27 სექტემბერი 14 წუთის საკითხავი
ვანოს ნერგები

სოფელ სკრიდან თბილისისკენ მოვდივართ. მანქანა სავსე გვაქვს იქაური, კაკაშვილების ბაღის ხეხილით. გვერდით თითქმის ჩაცლილი პარკი მიდევს და ზუსტად ვიცი - ასეთი გემრიელი ბალი არასოდეს არსად გამისინჯავს.

 

შიდა ქართლის სოფლები ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ სახელმწიფო მნიშვნელობის სანერგით იყო ცნობილი, სადაც ნერგები სელექციონერ მეცნიერებს გამოჰყავდათ. წლების შემდეგ, სოფელი სკრის სანერგე განადგურდა. ნერგის წარმოება კი აქაურ ოჯახებში უფროსი თაობების შენარჩუნებულ და უმცროსებისათვის გადაცემულ ცოდნად და საქმედ დარჩა.

 

ნერგის წარმოების ოჯახის ტრადიცია ვანო კაკაშვილმა არ დაივიწყა და აგრარულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი გერმანიაში, სოფლის მეურნოების მიმართულებით გააგრძელა სწავლა. 2011 წელს საქართველოში დაბრუნდა და 25 წლის ასაკში წინა თაობების წამოწყებული საქმე განახლებული მეთოდებითა და ტექნოლოგიებით ძმასთან ერთად გააგრძელა.

„ბევრი წვრილმანი იყო, რაც უნივერსიტეტში არ მასწავლეს, მაგრამ პაპაჩემისა და მამაჩემის გადმოცემული ცოდნით გავაკეთე. ძალიან რთული იყო. არც წყალი გვქონდა და არც შემოღობილი მიწა. ნელ-ნელა, ნულიდან დავიწყეთ. თავიდან თანხა იყო საჭირო, რომელიც არ გვქონდა. ფული რომ დაგვეზოგა, ბევრი რამ ინტერნეტით ვისწავლეთ და ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობისა და მონდომების ხარჯზე, საკუთარი ხელებით გავაკეთეთ. სარწყავი სისტემაც კი ჩვენით გავიყვანეთ.“

 

ოჯახის მცირე ზომის მიწას ჯერ ნახევარი ჰექტარი დაემატა, შემდეგ ერთი... ასე, ნელ-ნელა გაიზარდა ვანოს სანერგე 9 ჰექტარამდე, სადაც ნერგებს მყნობის მეთოდით ამრავლებენ.

 

„როგორია ჩემი ერთი დღე? დილის 5 საათზე ვიღვიძებთ, სიგრილეში რომ მოვასწროთ საქმის გაკეთება. სულ გვგონია, რომ შუადღემდე მოვრჩებით, მაგრამ ვერც ვიგებთ, ისე ხდება ხოლმე საღამოს 9 საათი და ისე ღამდება.“

საძირეების 5 პროცენტი ვანოს ჰოლანდიიდან შემოაქვს, დანარჩენს კი თვითონ აწარმოებს. მისი ნერგებით ვაშლის, მსხლის, ბლის, ალუბლის, ქლიავის, ტყემლის, ალუჩის, გარგრის, ნუშის, ატმისა და ვაშლატამას ბაღების გაშენება შეგიძლიათ.

 

„ბაზარზე არსებულ მოთხოვანს ვერ ავუდივართ. ვერ ვახერხებთ მთხოვნელების ნერგით ბოლომდე დაკმაყოფილებას. წლების წინ 2000-ით დავიწყე, წელს კი 80 000 საძირეა უკვე დასამყნობი. აქედან 30 000 ნუშია, 20 000 ვაშლი, დანარჩენი კი სხვა კულტურები. ბაზარი რომ არ გადაიტვირთოს და რეალიზაციაც არ გამიჭირდეს, გადანაწილების მეთოდს ვიყენებ - ისეთ ჯიშებს ვამყნობ, რომლებიც სხვების მოსავალზე უფრო ადრე ან გვიან მწიფდება. ამიტომ ჩვენი ნერგით გაშენებულ ხეხილს მეტი ფასიც აქვს და უფრო მოთხოვნადიცაა.“

 

ხარისხიანი ნერგის გამოყვანას 2-3 წელი სჭირდება, რაც გასაშენებელი ბაღის პროდუქტიულობის აუცილებელი წინაპირობაა. თიბისი ბანკი მრავალწლიანი ბაღების გაშენებისათვის ფერმერებს სტარტაპ აგროსესხს სთავაზობს, რომელიც ბაღიდან სამომავლოდ მიღებული შემოსავლებით იფარება.

აგროსესხის დახმარებით ფერმერებს თხილის, კაკლის, ვაშლის, ნუშის, ლურჯი მოცვის, სუფრის ყურძნის, კივის, ქლიავის, მაყვლის, ჟოლოს ბაღების და რეგიონების მიხედვით ვაზის გარკვეული ადგილობრივი საღვინე ჯიშების გაშენება შეუძლიათ. ასევე მრავალწლიანი ნარგავების გაშენება-მოვლისათვის ყველა აუცილებელი ღონისძიების ჩატარება:  ნიადაგის მომზადება, ნერგების შეძენა-დარგვა, სარწყავი სისტემის მონტაჟი, ნაკვეთის შემოღობვა და ნერგების მოვლა.

 

ვანოს სანერგეში უსაქმოდ ვერავის ნახავთ. ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრმა - 6 წლის მარიამმაც კი იცის, როგორ გაასუფთავოს საძირეს ძირები საკუთარი, პატარა მაკრატლით. 

 

სანამ ჩვენ დედაქალაქში ვბრუნდებით და პარკის ძირს დარჩენილი ბლისგან ვცლით, სოფელ სკრაში, მზის გულზე, რამდენიმე ჰექტარზე ჩამწკრივებულ რიგებში მუშაობა დაღამებამდე გაგრძელდება…

 

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტოები: სერა ძნელაძე

 

კომენტარები