაწყდებით იმ დროის ამსახველ შენობებს,  ნაგებობებსა და ჩაცმულობას. მართალია, შეიძლება რეჟისიომა ნახოს გადაღებებისთვის რეალური ლოკაცია (როგორიც არის  მიტოვებული მოჩვენებათა ქალაქი), თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ყველა მსგავსი სცენა გადაღებულია ჰოლივუდის სტუდიებში და ყველა შენობა თუ ნაგებობა წარმოადგენს ფასადს. ეს ილუზია (ფასადი) სჭირდება მაყურებელს იმისათვის, რომ თავი წარმოიდგინოს იმ დროსა და ვითარებაში.

 

პროტოტიპირების დღე - ხუთშაბათი - ილუზიების შექმნის დღეა. შენ სპრინტის გასული დღეებიდან უნდა გქონდეს გამოწვევის გადაწყვეტილებებზე იდეები. შესაბამისად, რამდენიმე კვირის ან თვის მუშაობის მაგივრად შენი მიზანია, შექმნა ფასადი, პროტოტიპი, რომლის დახმარებითაც დააკვირდები შენს იდეაზე პოტენციური მომხმარებლის რეაქციას.

 

ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლებლად მიაჩნია პროტოტიპის მომზადება ერთ დღეში. ეს ხშირად ასეც არის, თუ სპრინტის გუნდს არ აქვს განვითარებული „პროტოტიპული აზროვნება“. ხშირად ფასადის შენებისას გუნდის წევრებს შეიძლება ჰქონდეთ დიდი დისკომფორტი, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ დროებით თავიანთი ფილოსოფიის ცვლილება: სრულყოფილებიდან უბრალოდ საკმარისამდე და გრძელვადიანი ხარისხიდან დროებით სიმულაციამდე.

ამიტომ გიზიარებთ რეკომენდაციებს პროტოტიპირების ფილოსოფიის შესახებ:

  1. გახსოვდეს, რომ შენ შეგიძლია ნებისმიერი გამოწვევის პროტოტიპირება - შეიძლება ბევრს გეგონოთ, რომ ეს ზოგადი მამოტივირებელი ფრაზაა, თუმცა ეს არის ცალსახად პოზიტიური განწყობის საფუძველი. ამიტომ აუცილებლად გჯეროდეთ, რომ ყველაფრის პროტოტიპის გაკეთება შეგიძლიათ
  2. პროტოტიპი არის ერთჯერადი - შესაბამისად,  ძალიან არ შეიყვარო იგი და იყავი მზად, გადააგდო მაშინ, თუ მომხმარებელს არ მოეწონა
  3. შექმენი შენი პროტოტიპი, იმისათვის რომ ისწავლო - შენ არ გჭირდება სრულიად ფუნქციონირებადი პროდუქტი, შენ უნდა მიიღო რეალობასთან ახლო ვიზუალის მქონე ფასადი, რომელზეც მომხმარებლებმა შეიძლება მოგაწოდონ უკუკავშირი
  4. პროტოტიპი უნდა იყოს რეალისტური - იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს თავისი გულწრფელი რეაქციების დაფიქსირება, პროტოტიპი მაქსიმალურად უნდა იყოს რეალისტური

 

მოდით, ვნახოთ, რეალური კომპანიების მაგალითებზე როგორ ხდება პროტოტიპირება. დავიწყოთ „სლეკით“ (შეგახსენებთ, რომ „სლეკი“ იყო ერთ-ერთი წარმატებული გუნდური კომუნიკაციის პროგრამა). „სლეკის“ სპრინტზე პროტოტიპირებისთვის გაიმარჯვა ორმა სხვადასხვა იდეამ:

  1. „მძიმე ტური“, რომელიც წარმოადგენდა პროგრამის ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნას. ამ იდეის პროტოტიპირება მარტივად შეიძლებოდა სლაიდების მეშვეობით, რომლებიც ერთიანობაში შეიძლება, რომ გამოიყურებოდეს როგორც ვებ გვერდი.
  2. „ბოტების გუნდი“, რომელიც იყო უფრო რთულად შესაქმნელი პროტოტიპი. ის გულისხმობდა კომპიუტერის მიერ კონტროლირებად ბოტებს, რომლებიც უპასუხებდნენ მომხმარებლების შეტყობინებებს ავტომატურ რეჟიმში. იმისათვის, რომ პროტოტიპი ყოფილიყო რეალისტური, ბოტებს უნდა შესძლებოდათ მომხმარებლების გარკვეულ კითხვებსა და კომენტარებზე პასუხების გაცემა. ერთი შეხედვით ეს ფუნქციონალი ერთ დღეში ძალიან რთულად პროტოტიპირებადი შეიძლება იყოს. თუმცა, სპრინტის გუნდის წევრმა მოიფიქრა მარტივი გამოსავალი: მომხმარებლებთან ინტერვიუს დროს (ანუ პროტოტიპის ტესტირებისას) ბოტების ფუნქციას შეასრულებდნენ გუნდის წევრები და ისინი უპასუხებდნენ მათ კითხვებზე. თავისთავად, იმ შემთხვევაში თუ „ბოტების გუნდის“ იდეა გაამართლებდა, მაშინ „სლეკს“ უნდა დაეწერა კომპიტერული პროგრამა, რომელიც ავტომატურად ბოტების მეშვეობით უპასუხებს მომხმარებლებს, თუმცა პროტოტიპირებისთვის ის, რაც გააკეთა გუნდმა იყო სავსებით საკმარისი.

 

ციფრული პროდუქტებისა თუ მომსახურებების პროტოტიპის მომზადებისას უმეტესწილად ვიყენებთ Keynote-ს (რომელიც ძალიან ჰგავს Power Point-ს). თუმცა, საინტერესოა როგორი შეიძლება იყოს პროტოტიპი მომსახურების სექტორის წარმომადგენელებისთვის, მაგალითად კლინიკებისთვის:

 

მედიქალ ჯგუფი წარმოადგენს აშშ-ში კლინიკების ქსელს, რომლის მთავარ მომხმარებლებს წარმოადგენდნენ ახალგაზრდა, ტექნოლოგიებთან ახლოს მყოფი ადამიანები, რომლებისთვისაც მკურნალობა მობილური აპლიკაციის მეშვეობით ძალიან კარგ იდეას წარმოადგენდა.

 

მედიქალ ჯგუფს ჰქონდა სურვილი, რომ გაეფართოვებინა მომხმარებლების ბაზა. ამასთანავე, მათივე მომხმარებლების დიდი ნაწილი დაოჯახების და ბავშვების შეძენის შემდეგომ გადადიოდნენ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც სთავაზობდნენ მთელი ოჯახისთვის საჭირო მომსახურებებს. კომპანიის სურვილი იყო იმავე კლინიკებში მიეღო როგორც ზრდასრულები, ასევე ბავშვები და გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე ჩაეატარებინა სპრინტი. თუმცა მსგავსი სპრინტისას პროტოტიპირება  ოდნავ განსხვავებულად მიმდინარეობს. აქ ჩვენ არ ვიყენებთ პრეზენტაციებს ან კითხვარებს, არამედ წინასწარ დადგული სცენარის მიხედით იმავე კლინიკაში ვიღებთ პოტენციურ მომხმარებლებს და ვიღებთ მათგან უკუკავშირს გაწეულ მომსახურებასთან დაკავირებით. ამ მიზნით პროტოტიპირების დღეს საღამოს ერთ-ერთი კლინიკის სრულიად გადაწყობა და ახალი მომხმარებლის სეგმენტისთვის-ბავშვებისთვის მორგება მოხდა.

 

პროტოტიპის ტესტირების დროს კი სპრინტის გუნდმა მიიღო ისეთი უკუკავშირი მომხმარებლისგან, რომლის გარეშეც არაეფექტური იქნებოდა რაიმე ცვლილებების განხორციელება ახალი მომხმარებლის სეგმენტის მისაღებას.  (მაგალითად აღმოჩნდა, რომ მიმღების სივრცე ძალიან პატარა აღმოჩნდა საბავშვო სეგმენტზე ორინტირებული კლინიკისთვის, რადგან ბავშვებს მეტი ადგილი სჭირდებათ ეტლით გადაადგილებისას და თანმხლები პირებიც მეტი ახლავს).

აქვე მოკლედ მოგიყვებით, თუ როგორ ჯობია გაყოთ სპრინტის გუნდი ხუთშაბათს პროტოტიპზე მუშაობის დაწყებამდე. სასურველია თქვენ გყავდეთ გუნდში:

  • ორი შემქნელი - მათი მთავარი მიზანია, შექმნან პორტოტიპი (შინაარსი  და ვიზუალი). თავისთავად, გააჩნია სპრინტის თემატიკას, თუმცა სასურველია შემქნელები იყვნენ ან დიზაინერები ან ინჟინრები
  • ერთი გამაერთიანებელი - ეს არის ის გუნდის წევრი, რომელიც აერთიანების შემქმნელების ნამუშევარს (რადგან შემქმნელები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იდეის რუკის სხვადასხვა ნაწილებზე მუშაობენ). მნიშვნელოვანია, რომ პროტოტიპის ნაწილები ლოგიკურად ებმებოდეს ერთმანეთს. გამაერთიანებელი აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს დეტალებზე ორიენტირებულობით
  • ერთი მწერალი - როგორც ვახსენე, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პროტოტიპი იყოს მაქსიმალურად რეალური, ამიტომ დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ ტექსტების გამართულობასა და სისწორეს. მწერალი კარგი წერის ნიჭით უნდა გამოირჩეოდეს
  • ერთი აქტივების შემგროვებელი - ეს არის ის ადამიანი, რომელიც ეხმარება შემქმნელებს ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში. მაგალითად, საჭირო მასალები, ძველი სტატიები, ფერები და სხვა
  • ერთი ინტერვიუერი - მისი მიზანია, მოამზადოს პარასკევის ინტერვიუსთვის დეტალური სკრიპტი და სცენარი. ამიტომ ინტერვიუერი უშუალოდ არ უნდა იყოს ჩართული პროტოტიპის მომზადებაში

კომენტარები