21 ნოემბერი 15 წუთის საკითხავი
შრომის უსაფრთხოება - დასაქმებულთა უფლებები და დაცული სამუშაო გარემო

მიუხედავად იმისა, რომ არასათანადო სამუშაო პირობების გამო, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად იმატა დასაქმებულებთა ფიზიკურმა დაზიანებებისა თუ ფატალური შემთხვევების რიცხვმა, ადამიანების ნაწილისთვის დღემდე უცნობია, რას ნიშნავს შრომის უსაფრთხოება და დაცული სამუშაო გარემო, და ვის ეკისრება მასზე პასუხისმგებლობა.

 

ერთი მხრივ, სწორედ გახშირებული ინციდენტების გამო, მეორე მხრივ კი ევროკავშირის მოთხოვნებიდან და მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 2019 წლის 1 სექტემბრს ამოქმედდა.

 

კანონის მიზანია, მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა თუ საქმიანობით გამოწვეული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით, განსაზღვროს ზოგადი პრონციპები და პრევენციული ღონისძიებები სამუშაო სივრცეში, განურჩევლად ორგანიზაციის საქმიანობისა და დასაქმებულთა რაოდენობისა.

სწორედ დასაქმებულთა უფლებებზე, დამსაქმებლის ვალდებულებებზე, შრომის უსაფრთხოების სტანდარტებზე, მოსალოდნელ საფრთხეებსა და მათ პრევენციაზე ისაუბრეს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „რეგისის“ ექსპერტებმა 8 ნოემბერს, B COM-ის წევრი კომპანიებისთვის გამართულ ტრენინგზე.

 

რა ევალება დამსაქმებელს შრომის უსაფრთხოების კანონით გაწერილი სტანდარტის მიხედვით?

 

ორგანიზაციების სამუშაო სფეროდან გამომდინარე, დამსაქმებლი ვალდებულია, დაიცვას უსაფრთხოების წესები სხვადასხვა მიმართულებებით: სახანძრო უსაფრთხოება, ელექტრო უსაფრთხოება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოება, სამუშაო პროცესების უსაფრთხოება, დასაქმებულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოება, ხელსაწყოებისა და დანადგარების უსაფრთხოება და სხვა.

 

დამსაქმებელს ევალება, აიყვანოს, ან არსებულ კადრიდან გამოყოს და სათანადოდ გადაამზადოს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, კონსულტაციას და, საჭიროების შემთხვევებში, სათანადო დახმარების გაწევას.

 

„თუ დასაქმებულთა რაოდენობა 20 ან ნაკლებია, დამსაქმებელს შეუძლია აქედან რომელიმეს შეუთავსოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიცია, რომელსაც გავლილი უნდა ჰქონდეს კანონით განსაზღვრული აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 100-მდე დასაქმებული ჰყავს, აუცილებელია არა შეთავსება, არამედ საგანგებო კადრის დამატება, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით“ - ამბობს შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „რეგისის“ არხული გაყიდვების მენეჯერი, ნინო ანასტასიადი. საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში, შიდა კადრის საჭიროება აღარ არსებობს, რამდენი დასაქმებულიც არ უნდა ყავდეს კომპანიას, რადგან აუთსორსი სრულად ანაცვლებს შიდა კადრს. 

კანონის საფუძველზე, შრომის უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია კომპანიის წინასწარი გაფრთხილებისა და სასამართლო ნებართვის გარეშე განახორციელოს ინსპექტირება, სტანდარტებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შეუსაბამობების შემთხვევაში კი მიიღონ ზომები.

 

„სახელმწიფო ორგანოების ინსპექტორებს ქვთ უფლება, შეაჩერონ სამუშაო პროცესი, კანონთან კრიტიკულად შეუსაბამობის შემთხვევაში, ვიდრე ეს დარღვევები არ გამოსწორდება. გარდა ამისა, შესაძლებელია კომპანიებს მისცენ რეკომენდაციები, ასევე გაფრთხილება და გონივრულ ვადაში დარღვევების გამოსწორების საშუალება. თუ ამ ვადაში სიტუაცია არ გამოსწორდა, კომპანია დაჯარიმდება. ყველა ინციდენტს სხვადასხვა საჯარიმო სანქცია აქვს და შესაბამისად, თანხებიც სხვადასხვაგვარია, 100 ლარიდან 50 000 ლარამდე.“

 

ნინო ანასტასიადი ამბობს, რომ საზოგადოების ინტერესი ამ მიმართულებით საკმაოდ მაღალია, შესაბამისად, „რეგისი“ „თიბისი ბანკთან“ ერთად მომავალშიც გეგმავს ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი სპეციალისტები დეტალურად ისაუბრებენ დაცული სამუშაო პირბებისა და ყველა იმ მიმართულების შესახებ, რასაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტი ითვალისწინებს.

 

კომენტარები