4 აპრილი 32 წუთის საკითხავი
20 საათში ერთი „სტარტაპი“- სტატისტიკა ბერლინიდან

ლონდონი, ბერლინი, სტოკჰოლმი, ვენა, ჰელსინკი... რამდენიმე წელია ევროპის უდიდესი ქალაქები „პირველი სტარტაპ-ქალაქის“ ტიტულს ვერ იყოფენ. ახალი ინვესტიციები, ბრენდები და რაც მთავარია იდეები- ამ და სხვა მეგაპოლისების ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა და სტიმულია. რა არის საჭირო პირველობის მოსაპოვებლად და რას სწავლობენ „სტარტაპრები“ ერთმანეთის გამოცდილებით...

 

ბერლინი თუ ლონდონი

 

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე თამამები საკუთარი იდეების რეალიზაციის ადგილად უმეტესად ლონდონს ან ბერლინს ირჩევენ. ეს უკანასკნელი არც ისე მდიდარია, როგორც ლონდონი, მაგრამ ამის კომპენსაცია- ბერლინის ხელმისაწვდომობაა, ლონდონთან შედარებით გერმანიის დედაქალაქში ცხოვრება „იაფია.“ ბოლო დროს ლონდონს თითქმის გადაულახავი წინააღმდეგობა შეხვდა. ბრექსიტის გამო ლონდონი ინვესტორების თვალში სტაბილურობის განცდას კარგავს. ბრიტანული მედია ხშირად წერს, როგორ აფერხებს ბრექსტი ლონდონის, როგორც ევროპის პირველი სტარტაპ ქალაქის დამკვიდრების შესაძლებლობას და ამასობაში როგორ ითვისებენ ახალ შესაძლებლობებს სხვა ევროპული ქალაქები.   გავლენიანი ბრიტანული გამოცემაც „Times“ კი ბერლინზე წერს - „Capital of cool“ (https://www.thetimes.co.uk/static/how-berlin-became-capital-of-cool/_)

 

რისკი, ინტუიცია, იდეა

 

ბანალურია, მაგრამ წარმატების ერთ-ერთი მიზეზი არა მხოლოდ შრომა, არამედ კარგი ინტუიცია და სწორ ადგილას მოხვედრაა. უმეტესად ორმხრივი თანამშრომლობით, მცირე ადამიანური რესურსითა და სწორი ფინანსური გეგმით, ბერლინი მინიმუმ ასზე მეტ წარმატებულ სტარტაპბიზნესს ითვლის. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მათ შორის ონლაინგაყიდვების ქსელი „Zalando-ა.“ ათი წლის წინ დავიდ გრენცმა და რობერტ შნეიდერმა ფეხსაცმელების ონლაინ მაღაზია გახსნეს. შეკვეთებს ისინი ბერლინის ერთ-ერთი ცენტრალურ ქუჩაზე საერთო საცხოვრებლის სარდაფში  ფუთავდნენ და კლიენტთან გზავნიდნენ იქიდან გზავნიდნენ. ახლა „ზალანდო“ მომხმარებელს 1500 პარტნიორი კომპანიის პროდუქტს სთავაზობს, ჰყავს 15 ათასი თანამშრომელი და განკარგავს 5,4 მილიარდ ევროს.

 

 

GoEuro- მარიტივი სერვისის უკან, რომელიც მოგზაურებს დისტანციურად ნებისმიერი ტრანსპორტის ბილეთის დაჯავშნას ან მათი ფასების შედარებას სთავაზობს, მარტივი იდეა, 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 300 თანამშრომელი დგას. ამ სერვისით ყოველთვე თითქმის 30 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

 

პროფესიით ბიოქიმიკოსმა რენე კულემანმა ამავე სფეროში სტარტაპ პროექტზე მუშაობის პარალელურად ფსიქოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა და სწავლის დასრულებისთანავე ახალ საზოგადოებრივ პროექტზე დაიწყო მუშაობა. შედეგად პირადი გამოცდილება კულემანმა არა მხოლოდ სასარგებლო საქმედ, არამედ ბიზნესად აქცია. როგორ შეიძლება დასაქმდეს აუტისტური სპექტრის პირი აშლილობის პირი და როგორ უნდა მოემზადოს სამუშაოსთვის- ასე გაჩნდა ვებგვერდი diversicon.de და მასთან ერთად სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის და ტრენინგები, არა მხოლოდ მათთვის, არამედ დამსაქმებლებისთვის.

 

 

ზოგჯერ კარგად დაფიქრება საკმარისია, რომ  რაიმე სურვილი არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც შეუსრულო. თანამედროვე ტექნოლოგიების სურვილების რეალიზების და კომერციულ პროექტად  ქცევის საშუალებას გვაძლევს. იდეის მხოლოდ ორი ავტორი და ამავე დროს თანამშრომელი აღმოჩნდა საკმარისი, რომ „მოეწყოთ“ სივრცე სამსახურისგან დაღლილი და უმოტივაციო ადამიანებისთვის. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორას ქვეყანაში სამასმა მილიონმა ადამიანმა სცადა განტვირთვა noisli.com-ის საშუალებით. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია მოუსმინო სხვადასხვა ხმას, აღმოჩნდე იზოლირებულ გარემოში ან გულის მოსაოხებლად დაწერო ნებისმიერი შინაარსის ტექტი, ისე რომ არც მართლწერაზე იდარდო და არც შედეგებზე. იდეის ავტორები ამტკიცებენ, რომ ამ ხერხებით დასაქმებულ ადამიანებს განწყობა უხალისდებათ და მათი სამუშაო მოტივაცია იზრდება.  

 

ათასობით ადამიანს უნდა მუსიკალურ ინსტუმენტზე უკრავდეს, ისე რომ სწავლისთვის მინიმალური დრო და ფული დახარჯოს. რა უნდა იყოს ყველაზე მოსახერხებელი თუ არა App სმარტფონში. 2014 წელს ცნობილმა პიანისტმა, რომლის ვიდეოებს Youtub-ზე 90 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს,  მუსიკის მასწავლებელმა, რომელიც ამავე დროს „იუთუბერია“ და ასევე კლასიკური მუსიკის სპეციალისტმა მუსიკით გატაცებული ადამიანებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ვიდეოგაკვეთილები შექმნეს -www.flowkey.com.

 

ჩამოთვლილი  „გამოგონებები“ ბერლინს ეკუთვნის, „გამომგონებლების“ ასაკი და სამუშაო გამოცდილება განსახვავებულია. როგორც ამბობენ „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა,“ ამიტომ მხოლოდ იდეის არსებობა არ კმარა, თუკი ამ იდეას სწორი შემფასებელი და დამფასებელი არ ჰყავს. ძალიან ხშირად, ერთი შეხედვით ძალიან არარეალური იდეა გერმანიის წარმატებულ და საიმიჯო სტარტაპბიზნესად იქცევა ხოლმე. ეს იმიტომ, რომ აქ ყველამ იცის „ოქრო“ დუმილი კი არა იდეაა! „გაბედე, იყავი თამამი, იაზროვნე გეგმებსა და შესაძლებლობებს მიღმა, წარმოიდგინე შეუძლებელი და აქცია შესაძლებლად!“- ბერლინი მზადაა, არა მხოლოდ მოგისმინოს, არამედ შანსი მოგცეს.

 

 

რატომ ბერლინი

 

2018 წელს გერმანიაში სტარტაპბიზნესში 4,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 2,64 მილიარდი ბერლინზე მოდის. რამდენიმე მიზეზის გამო დედაქალაქი ლიდერად რჩება და შესაძლებლობას არ აძლევს ჰამბურგსა და მიუნხენს, პირველ ადგილზე გადაინაცვლონ. ბოლო წლის მონაცემებით ბერლინში სტარტაპერების 54 პროცენტის კაპიტალმა მილიონ ევროს გადააჭარბა.  სტარტაპპროექტების მხოლოდ 22 პროცენტმა ისარგებლა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით, სხვა შემთხვევაში ისინი იდეების საკუთარი რესურებს იყენებენ ან ე.წ „Venture-Capital“ მიმართავენ.

 

როგორც სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ბერლინის წარმატება მის მრავალფეროვნებას უკავშირდება. 2018 წლის აპრილის მონაცემებით ბერლინში 180 სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობს, სტარტაპროექტების თანამშრომლების 42 პროცენტი უცხოელია, პოტენციური „გამომგონებლების“ 71 პროცენტი მზად არის საცხოვრებლად ბერლინში გადავიდეს. საერთო ჯამში კი მთელი მსოფლიოდან ბერლინში 200.000 ადამიანი სწავლობს, მუშაობს და იკვლევს.

 

თუმცა გადამწყვეტი მაინც ის არის, რომ ბაზარზე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების სიმცირე არაა. დედაქალაქში 11 სახელმწიფო უმაღლესი და 30-ზე მეტი პროფესიული სასწავლებელია, რაც ნიშნავს, რომ დამსაქმებლებს პოტენციური თანამშრომლების მოძებნა იოლად შეუძლიათ. მაგრამ დამქირავებლების დიდი ნაწილი მაინც ჩივის, რომ ბაზარზე საკმარისად მომზადებული სპეციალისტები არ არიან, არსებული ბიუროკრატიისა და ვიზასთან დაკავშირებული საკითხების გამო კი სხვადასხვა ქვეყნიდან თანამშრომლების გადმოყვანა უჭირთ. ამასთან ისინი ქვეყნის მასშტაბით ბიუროკრატიის შემცირებას და საგადასახადო პროცესების გამარტივებას ითხოვენ.

 

 

Siemensstadt 2.0

 

ბერლინი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ, ამბიციურ და ისტორიულ სტარტაპპროექტზე მუშაობას იწყებს. „სიმენსი“ 70 მდე ჰექტარ ფართობზე ქალაქში პატარა „კამპუს-ქალაქს“ აშენებს, სადაც ლაბორატორიები, ოფისები, კვლევითი ცენტრები, საცხოვრებელი ბინები და სასტუმრო აშენდება. „სიმენსის“ წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ეს იქნება სამეცნიერო კვლევების ინკუბატორი და  გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპ პროექტი. მთავარი გამოწვევა ხელოვნურ ინტელექტზე, 3D ანუ სამგანზომილებიან ბეჭდვის სისტემაზე, ახალ ტექნოლოგიურ წყობა  -ინდუსტია 4.0-ზე, მონაცემების ანალიზსა და ელექტომობილიტეტზე მუშაობაა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დასაქმდება, მაგრამ ამ პროექტში 600 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო.

 

ახალ ამბიციურ იდეებს,  გეგმებს და გამოცდილებას სტარტაპერები ერთმანეთს 11 და 12 აპრილს ბერლინში გააცნობენ.   Capital of cool“ ევროპის ერთ-ერთი მასტაბური ფორუმისთვის „Europe’s Business Festival for Digital Movers and Makers“ ემზადება. ეს საუკეთესო შანსია, მოუსმინო ყველაზე წარმატებული სტარტაპერების გამოსვლებს მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების ფასი 390 დან 890 ევრომდე მერყეობს, მათი დიდი ნაწილი გაყიდულია.

 

ავტორი: თამარ ილურიძე

 

კომენტარები