2 მარტი 32 წუთის საკითხავი
ტექნოლოგიური რევოლუცია სოფლის მეურნეობაში

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO)  მონაცემებით 2025 წელს მსოფლიო მოსახლების რიცხვი 8 მილიარდს მიაღწევს. 2050 წელს კი 9,6 მილიარდი იქნება.  შესაბამისად, დამატებით 3 მილიარდი ადამიანის გამოკვება მოგვიწევს არსებული მწირი რესურსებით. რაც სოფლის მეურნეობის სექტორს მთელს მსოფლიოში დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს.  2050 წლისთვის მსოფლიოს სურსათის წარმოება 70% უნდა გაიზარდოს რათა დაკმაყოფილდეს მზარდი მოთხოვნა. ეს კი იმ შეზღუდული რესურსების საშუალებით უნდა მოხერხდეს, რომელიც გაგვაჩნია. (შეზღუდულია სახნავი მიწები და სასმელი წყლის რესურსი).

 

 მოგეხსენებათ ,  სუფთა წყლის 70% სოფლის მეურნეობაში გამოიყენება . გარდა ამისა, არსებობს სხვა არაპროგნოზირებადი ფაქტორები, როგორიცაა  კლიმატის ცვლილება, ახალი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება. ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მაქსიმალური წარმოების მიღწევა არა მარტო მცირე რესურსების დახარჯვით, არამედ გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენებით,  რაც ფერმერებს დამატებითი გამოწვევების წინაშე აყენებს. ამისათვის კი საჭიროა გვესმოდეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სისტემების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში და გავიაზროთ, რომ მოდერნიზაციის გარეშე, მხოლოდ ტრადიციული მეურნეობებით ვერ შევძლებთ ვუპასუხოთ დარგში არსებულ გამოწვევებს. შესაბამისად, აუცილებელია ფერმერებმა დანერგონ  ინოვაციური მიდგომები წარმოებაში. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მეწარმეს შეუძლია მოახდინოს  რესურსების ოპტიმიზაცია  და გაზარდოს მოგება მარტივი გადაწყვეტილებებით.

 

გასაგებია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს პროცესი უამრავი პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვს და შესაბამისად, სწრაფად და უმტკივნეულოდაც ალბათ  ვერ ჩაივლის. დღევანდელ ქართულ რეალობაში პრობლემების გრძელი სია გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დარგი ვითარდება, არსებობს საინფორმაციო ცენტრები, შესაბამისი ლიტერატურა საინფორმაციო ბუკლეტებისა თუ წიგნების სახით, უამრავი სატელევიზიო გადაცემა და აპლიკაცია ამ მიმართულებით, მაინც რთულია ფერმერებთან კომუნიკაცია და გარკვეული ტექნიკური საკითხების გაგება. ძნელია მამა-პაპურ მეთოდებზე უარის თქმა, რასაც საფუძვლად განათლებისა და ინფორმაციის ნაკლებობა უდევს.  სწორედ ამიტომ გვჭირდება აგრორევოლუციის მოხდენა და სოფლის მეურნეობის ტრანსფორმაცია.

თანამედროვე ტენდენციები მიგვანიშნებენ რობოტიზაციის აუცილებლობაზე წარმოების სხვადასხვა მიმართულიებით, მათ შორის აგრო სექტორშიც.  სტატისკური კვლევის მიხედვით აგრო-რობოტიზაციის ბაზარი 2013 წელს 817 მილიონს შეადგენდა ხოლო 2020 წლისთვის 16,3 მილიარდს მიაღწევს. აგრო-რობოტებში ბევრი საშუალება იგულისხმება მათ შორისაა: თვითმავალი ტრაქტორები, რობოტი ბალახის საკრეჭი მანქანები,  დრონები და სხვა უამარავი აგრეგატები რომლებსაც ფერმებში თუ ნაკვეთებში იყენებენ. მაგალითისთვის იაპონიამ 1980 წელს გამოიყენა დრონი ბრინჯის პლანტაციების შესაწამლად და ქვეყნის ნაკვეთების 40% სწორედ ამ უკანასკნელით შეიწამლა.


გარდა რობოტებისა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციური მიმართულებაა ვერტიკალური სოფლის მეურნეობა. ესაა ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს დახურულ სივრცეებში, შენობების სახურავებზე და კედლებზეც კი მოვიყვანოთ ხილი, ბოსტნეული, სხვადასხვა მარცვლეული, მათ შორის ხორბალი, სიმინდიც და სხვა მცენარეები.
 მეტი სიცხადისთვის  განვმარტავ, რომ ესაა ტექნოლოგია, რომლის საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ მეტი მოსავალი , სასუქების, წყლის და შრომის ნაკლები დანახარჯებით. გაეროს მონაცემებით 2050 წლისთვის განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 86% იცხოვრებს ქალაქებში. ამ ინფორმაციის ფონზე ვერტიკალური სოფლის მეურნეობა  მომავლის სფეროა, რომელსაც  3 ძირითადი მიმართულება გააჩნია, მოკლედ გაგაცნობთ თითოეულ მათგანს:

ჰიდროპონიკა - მეთოდი, რომლის გამოყენებისას, მცენარეები იზრდებიან წყალში. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს 16 დღეში გავზარდოთ მცენარე,  რასაც ჩვეულებრივ სათბურში 30 დღეს მოვანდომებდით. თანაც ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მოვიხმაროთ 95% ნაკლები წყალი, 50% ნაკლები სასუქები, და საერთოდ არ გამოვიყენოთ პესტიციდები.

აეროპონიკა - მეთოდი, რომლის გამოყენებისას, მცენარეების ფესვები ჰაერშია გამოკიდებული და საკვები ნივთიერებები და წყალი მიეწოდება წვრილი წვეთების საშუალებით., ფესვების მუდმივი აერაცია მნიშვნელოვნად აჩქარებს მცენარის ზრდის ციკლს. აეროპონიკის ტექნოლოგიით წელიწადში ათჯერ და ზოგჯერ მეტადაც კი შეიძლება მოსავლის მიღება.

აკვაპონიკა -   მეთოფი, რომელიც თევზების და მცენარეების ერთობლივ ზრდას გულისხმობს.  სისტემის მეშვეობით მცენარეები ახდენენ წყლის გასუფთავებას და ჟანგბადის მიწოდებას თევზებისთვის, ხოლო თევზების მიერ გამოყოფილი ნარჩენებით, რომელიც ძალიან ბევრ მინერალებს შეიცავს, ხდება მცენარეების გამოკვება.

 

ქართველებს ძალინ გვიყვარს „შეჩვეული ჭირი“ და ახალს რაც არ უნდა კარგი იყოს, ეჭვის თვალით ვუყურებთ. ამიტომაც საჭიროა შევქმნათ მეურნეობები, რომლებიც როლური მოდელები იქნებიან და სხვა ფერმერებს ვუბიძგებთ მსგავსი ტიპის წარმოებების შექმნისკენ. რეალური მაგალითების საფუძველზე მასების დარწმუნება უფრო ადვილია.

 

თუმცა ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ქართული სოფლის მეურნეობა გარადაიქმნას სანიმუშოდ, როდესაც გვაქვს პროფესიონალი კადრების დეფიციტი, ფინანსების ნაკლებოდა და უამრავი სხვა პრობლემა?  კითხვა თავადვე მიგვანიშნებს პასუხს, რომ გვჭირდება მეტი პროფესიონალი კადრი, მეტი ფინანსები. გასაგებია, რომ მსგავსი პრობლემები ვერც ერთ თვეში და ვერც ერთ წელიწადში ვერ გადაიჭრება, მაგრამ საჭიროა საკითხისადმი სწორი მიდგომა და ანალიზი. როდესაც ზუსტად გვესმის თუ რაში მდგომარეობს ჩვენი სისუსტეები და სად გვაქვს ხარვეზები, უფრო მარტივია მათი აღმოფხვრის გზების ძიება. არსებული პრობლემები მრავალწლიან დაუღალავ შრომას და მიზანსწრაფვას მოითხოვს, მაგრამ მე მწამს, რომ შეუძლებელი არაფერია.  თუ ეს შეძლო ისეთივე პატარა ქვეყნებმა როგორიც ისრაელი და ჰოლანდიაა, რატომ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენ?!  ჩვენც შეგვიძლია!

 

ჰოლანდია, რომლის ფართობი  სულ 41,543 კმ2 , ( საქართველოსი კი 69,700 კმ²) სოფლის მეურნეობის პროდუქტების მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში და ყოველწლიურად 100 მილიარდ  დოლარზე მეტის შემოსავალი  მხოლოდ აგროსექტორიდან აქვს. როგორ ახერხებს ეს პატარა ქვეყანა მიწის მცირედი რესურსით ამის გაკეთებას? პასუხი მარტივია - თანამედროვე ტექნოლოგიებით. ქვეყნის მთავარი საექსპორტო აგროპროდუქტებია: პომიდორი, ტკბილი წიწაკა, კიტრი, ხორცი, რძის პროდუქტები, ყვავილები. თუმცა ეს ყველაფერი არაა, ჰოლანდია ასევე ახორციელებს  მაღალხარისხიანი  სასოფლო სამეურნეო მასალების, ცოდნის და ტექნოლოგიების ექსპორტს.  სწორედ ტექნოლოგიების დანერგვით ჰოლანდიელებს 1 ჰა-ზე 500 ტონა პომიდვრის მოყვანა შეუძლიათ.

რადგან პრობლემებსა და გამოწვევებზე ვისაუბრეთ, დროა ვისაუბროთ იმაზეც, თუ რაში მდგომარეობს გამოსავალი, ჩემი აზრით, ესაა ახალგაზრდა თაობა. ვფიქრობ, საჭიროა მეტი ინვესტიციის ჩადება ახალგაზრდებში, მათი ამ დარგით მეტი დაინტერესება, და დაინტერესებული და მონდომებული ადამიანების მეტად წახალისება. მაგალითსითვის, ჰოლანდიის მთავრობამ 2018 წლისთვის  75 მილიონი ევრო გამოყო ახალგაზრდა ფერმერებისთვის, რომელთაც საკუთარი აგრობიზნესის დაწყება სურდათ. ჩვენ ამ მიმართულებით საგრძნობლად მოვიკოჭლებთ და სამწუხაროდ, ჩვენთან ადრეულ ეტაპზე საკმაოდ რთულია ფინანსების მოპოვება. შესაბამისად, იზღუდება იმ ადამიანების შემართება, მოტივაცია და მონდომება, ვისაც ამ მიმართულებით რაიმის გაკეთების სურვილი აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რადგან მათ უმეტესობას არ გააჩნია საკუთარი სახსრები იდეებისთვის ხორცის შესასხმელად. ვინ იცის რამდენი კარგი იდეა იქნა უარყოფილი ჩანასახშივე, ზემოთხსენებული მიზეზის გამო.  კარგი იქნება ჩვენი მთავრობაც თუ მოიძიებს გარკვეულ ფინანსებს ამ კუთხით. ჩვენს ქვეყანას მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად მიგრაციის პრობლემაც გააჩნია, შესაბამისად ის ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ დაინტერესება დარჩნენ სოფლებში, განავითარონ სოფლის მეურნეობა, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მოიყვანონ ბოსტნეული ან  თუნდაც ააშენონ რობოტიზირებული ფერმა, სახელმწიფომ ზურგი უნდა გაუმაგროს, გახადოს ხელმისაწვდომი შესაბამისი ცოდნის, განათლების და ფინანსების მიღება. სწორად განხორციელებული ინვესტიცია მრავალი პრობლემის აღმოფხვრისა და წარმატებული მომავლის საწინდარია.

 

ავტორი: მარიამ კოდუა

კომენტარები