25 მაისი 24 წუთის საკითხავი
წარმატების 0 ოქროს წესი

შენც გქონია შეგრძნება, რომ დედამიწა აჩქარდა? რომ 24 საათი უფრო მალე გადის, ვიდრე რამდენიმე წლის წინ გადიოდა? როგორც ყოველთვის, ყველაფერი ტექნოლოგიების ბრალია - ვაჭერ „გაგზავნას“ და შეტყობინება მომენტალურად ვარდება შენს მობილურზე - „შენთან წერილია“, მაშინ, როცა ჩვენს ახლო წინაპრებს წერილის გაგზავნაზე კვირები ეხარჯებოდათ... რამდენიმე საათში ჩავდივარ მეორე ქვეყანაში, სადაც ჩასასვლელად ფათერაკიანი ექსპედიციით თვეობით მიდიოდნენ (ძალიან მალე, რამდენიმე წუთშიც ჩავალ - Hyperloop-ზე ალბათ გსმენიათ...). ბარიერები თითქმის აღარ არსებობს, განსაკუთრებით, დროსთან დაკავშირებული ბარიერები და, პრინციპში, რომანტიკაც, თუმცა ამაზე სხვა დროს. ახლა სიჩქარეზე ვსაუბრობ, რომელიც იმატებს და ჩვენც ფეხს ვუწყობთ. თუ არ აუწყობ, მაშინ სტარტაპი, ბიზნესი, ელონ მასკი და მარსი შორს დაგრჩება და ესეც, რა თქმა უნდა, არჩევანია… თუმცა, რადგან ამ ბლოგს კითხულობ, სავარაუდოდ, არჩევანიც გააკეთე...

 

10 წლის წინ ვებგვერდის შექმნასაც თვეები უნდოდა, ახლა კი ესეც MC Drive-ვითაა: დარეგისტრირდები სპეციალურ გვერდზე, აირჩევ შაბლონს და მხოლოდ ფოტოს და ტექსტის ატვირთვაღა გინდა - ვებგვერდი მზადაა!

 

პროდუქტების, პროექტების, ინიციატივების შექმნას, დაგეგმვას და ადამიანებამდე მიტანას უამრავი კვლევა, ხოლო მათ წლები და დიდი ფინანსები სჭირდებოდა, ახლა იდეა შეიძლება თვეებში ან კვირებში რეალურად განახორციელო და გატესტო … შეცდომა? რა პრობლემაა, როცა ერთი თვე და დაახლოებით 200$ დაგეხარჯა... თავიდან დაიწყებ.

 

და გამოდის, რომ ექსპერიმენტების ეპოქაში ვცხოვრობთ = ცდების, პროტოტიპების, ინიციატივების ეპოქაში - ჩემთვის ეს სიტყვები სინონიმებია.

 

მთავარია, ექსპერიმენტის წარუმატებელმა შედეგმა - „მარცხმა“ არ დაგთრგუნოს. წმინდა მეცნიერულადაც ხომ ექსპერიმენტის მთელი არსი იმაშია, რომ წინასწარ არ იცი, რა შედეგს მიიღებ: შეიძლება შენი ცდა არ გამართლდეს, მაგრამ შეიძლება ელექტრონათურა გამოიგონო. ნათურა ვახსენე და,  სწორედ თომას ედისონი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომგონებელი და ბიზნესმენი ამბობდა, რომ მან წარუმატებლობა შექმნის პროცესის ბუნებრივ მახასიათებლად მიიღო. წარუმატებელი ცდა მარცხი სულაც არ არის, როდესაც მისგან ცოდნას იღებ - „წარმატების რეალური საზომია ის, რამდენი ექსპერიმენტი შეგიძლია ჩაატარო 24 საათში“.

და მაინც, რა საჭიროა ექსპერიმენტი - ეს გაურკვევლობა, თავის ტკივილი?! იქნებ სჯობს, კარგად დაგეგმო, გაიაზრო, გათვალ-გამოთვალო, როგორც საჭიროა. ლოგიკურად ჟღერს, თუმცა: „თუ ეცდები, ფრთხილად დაგეგმო ყველა ნაბიჯი, სანამ მას გადადგამ, თუ არჩევანს ნელ, დეტალიზებულ დაგეგმვაზე გააკეთებ იმ იმედით, რომ ეს მარცხისგან დაგიცავს - უბრალოდ, თავს მოიტყუებ. როდესაც შენი მთავარი მიზანია წინასწარ დაგეგმო თითოეული დეტალი, თავისთავად იზღუდავ ინოვაციურობას და მხოლოდ ზრდი შანსებს, იყო არაორიგინალური, რადგან უკვე არსებულის, შექმნილის გადმოღება უფრო მარტივი და უსაფრთხოა“, - ამბობს ედ კატმული, პიქსარის შემქმნელი, „პიქსარისა“ და „დისნეის“ სტუდიების დირექტორი.

 

მარტივად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული დაგეგმვისას ორ მნიშვნელოვან მოედანზე მარცხდები, ესენია: დრო და ინოვაცია.

წიგნებიდან ფრაზების დაჯერება მე თვითონაც მიჭირს ხოლმე, მაგრამ ეს ამბავი ზუსტად და ზედმიწევნით ჩემს თავზეც გამოცდილი მაქვს. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემს მეგობარს მოგვივიდა იდეა, ხელნაკეთი ნივთების ონლაინმაღაზია გაგვეკეთებინა. ძალიან დიდხანს ვქმნიდით სახელს, ლოგოს, შემდეგ საიტს (ბოლო დეტალებამდე - თითოეულ გვერდს, ხაზს, ასოს მივდევდით), დიდხანს ვიღებდით გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ პროდუქტის შერჩევა-განთავსებაზე , თითოეულ ფოტოზე და დიზაინზე კვირებს ვხარჯავდით… დაახლოებით წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა გასაშვებად. ამ დროში ა) უკვე იყო მსგავსი საიტები - დავკარგეთ პირველობის ეფექტი; ბ) აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ბიზნესმოდელი არ მუშაობდა; გ) ვერ მოვახერხეთ შეგვექმნა რაიმე ახალი და გამოგვივიდა საშუალო დონის ვებგვერდი არაინოვაციური კონცეფციით.

 

ახლა რომ ვუფიქრდები, შეგვეძლო ძალიან მარტივად შეგვექმნა სულ მცირე პროტოტიპი, თუნდაც facebook-ის გვერდზე გაგვეტესტა და წინასწარ გაგვეგო ბევრი რამ, რაც ჩვენს წარუმატებლობას ამდენ დროს და რესურსს ააცილებდა (კიდევ კარგი, ბლოგის მაგალითად მაინც გამომადგა, გამოდის, რომ რაღაც მაინც ვისწავლე).

 

მორალი: ექსპერიმენტი - ამ შემთხვევაში იგივე მარტივი პროტოტიპი - ამცირებს მარცხის დროს და რესურსს, თან აღმოჩენებში გვეხმარება.

 

ექსპერიმენტის კულტურა მხოლოდ სტარტაპებისთვის კი არა, ნებისმიერი სიდიდის  ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია. თუ შენი თანამშრომლები არ არიან ექსპერიმენტატორის ტალღაზე, ე. ი. არც რამის ახლებურად კეთებას ცდილობენ, არც თავიანთ შემოქმედებით უნარებს იყენებენ ბოლომდე და უბრალოდ ასრულებენ საქმეს საშუალოდ, დამაკმაყოფილებლად, მაგრამ ინიციატივის და გაუმჯობესების გარეშე. ყოველდღიურობაში თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ რა შედეგი იქნება გრძელვადიან პერიოდში? კონკურენტი აუცილებლად გაჯობებს. ეს ალბათ იმიტომ არ ხდება, რომ ცუდი თანამშრომლები გყავს, არ უყვართ თავიანთი საქმე, ან არ უნდათ უკეთესად აკეთონ -  ინიციატივის დონეს, უმეტესად, კომპანიის კულტურა განსაზღვრავს.

 

ორგანიზაციის კულტურის შექმნა ან ცვლილება კომპლექსური ამოცანაა, თუმცა, პირველ რიგში, ისეთი გარემოა საჭირო, სადაც ექსპერიმენტები წახალისებულია. დასაწყისისთვის სცადე ახალი იდეები ჩანასახშივე არ მოკლა  და იდეის ავტორებს მათი თუნდაც მცირე რესურსით პროტოტიპირების საშუალება მიეცი - დღეს ამის გასაკეთებლად ძალიან ბევრი საშუალება არსებობს.

0 წესი

და თუ ექსპერიმენტების ეპოქაში ვცხოვრობთ, ე.ი. ჩვენ-ჩვენს საქმეებში ყველა მკვლევარები ვართ. და რაც უფრო მეტ ექსპერიმენტს, ექსპედიციას და ცდას ჩავატარებთ, მით მეტია შანსი, რამე ღირებული აღმოვაჩინოთ. ეს ჩემი აზრი არაა - კვლევებით არის დამტკიცებული, რომ წარმატებული და შემოქმედებითი ადამიანები იმიტომ არიან ასეთები, რომ სხვებთან შედარებით მეტ ექსპერიმენტს ატარებენ; მათ თავიდანვე უკეთ კი არ გამოსდით გოლების გატანა, უბრალოდ, მეტჯერ ურტყამენ ბურთს კარში. ეს ინოვაციის მათემატიკაა, მაგრამ რადგან ჩემს ბლოგს „0 წესი“ ჰქვია, სიტყვაზე მაინც ნუ დამიჯერებთ, თქვენ თვითონ სცადეთ და შედეგებიც თავად შეაფასეთ.

აბა, წარმატებები!

 

ავტორი: თათია კარიაული

 

კომენტარები