16 მაისი 21 წუთის საკითხავი
ხელოვნება - ინვესტიციის ახალი შესაძლებლობა

ბაზელი, ლონდონი, დუბაი, მადრიდი, ნიუ-იორკი - თბილისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მასპინძელი ქალაქების სიას პირველად უერთდება. 17-20 მაისს TAF-ის ფარგლებში გამოფენები, პერფორმანსები და სხვა კულტურული, თუ შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება. გეოგრაფიული ფოკუსი აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს, რაც დამთვალიერებელს სრულიად ახალი და განსხვავებული ხელოვნების აღმოჩენის საშუალებას მისცმებს. TAF-ის ორგანიზატორის - საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორი კახა გველესიანი ხელოვნების ბაზრობის კომერციულ მხარეზე გვესაუბრა.

 

ამერიკისა და ევროპის ხელოვნების ბაზრობებს ნელ-ნელა დაემატა ჩინეთი, თურქეთი, ბრაზილია, ინდონეზია. როგორ გაჩნდა იდეა ამ ჩამონათვალში საქართველოც გამოჩენილიყო?

 

„ბაიერებსა“ და ხელოვნების მოყვარულებს მზარდი ინტერესი აქვთ რეგიონული და განვითარებადი სახელოვნებო სცენების მიმართ. მუდმივად სიახლის ძიებაში არიან და სურთ მასშტაბური ხელოვნების ბაზრობებისგან რაიმე განსხვავებული ნახონ. საქართველო ღიაა მთელი მსოფლიოსთვის. ასევე მზარდი ეკონომიკა და განვითარებული ინფრასტრუქტურა, სტუმართმოყვარეობა და გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ნამდვილად უნიკალურს ხდის იმისთვის, რომ წარმატებით უმასპინძლოს ხელოვნების პირველ საერთაშორისო ბაზრობას და გახდეს მთელი რეგიონის კულტურული ცენტრი.

 

რა არის TAF-ის მიზნები?

 

რადგან ჩვენ ახლა არტის ბიზნეს მიმართულებაზე ვსაუბრობთ, ამ ბაზრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობირვი და რეგიონული ხელოვნების სფეროს მოღვაწეებისათვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. TAF-ზე წარმოდგენილი არტისტებიდან ბევრი გახდება ისეთი მოთხოვნადი და გაყიდვადი ხელოვანი, რომლებზეც წლების შემდეგ აუცილებლად იფიქრებთ, რომ ნამდვილად ღირდა მათი ნამუშევრების შეძენა თბილისის ხელოვნების პირველ ბაზრობაზე. TAF-ის მიზნებია ჩამოაყალიბოს და განავითაროს ხელოვნების ადგილობრივი ბაზარი და გახადოს უფრო პროფესიონალური, ხელმისაწვდომი და ინტეგრირებული საერთაშორისო ხელოვნების ბაზართან; შექმნას მყიდველების ახალი თაობა, გაზარდოს ხელოვანების ცნობადობა ლოკალურად და ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

TAF - როგორც ინვესტიციის განხორციელების ადგილი და სრულიად ახალი შესაძლებლობა

 

ასეთი ბაზრობები დღესდღეობით არტ-ბაზრის წამყავნი მოთამაშეები არიან. მხოლოდ 2017 წელს 14 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნამუშევრები გაიყიდა ხელოვნების ბაზრობებზე. თქვენ რომ 20-30 წლის წინ რამდენიმე ათასი დოლარის ინვესტიცია განგეხორციელებინათ და ხელოვნების სწორი ნამუშევარი შეგეძინათ, დღეს რამდენიმე მილიონი დოლარი გექნებოდათ. პირველად ათწლეულების განმავლობაში ხელოვნება ფუფუნების საგნების კუთხით განხორციელებული ინვესტიციის სათავეში დგას და უსწრებს ძვირფას ღვინოებს, საათებს, საიუველირო ნაწარმს, მანქანებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ნამუშევრის შესაძენად მილიონი დოლარი უნდა გქონდეთ. დღეს ხელოვნება აღარ არის მხოლოდ ელიტური, მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისა და კოლექციონერებისათვის ხელმისაწვდომი სფერო. თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა ფასის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. მათგან ძალიან ბევრი ჯერ კიდევ რამდენიმე ასეული ან ათასი დოლარი ღირს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მათი ღირებულება ერთიორად იქნება გაზრდილი.

 

როგორ შეუწყობს TAF საქართველოში ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვის აქამდე ნაკლებად განვითარებული კულტურის ჩამოყალიბებას ხელს?

 

თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე შეხვდებით გალერეების მიერ წარმოდგენილ და ასევე დამოუკიდებელ ხელოვანებს, რომელთა ნამუშევრების ფასი ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად მატულობს და რომლებმაც დაამტკიცეს, რომ სწორ და წარმატებულ ინვესტიციას წარმოადგენენ. TAF ხელოვნების სფეროში ვაჭრობის კულტურას შექმნის და განავითარებს. ნამუშევრის შეძენისას უნდა გვახსოვდეს, რომ არტისტსა და მის ნიჭში ვდებთ ინვესტიციას და არა ნამუშევარში. თუმცა ახალ შენაძენს არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ კომერციული კუთხით. თქვენ ყიდულობთ გონებით, რადგან მნიშვნელოვანია სწორი ფასის გადახდა, მაგრამ, ამასთანავე, თქვენ ყიდულობთ თვალებით, რადგან აკეთებთ შენაძენს, რომლითაც მთელი ცხოვრება უნდა ისიამოვნოთ, უყუროთ თქვენს სახლში, სიამაყით აჩვენოთ მეგობრებს, აღგიძრათ ემოციები. ყველაფერთან ერთად ეს არის ზედმეტი ძალისხმევის, ციფრებზე და გრაფიკებზე დაკვირვების გარეშე, მშვიდად განხორციელებული ფულადი ინვესტიცია.

რა პროცესებს დაუდებს დასაბამს თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა?

 

ეს გახდება ყოველწლიური პროექტი, რომელიც სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ ქვეყნის არტ-ინდუსტრიისათვის, არამედ ტურიზმისა და ეკონომიკისთვისაც. ამ ბაზრობისთვის თბილისში ასობით ადამიანი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან. TAF ერთმანეთთან დააკავშირებს გალეერებს, არტისტებს, კოლეცქიონერებს, კურატორებსა და მედიის წარმომადგენლებს. ხელოვნების ბაზრობებს საკუთარი სპეციფიკა აქვთ, სწორედ ამიტომ რამდენიმე რჩევა: როდესაც მოხვალთ თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე, არ მოგერიდოთ არანაირი შეკითხვის დასმა, რომელიც დაგებადებათ, გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, ან უბრალოდ თქვენს ცოდნას გააღრმავებს. გვკითხეთ ჩვენ, ჰკითხეთ გალერეებსა და ხელოვანებს Hive პავილიონში. როდესაც მოგეწონებათ ნამუშევარი, იკითხეთ ფასი - ხშირად ის იმაზე ნაკლებია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. უფრო მეტიც, მიღებული პრაქტიკაა ისარგებლოთ ფასის განსაკუთრებული შეთავაზებით, რაც ხშირად შესაძლებელია ხოლმე. 17 მაისს TAF გახსნის საერთაშორისო ფანჯარას ქართული გალერეებისათვის და ხელოვანებისათვის და საქართველო მსოფლიო არტ-ბაზრის ნაწილი გახდება.

 

 

მარიამ ყანჩაველი

ფოტო: სერა ძნელაძე

კომენტარები