1 თებერვალი 23 წუთის საკითხავი
წარმატება რეცეპტის გარეშე

ჰიმალაებში, იქ,  სადაც მიწიდან ცამდე მანძილი ყველაზე მცირეა, ციურ ოცნებებსა და მიწიერ მიზნებს შორის ზღვარიც იშლება. მწვერვალზე მდგომი მთამსვლელი მიღწეული მიზნის სიცხადეს მიწის სიმყარით, ახდენილი ოცნების ეიფორიას კი ცის სიახლოვით შეიგრძნობს. 

ჰიმალაების აქამდე ფეხდაუდგმელ მწვერვალ ლარკიასკენ პირველი ქართული გზა გაიჭრა! კილომეტრებზე აჭიმული, მთის მასივის რომელიღაც ცაში შეჭრილ წერტილზე პირველად გათანაბრდა ოცნება და მიზანი. მანამდე აქ არავის არაფერი უგრძვნია, ცოტა ხნის წინ კი, ქართველმა მთამსვლელებმა გააცოცხლეს მწვერვალი, რომელიც არსებობდა, თუმცა, დარწმუნებული, რომ მისკენ მიმავალს მუჰამედი არ ერქვა, უძრავად, დინჯი მდუმარებით ელოდა სტუმარს.

 

 „ლარკია ხელუხლებელი და მიუდგომელი განძივით იყო, მასზე ადამიანს ფეხი არ დაედგა“- ვკითხულობდი სტატიაში, რომლიდანაც ამ ახალი ამბის შესახებ შევიტყვე. თოვლიანი, კლდოვანი მწვერვალისკენ მიმავალ ციცაბო გზაზე სამუდამოდ დარჩა სამთო ფეხსაცმლის ქართული კვალი, რომელზეც გაივლიან დანარჩენები, ვინც შემდგომ მასზე ავა, მაგრამ რამდენმა მთამსვლელმაც არ უნდა დაიპყროს იგივე მწვერვალი, ის მაინც ყოველთვის პირველი წრიაპის კვალით იქნება დანიშნული.

ვკითხულობდი მწვერვალის გაცოცხლების ამბავს და ვფიქრობდი - რა არის  წარმატება? ევერესტის 4470-ე სტუმრად ქცევა, თუ ახალი, ციდან 2 კილომეტრით მეტად დაშორებული, თუმცა ხელუხლებელი მწვერვალის დაპყრობა? რა არის წარმატება -  გამეორება, თუ ახლის შექმნა? რა არის წარმატება, რომლის გაგონებაზეც, ჩემდაუნებურად, მახსენდება  სიტყვა „გაზიარება“. მახსენდებიან ისინი, ვინცა აზიარებენ, და ისინი, ვინც იზიარებენ წარმატებას?

 

ადამიანს სურს, იყოს წარმატებული. ამ სურვილით შეპყრობილი ბევრი ჩვენგანისთვის, „გაზიარება“ ოცნების ახდენის მთავარი გზაა. ვისმენთ წარმატებული სტარტაპერების, რეჟისორების, მთამსვლელებისა თუ მენეჯერების ისტორიებს, თითქოს რაღაც დაფარულსა და შთამაგონებელს რომ გვიმხელენ. შემდეგ ამ ამბებს  ფორმულებად ვაქცევთ და გვგონია, რომ თუ ჩვენც ზუსტად ისე ვიმოქმედებთ, როგორც წარმატებული  სტარტაპის, სპექტაკლის, ექსპედიციისა თუ პროექტის ავტორები, მათი წარმატება მთელი  დიდებით ჩვენზეც გადმოვა. ვზივართ და ვქექავთ სხვისი წარმატების ისტორიებს, და ზოგჯერ სხვა გამოსავალს რომ ვეღარ ვპოულობთ, ვცდილობთ მივბაძოთ წარმატებულებს და ამ დროს გვავიწყდება, რომ  სინამდვილეში „გამეორება ცოდნის დედაა“ და  არა წარმატების, რომლის გაზიარებაც სულ სხვა რამეს ნიშნავს.

 

წარმატების გაზიარების მრავალი წარუმატებელი მცდელობა არსებობს:

 

დასავლეთში, სადაც წიგნის მაღაზიების დახლები სავსეა „პედაგოგიური“ ლიტერატურით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში „self-help” წიგნების პოპულარობა საოცრად იზრდება. ავტორები თავიანთ მაგალითზე გვასწავლიან, „როგორ ვიშოვნოთ მილიონი“, „როგორ გავხდეთ უკეთესი ცოლი“, „როგორ დავწინაურდეთ სამსახურში“.  ლიტერატურის ეს ჟანრი მიმზიდველია - შვებას გვგვრის, კარგ ხასიათხე გვაყენებს და გვაიმედებს ბრაზილიის ერთ-ერთ პროვინციაში დაბადებული ღატაკი ბიჭის მაგნატად ქცევის ისტორია, ან იმ 7 ჩვევის გაზიარება, რომლებიც ეფექტურს გახდის ჩვენს მუშაობას... ამ წიგნებში ტყუილი არაფერია, პირიქით, ისტორიები ნამდვილია, თუმცაღა ისინი, ვინც ბაძავენ წიგნის წარმატებულ პერსონაჟს, თავად, რატომღაც, ვერ იზიარებენ წარმატებას.

 

წარმატების გაზიარებას ვცდილობთ ცნობილი წარმატებული ადამიანების რჩევების დამკვიდრებითაც:

 

"That’s been one of my mantras — focus and simplicity. Simple can be harder than complex; you have to work hard to get your thinking clean to make it simple." - ამბობს სტივ ჯობსი

 

 „Surround yourself with only people who are going to lift you higher.“ - ოპრა ვინფრი

ეს გამონათქვანები სრული სიმართლეა, მათი უარყოფა - თითქმის წარმოუდგენელი. მაგრამ სიმართლის გაზიარება არ არის საკმარისი წარმატებისთვის. რაღაც უფრო ძლიერის რწმენაა საჭირო, ძლიერის არა მისი შინაარსით, არამედ მიღების ფორმით. ადამიანი, ვინც დაიპყრო ფეხდაუდგმელი მწვერვალები, ადამიანი, ვინც დაწერა წიგნები მიზანსწრაფულობის შესახებ, ადამიანი, ვინც შექმნა „apple“, ადამიანი, ვინც აიხდინა „აუხდენელი“ ოცნებები - თავად წერს წარმატების ფორმულებს, თავად ფიქრობს, თავად ქმნის იმას, რისიც შემდეგ მთელი ცხოვრება სჯერა. კი, ნიუტონის კანონები ზუსტია და არასდროს ცდება, მაგრამ ნამდვილი ფიზიკოსი ყოველთვის ცდილობს ახლის აღმოჩენას. ის სწორედაც რომ იზიარებს ნიუტონის წარმატებას, რომელიც, თავის მხრივ, ხიდან ვაშლის ჩამოვარდნისას, საერთოდ არ ფიქრობდა, როგორ ახსნიდა ამ ფაქტს მისი მეგობარი დიულერი.

 

არ არსებობს კარიერული წარმატების უნივერსალური გზა.

 

არ არსებობს ოჯახური წარმატების უნივერსალური გზა.

 

არსებობს წარმატების შენი გზა, რომელიც ხან კვეთს, ხან იხლართება ჩემს, მის, მათ გზებში და ამ დროს ზიარდება კიდეც. უნივერსალიებს, რომლებსაც ჩვენ არ ვქმნით, გაზიარება არ სჭირდება, ისინი ისედაც მზა ფორმით გვეძლევა. წარმატება კი თითოეული ჩვენგანის შესაქმნელია, რომლის გაზიარებაც არა მიბაძვას, არამედ სხვისი წარმატებით შთაგონებული  ახალი წარმატების შექმნას ნიშნავს.

 

არსებობენ შთამაგონებელი ისტორიები, ფრაზები, და არსებობს ის ერთი გზა, წესი, რომელსაც ყველა ჩვენგანი თავად ქმნის, საკუთარ მცნებად აქცევს, და რომელიც ბევრად ძლიერი და მოქმედია, ვიდრე წარმატებისკენ სხვისი გაკვალული გზები.

 

მწვერვალი ყოველთვის უძრავად და დინჯად დაგველოდება. არ მოვა ჩვენთან, როგორც მუჰამედთან, მაგრამ დაგველოდება, სანამ საკუთარი კვალით არ დავნიშნავთ მისკენ მიმავალ გზას. მხოლოდ დაუპყრობელ მწვერვალზეა თანაბარი ოცნება და მიზანი. მხოლოდ დაუპყრობელ მწვერვალზეა წარმატება.

 

P.S

ქვემოთ ნისლია, ზემოთ ნათელი, მწვერვალიდან კი ახალი, ფეხდაუდგემელი და უფრო მაღალი მწვერვალიც მოჩანს.

 

 

ავტორი: ქეთი რაზმაძე

კომენტარები