11 მაისი 31 წუთის საკითხავი
ზიფის წესი და საქართველო

ცხადია, ყველას გაუგია მითი იმის შესახებ, რომ თბილისი საქართველოს ეკონომიკისთვის არაბუნებრივად დიდი ქალაქია, მაგრამ რა ზომის უნდა იყოს დედაქალაქის მოსახლეობა რომ ის "ბუნებრივად" ჩაითვალოს და არის თუ არა თბილისის ზომის შესახებ არსებული მითი სინამდვილე?

 

რაც უნდა უცნაური იყოს, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ქალაქების მოსახლეობის განაწილება ერთსა და იმავე განმეორებად კანონზომიერებას ექვემდებარება. ესაა მიმართება ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვანსა და უფრო მცირე ზომის ქალაქებს შორის. ეს განაწილება მათემატიკოს ჯორჯ კინგსლი ზიფის პატივსაცემად "ზიფის წესის" სახელით არის ცნობილი. "ზიფის წესის"  მიხედვით, მაგალითად, თუ ქვეყნის უდიდესი ქალაქის მოსახლეობა არის 1000 კაცი, სიდიდით მეორე ქალაქის მოსახლეობა ამაზე დაახლოებით ორჯერ მცირე იქნება -  500 კაცი, მესამე ქალაქის მოსახლეობა უდიდესზე სამჯერ მცირე - 330 კაცი, სიდიდით მეოთხე ქალაქის მოსახლეობა 200 კაცი იქნება და ასე შემდეგ.

 

ამ კანონზომიერებას ნათლად დავინახავთ, თუ აშშ-ის მაგალითს მოვიყვანთ. აშშ-ის უმსხვილეს ქალაქ ნიუ-იორკში 8.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სიდიდით მეორე ქალაქ ლოს-ანჯელესის მოსახლეობა 3.9 მილიონია, მესამე უდიდეს ქალაქ ჩიკაგოში 2.7 მილიონი ცხოვრობს, მეოთხე უდიდესი ქალაქის ჰიუსტონის მოსახლეობა კი 2.3 მილიონს შეადგენს.

 

საქართველოს შემთხვევაში კი სრულიად განსხვავებული პროპორციაა: თბილისი - 1.12 მილიონი მაცხოვრებელი, ბათუმი - 153 ათასი მცხოვრები, ქუთაისი - 147 ათასი მცხოვრები, რუსთავი 125 ათასი მცხოვრები. ბუნებრივი განაწილების შემთხვევაში, ბათუმის მოსახლეობა ნახევარ მილიონამდე უნდა იყოს, ხოლო ქუთაისის მოსახლეობა კი 300,000-ზე მეტი.

რა გავლენას ახდენს ეს ქვეყნის ეკონომიკაზე?

 

საქართველოს მცირე ქალაქების განუვითარებლობა ხელს უშლის ქვეყნის ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსების გამოყენებას. თბილისში კვალიფიციური მუშახელის კონცენტრაცია მცირე ქალაქებში ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას ართულებს , ფერხდება სოციალური კაპიტალის დაგროვება. შრომის ბაზრის სიმცირის გამო მცირე ქალაქებში ახალი სამსახურის შოვნა უფრო ძნელი ხდება.

 

მეორეს მხრივ, თბილისში თავმოყრილი ადამიანები შრომის ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო უფრო მეტ სირთულეებს აწყდებიან საკუთარი პოტენციალის რეალიზებისთვის.

 

თბილისსა და დანარჩენ საქართველოს შორის ცხოვრების საშუალო დონის ასეთი სხვაობის გამო ქვეყანაში სოციალური მობილობა პრაქტიკულად ერთი მიმართულებით - თბილისისკენ ხდება. ეს დამატებით ზეწოლას ახდენს ინფრასტრუქტურაზე, საგზაო სისტემასა თუ უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც დედაქალაქში ამ მოთხოვნის გამო ქალაქის იერს და ეკოლოგიურ პირობებს მნიშვნელოვნად აუარესებს.

 

როგორ გახდა თბილისი ამხელა?

 

თბილისი ზიფის წესის, ანუ ქალაქებში მოსახლეობის ბუნებრივი განაწილების ერთადერთი გამონაკლისი არაა. მსგავსი ვითარებაა სომხეთშიც, სადაც უდიდესი ქალაქის - ერევნის მოსახლეობა სიმრავლით მეორე ქალაქ გიუმრის მოსახლეობას 10-ჯერ აღემატება. ეს ფაქტი ბადებს კითხვას, თბილისის ასიმეტრიულად მაღალი ზრდა საბჭოთა კავშირის პერიოდმა და გეგმარებითმა ეკონომიკამ ხომ არ გამოიწვია?

 

თბილისის ზომის მთავარი ზრდა საბჭოთა პერიოდზე მოდის. 1926 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა 294,000 იყო. 1939 წლისთვის  უკვე 519,000-ს შეადგენდა. დედაქალაქის მოსახლეობის ზრდის მთავარი მიზეზი ამ პერიოდში სოფლიდან ქალაქში მიგრაცია და შობადობის ბუმი გახლდათ, მომდევნო 40 წლის განმავლობაში დედაქალაქის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გაორმაგდა და მან 1 მილიონს გადააჭარბა. ასეთი მაღალი ტემპით სხვა ქალაქების ზრდა არ მომხდარა.

 

საბჭოთა კავშირის პერიოდში ქალაქის ზრდასა და მიგრაციას ცენტრალური დაგეგმარება განსაზღვრავდა, რომელიც, თავის მხრივ, მრავალი კომპონენტისგან შედგებოდა: ქარხნების მშენებლობა, ახალი სამუშაო ადგილების გეგმიური შექმნა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საგანმანათლებლო, კულტურული და რეკრეაციული ობიექტების შექმნა.

 

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, ეს ყველაფერი იმიტომ აშენდა, რომ მასზე მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა არსებობდა, თუმცა სინამდვილეში პირიქით იყო. გეგმარებითი ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო ერთადერთი იყო, ვისაც ახალი სახლების აშენების უფლება ჰქონდა, ვისაც შეეძლო გაეხსნა მაღაზია, აეშენებინა საწარმო, გაეხსნა სკოლა, დაესაქმებინა მოქალაქეები.

ცენტრალური დაგეგმარების პირობებში, სოფლიდან ქალაქში მიგრაციის მთავარი ტალღა თბილისზე მოდიოდა, რადგანაც აქ სახელმწიფოს მეტი გეგმიური სამუშაო ადგილი ჰქონდა შექმნილი. რეგიონალურ ქალაქებში კი სამუშაო ადგილებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურის არშექმნის გამო, მათი მოსახლეობა მნიშვნელოვნად ვერ გაიზარდა.

 

დღეისთვის ქალაქში საქართველოს მოსახლეობის 57% ცხოვრობს , სოფელში კი - 43% . საინტერესოა, რომ თითქმის 50 წლის წინ, 1970  წელს, საქართველოს ურბანიზაციის მაჩვენებელი 47%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოს მთლიან მოსახლეობაში ქალაქების წილი მხოლოდ 10%-ით გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ურბანიზაციის ამაზე მაღალი ტემპით ზრდა არ მოხდა, რადგან თბილისმა მისი ინფრასტრუქტურული განვითარების თითქმის ზღვრულ მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო რეგიონული ქალაქების მნიშვნელოვანი განვითარება კი არ მომხდარა.

 

რაც შეეხება საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდს, გასული წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ბათუმის მიერ ქუთაისისთვის ქვეყნის მეორე უმთავრესი ქალაქის ტიტულის ჩამორთმევა იყო. ბათუმის ზრდა ტურისტული და მომსახურების სექტორების მნიშვნელოვანმა განვითარებამ გამოიწვია, რამაც იქ დასაქმების ახალი პერსპექტივები შექმნა. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სახელმწიფოს მიერ ქალაქის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ჩადებულმა მილიონობით ლარმა.

მცირე ქალაქებისა და რეგიონების განუვითარებლობა საქართველოს ეკონომიკისთვის რეალური პრობლემაა. ის ქვეყანაში თბილისსა და სხვა რეგიონებს შორის ცხოვრების დონის არათანაბარი განაწილების უმთავრესი მიზეზია. ამ პრობლემის მოგვარების გზა ახალი მიზიდულობის ცენტრების ჩამოყალიბება და არსებული რეგიონული ცენტრების განვითარებაა, რაც შეიძლება შეიქმნას, რაიმე ახალი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტის გარშემო, რომელიც ქვეყანაში ახალი მსხვილი ქალაქის დაბადებას და მასში მოსახლეობის გადასვლას შეუწყობს ხელს.

 

თუ რეგიონული ქალაქები განვითარდა, ეს ხომ სოფლის მაცხოვრებელთა რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს?

ასეც იქნება, თუმცა ურბანიზაციის პროცესის ხელშეწყობით, პირველ რიგში, ამ ადამიანთა ცხოვრების დონე და შემოსავლები გაიზრდება. დღეს საქართველოს მოსახლეობის 43%, ანუ 1.5 მილიონი ადამიანი სოფლად ცხოვრობს.  მათგან დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი სოფლის მეურნეობის სექტორშია თვითდასაქმებული. თუმცა, დარგის განუვითარებლობისა და მცირემიწიანობის გამო, ეს ერთი მილიონი ადამიანი ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ 10% ქმნის. ეს ნიშნავს, რომ  საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან მცირე მოცულობის პროდუქციას აწარმოებს, რაც, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ქვეყნისთვის პრობლემაა.

 

ადამიანური კაპიტალი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კაპიტალია და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მის ეფექტურ გამოყენებას. ურბანიზაცია კი ამ კაპიტალის  განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობია. სოფლად მაცხოვრებელთა ქალაქში გადასვლა არ ნიშნავს სოფლის მეურნეობის დარგების შემცირებას, მაგალითად, ისრაელის მოსახლეობის მხოლოდ 10% ცხოვრობს სოფლად, მაგრამ ეს გარემოება ქვეყანას ხელს არ უშლის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი იყოს.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, 2050 წელს სოფლად საქართველოს მოსახლეობის 36% იცხოვრებს. ეს ნიშნავს, რომ ნახევარ მილიონამდე ადამიანი დატოვებს სოფელს და ქალაქში გადავა. თუ ამ პროცესს თან რეგიონული ქალაქების განვითარება და ახალი ქალაქების მშენებლობა დაერთო, სავარაუდოდ, ამ ადამიანთა უდიდესი ნაწილი, არა თბილისში, არამედ რეგიონულ ცენტრებში საცხოვრებლად გადასვლას გადაწყვეტს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინფოგრაფიკა ბმულზე

 

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

კომენტარები