6 სექტემბერი 27 წუთის საკითხავი
ტრანსპორტი, რომელიც ტურისტებს იზიდავს

ლისაბონის ყვითელი ტრამვაი

 

ლისაბონში ჩასული არცერთი ტურისტი ყვითელ ტრამვაისთან გადაღებული ფოტოს გარეშე ქალაქს არ ტოვებს. ტრამვაის ხუთი ხაზიდან ყველაზე პოპულარულია 28E და 12E. ევროპის უძველეს დედაქალაქში მოგზაურობის დასაწყებად კი როსიოს მოედანი საუკეთესო ადგილია, ტრამვაის ვაგონები ვიწრო ქუჩებში ისე ნელა და სახლებთან ისე ახლოს მიდის, ფანჯრებზე გადმოკიდებული ყვავილები და ძველი ფერადი კედლები ერთი ხელის გაწვდენაზეა.  

 

ვრცელი მარშუტების გამო ქალაქში ტრამვაით გადადგილება ადგილობრივებისთვისაც მოსახერხებელია, თუმცა უმეტესად გაჩერებებზე ტურისტების უწყვეტი რიგია. ქალაქის დათვალიერებას ისინი ტრამვაით იწყებენ და ტრანპორტს გამთენიისას პირველი გაჩერებიდან ბოლომდე მიჰყვებიან. კარგად მომზადებულებმა იციან, რომ ასე დაიკავებენ ადგილს და ფეხზე დგომა არ მოუწევთ.

 

ერთჯერადი მგზავრობა სამი ევრო ღირს. ამიტომ უფრო პრაქტიკულია დღის ბილეთის შეძენა, რომლის ფასი 6,40 ევროა და მისი გამოყენება ტრამვაიში, ავტობუსში, მეტროსა და საბაგიეროებში 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

 

ლისაბონის ტრამვაის გარდა პორტუგალიაში ტურისტებს მადეიროს ციგებიც იზიდავს. ორი საუკუნის წინანდელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ექსტრემალი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ატრაქციონია. ხის მოწნული კალათები, რომელსაც უკან მდგარი ორი „მძღოლი“ მართავს,  დაღმართიდან რამდენიმე ასეული მეტრის მანძლზე მიქრის. მადეირას ტობოგანით სრიალი 45 ევრო ღირს.

სტამბოლის წითელი ტრამვაი

 

სტამბოლის წითელს ტრამვაის ასევე „ნოსტალგიურ ტრამვაის“ ან T2 და T3 -ს უწოდებენ. T2 ქალაქის ევროპულ ნაწილში მოძრაობს და ერთმანეთთან ტურისტებით სავსე ტაქსიმის მოედანსა და ისტიკლალის ძველ ქუჩაზე, ფუნიკულიორს აკავშირებს, მათ შორის მანძილი ხუთი გაჩერება და 1,6 კილომეტრია. დღის განმავლობაში ტრამვაიას ამ ხაზით 6000 მგზავრი სარგებლობს.

 

T3 აზიის ნაწილში 2,6 კილომეტრს, ათ გაჩერებას გადის და ყოველდღიურად 2000-ზე მეტ სტუმარს აზიურ ნაწილს აცნობს. მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებისა და საცობებისგან თავის დაღწევის გამო ქალაქის სტუმრები და ადგილობრივები ამ ისტორიული ტრანსპორტით ხშირად მგზავრობენ, მგზავრობის ფასი 1,75 ლირაა.

 

სწორედ ამ მარშუტებით „დაბრუნდა“ ისტორიული ტრამვაი სტამბოლში 1991 წელს და მას შემდეგ ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტად იქცა. სამოციან წლებში, ისევე როგორც ევროპის ბევრ ქალაქში, სტამბოლში ტრამვაის მუშაობა შეაჩერეს. ადგილობრივები მაშინ მას ძველმოდურად მიიჩნევდნენ, თუმცა წლების შემდეგ ქალაქში ავტობუსების, ტაქსების, და კერძო მანქანების რაოდენობა გაიზარდა. ჰაერის დაბინძურებისა და მრავალსაათიანი საცობების გამო, ქალაქის მთავრობამ ტრამვაის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა თითქმის აღარ არსებობდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გასამართად დიდი ოდენობით ინვესტიცია ჩაიდო. ისტორიული ტრამვაი კი ძველი ფოტოებისა და კადრების მიხედვით აღადგინეს.

ბუდაპეშტის წყლის ავტობუსი

 

მიუხედავად იმისა, რომ წყლის ავტობუსით ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ევროპის უკვე ბევრ ქალაქშია შესაძლებელი, მცურავი ყვითელი ავტობუსი ბუდაპეშტის სავიზიტო ბარათად რჩება.

 

ტური ცენტრალურ ქუჩაზე იწყება და რამდენიმე წუთში ავტობუსი წყალში ჩადის. ტურისტები ერთი საათის განმავლობაში დუნაის სხვადასხვა ნაპირზე ორად გაყოფილ ქალაქს- ბუდასა და პეშტს წყლიდან ათვალიერებენ. ავტობუსის ფანჯრებიდან ხედი განსაკუთრებით შთამბეჭდავი საღამოს მზის ჩასვლის დროსაა, როცა ქალაქი და წყალი ოქროსფერი ხდება.

 

Riverride- ტურისთვის ყველაზე მოსახერხებელი ბილეთების წინასწარ, ინტერნეტით შეძენაა. ერთსაათიანი მგზავრობა 28 ევრო ღირს, ექვს წლამდე ბავშვებისთვის კი უფასოა. წყლის ავტობუსით დღის მანძილზე ქალაქის რამდენიმე ათეული სტუმარი მგზავრობს.

როტერდამის „HotTug

 

როტერდამშის წყლებში „მცურავი ჯაკუზი“ 2013 წლიდან გამოჩნდა. იდეა და დიზაინი ჰოლანდიელ დიზაინერს ეკუთვნის, რომელიც მიხვდა, რომ როტერდამის ქუჩებში დაღლილი ტურისტები დასვენების უცნაურ საშუალებას აუცილებლად გამოიყენებდნენ. ნავში დამონტაჟებულია შეშის ღუმელი, რომელიც წყალს ათბობს და „ძრავსაც“ ამუშავებს. ამიტომ ეს იდეა წარმატებით მუშაობს ზამთარშიც. ნავში ერთდოულად რვა ადამიანი თავსდება და როგორც წესი, ტურები წინასწარ იჯავშნება.  ძალიან ხშირად, ჯგუფები ნავებს რამდენიმე საათითაც ქირაობენ და ორმაგი გაგებით, წყალში აღნიშნავენ დაბადების დღეებს ან დღესასწაულებს.

სტოკჰოლმის მეტრო

 

სტოკჰოლმის მეტრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა ხელოვნების მუზეუმია. ყოველდღე მეტროს 150 ათასზე მეტი მგზავრი გადაჰყავს, მათგან ბევრი ტურისტია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი გალერიის სანახავად შვედეთის დედაქალაქში საგანგებოდ ჩადის.

 

105 კილომეტრიანი მანძილი, 100 გაჩერება, რომლისგანაც 90 სრულიად განსხვავებული, მრავალფეროვანი და უნიკალურია.

 

1950 შვედეთში გაჩნდა იდეა, რომ კულტურა სახალხო და საყოველთაო უნდა გამხდარიყო, მეტრო კი ამ იდეის რეალიზებისთვის საუკეთესო მისამართი აღმოჩნდა. მომდევნო 50 წელი ხელოვანებმა სხვადასხვა სადგურები მოხატეს, გააკეთეს მოზაიკა, დადგეს სხვადასხვა ქანდაკება, ინსტალაცია... ხელოვნების ყველა ნიმუში იმ დროისთვის აქტუალურ რომელიმე პრობლემას ეხება - ადამიანის უფლებებს, ქალაქის იერსახეს, ან ეკოლოგიას.

 

მეტროს გარდა სტოკჰოლმში ტურისტებს უძველესი ტრამვაი იზიდავს. პირვანდელი სახით შენარჩნუნებული Djurgardslinie 7n, რომლის ხის ვაგონები თანამედროვე ქალაქის ქუჩებში დადის. გამცილებლებს ისევ ძველებული სამუშაო ფორმები აცვიათ და არასდროს ამბობენ უარს, ტურისტებთან ფოტოების გადაღებაზე.

ვენეციური გონდოლა

 

ის, რაც მეთერმეტე საუკუნის ვენეციაში გადაადგილების საუკეთესო საშუალება იყო, ახლა, ვენეციის კარნავალთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ყოველ წელს ამ ქალაქში ჩადის 30 მილიონამდე ტურისტი. ამბობენ, რომ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ქალაქი წყლიდან სხვანაირია და მიუხედავად იმისა, რომ გონდოლებთან შედარებით მოტორიანი ნავებით გადაადგილება გაცილებით ხელმისაწვდომია, ტრადიციული ნავები ყოველთვის ტურისტებითაა სავსე. მგზავრობის ფასი დამოკიდებულია მანძილზე, ტურზე და მგზავრების რაოდენობაზე. მთავარი ხიბლი გონდოლიორები არიან, რომლებიც ცნობისმოყვარე სტუმრებს კი გონდოლების მშენებლობის ტრადიციას უყვებიან, წყვილებისთვის მღერიან, ან უბრალოდ ჩუმად უსვამენ ნიჩაბს და მყუდროებას არ არღვევენ.

Bamboo Train კამბოჯაში

 

ორი საბურავისგან, პატარა მოტორისა და ბამბუკის ჯოხებისგან აწყობილი ღია მატარებელი ბატამბანგის მხარეში ერთ-ერთი გადაადგილების ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა. ტრანსპორტი რესლებზე მიდის, რომელთა შორის მანძილი ორი მეტრია. ზოგჯერ დიდი ნაკადის დროს Rush-Hour-ია და ლაინადგებზე გადატვირთული მოძრაობაა. როგორც ტურისტები აღწერენ, თითქმის ერთსაათიანი მგზავრობა ალადინის ხალიჩით ინდიანა ჯონსის სამყაროში მოგზაურობას ჰგავს. გზად ულამაზეს გარემოში ადგილობრივების ქოხები ჩანს, უფრო ახლოს კი პატარა ჯიხურები, სადაც გამაგრილებელი სასმელი იყიდება. ტრანსპორტის მოდერნიზების საკითხი დღის წესრიგში რამდენიმეჯერ დადგა, თუმცა ადგილობრივები მისი იერსახის შეცვლას აპროტესტებენ, რადგან ტურისტებს ეგზოტიკური მატარებელი იზიდავთ. მგზავრობა 5 დოლარი ღირს, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი მგზავრია მას ათი დოლარის გადახდა უწევს.

 

კომენტარები