13 მარტი 35 წუთის საკითხავი
სასკოლო განათლება ციფრულ ტექნოლოგიებში

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მიხედვით, დღევანდელი საშუალო სკოლის მოსწავლეების 69%-ს მომავალში ისეთი პროფესია ექნება, რომელიც ჯერ არც არსებობს. დამაფიქრებელია, არა?! შესაძლოა ეს თქვენთვის საშიშად, ან გაუგებრად ჟღერდეს, მაგრამ 50 წლის წინ ვერც იმ დროინდელი ადამიანი წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ვინმე აპლიკაციების დეველოპერის ვაკანსიას გამოაცხადებდა. ისტორია ამტკიცებს, რომ სამყარო უკეთესობისკენ ვითარდება, ადამიანებს უჩნდებათ მეტი იდეები და რაც მთავარია, მეტი შემოსავალი. თანამედროვე ადამიანების დიდი ნაწილი რამდენჯერმე უფრო მდიდარია, ვიდრე გასულ საუკუნეში. ცხადია, სიღარიბე ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, თუმცა მთლიანობაში ადამიანები უკეთესად ცხოვრობენ, ეს ყველაფერი კი პროგრესის დამსახურებაა.

სასკოლო განათლება, ანტიკური საბერძნეთიდან მოყოლებული, მუდვიმავად განხილვის საგანი იყო. იმ დროინდელი სწავლულებიც კი, როგორებიც იყვნენ არისტოტელე და პლატონი, სწავლების სხვადასხვა მეთოდს ირჩევდნენ. მაგალითად, თუ პლატონი თავის მოწაფეებს კოცონთან დასვამდა და ლექციებს იქ უკითხავდა, არისტოტელე ფეხით სეირნობას არჩევდა და სწავლების პროცესში მოწაფეებთან ერთად კილომეტრებს გადიოდა. სხვათა შორის, ამის გამო არისტოტელეს პერიპატეტიკი, ანუ ფეხით მოსიარულე შეარქვეს. მას შემდეგ უამრავი საუკუნე გავიდა და პრინციპში, სასკოლო განათლება მაინც და მაინც შორს არ წასულა. მართალია დაიხვეწა ინფრასტრუქტურა, შეიქმნა სახელმძღვანელოები და ა.შ, მაგრამ ყველაზე მთავარი - საშუალო განათლების მიზანი -  დღესაც იგივეა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიდი დრო აღარ დარჩა იქამდე, როცა განათლების სფერო მთლიანად შეიცვლება და სრულიად ახალ საფეხურზე გადავა.

ტექნოლოგიებმა ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო დაიპყრო და გამონაკლისი არც განათლებაა. გაჯეტების, რობოტებისა და სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროცესში უკვე დაწყებულია, თუმცა მათი უმრავლესობა ჯერჯერობით ისევ სატესტო რეჟიმში მუშაობს. მიუხედავად ამისა, უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, თუმცა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფი სტრატეგიები, რომლებიც ტრადიციული განათლების სისტემას ჩაანაცვლებს. ტექნოლოგიური რევოლუცია განათლების სისტემაში ყველაფერს შეცვლის და სწავლის პროცესს უფრო ეფექტურს, სახალისოსა და რაც მთავარია, სასურველს გახდის.

 

სკოლის უმთავრესი მიზანი მოსწავლეების სამომავლო ცხოვრებისთვის მომზადება და მათთვის საჭირო უნარჩვევების მიცემაა. ტექნოლოგიურ ეპოქაში ამ მიზნის მისაღწევად ახალი მეთოდები ინერგება და მომავლისგან კიდევ უფრო მეტს ველით. ჩვენ გთავაზობთ მომავლის სკოლის მოდელს, რომელიც სულ მალე რეალობაში განხორციელდება.

 

ვირტუალური რეალობა

 

ჯერ კიდევ ცნობილი განმანათლებელი ჯონ დიუი (1859-1952) ამტკიცებდა, რომ სწავლის პროცესი გაცილებით ეფექტური მაშინ არის, როცა სწავლების მეთოდი პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. დიუის, ალბათ, ძალიან გაუჭირდებოდა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების წარმოდგენა, მაგრამ მისი თეორია ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. ამას ადასტურებს თანამედროვე კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც, ადამიანებს გამოცდილების ათვისების უნარი გაცილებით კარგად აქვთ განვითარებული, ვიდრე ფაქტების დაზეპირების უნარი.

ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიისა და მსგავსი საგნების შესწავლისას, ალბათ ხშირად გიოცნებიათ დროში მოგზაურობაზე. სულ მალე ეს შესაძლებელი გახდება. დღეს მსოფლიოს სკოლებში უამრავი სახელმძღვანელო არსებობს, თუმცა მათში ამოკითხული ინფორმაციის ზეპირად დამახსოვრება ძალიან ცოტას შეუძლია. სამაგიეროდ, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების დამსახურებით, როგორიცაა Oculus, Google Glass, Samsung Gear და სხვა, თქვენ შეძლებთ იმოგზაუროთ ჯვაროსნული ომების, პრეისტორიული ხანისა თუ უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდებში - როგორც კი სათვალეს მოირგებთ, გაგიჩნდებათ განცდა, რომ თქვენ ამ ყველაფრში მონაწილეობთ. მეცნიერების თქმით, ასეთი გამოცდილება მოსწავლეებს  კონტექსტის აღქმის, შინაარსის გაგებისა და ფაქტების უკეთ დამახსოვრების უნარებს საგრძნობლად გაუუმჯობესებს.

 

დავემშვიდობოთ ქაღალდის წიგნებს - ტაბლეტები და სმარტფონები მათ სრულად ჩაანაცვლებს

 

დიდი ალბათობით, ეს თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს - დღესაც, უნივერსიტეტებში, სტუდენტების უმრავლესობა ძირითადად ონლაინ წყაროებით მუშაობს, რისთვისაც ტაბლეტებსა და სმარტფონებს იყენებენ. ასევე მნიშვნელოვანია ამ მოწყობილობების მათი სკოლებში ინტეგრაციაც. მშობლები ხშირად წუწუნებენ, რომ მათ შვილებს ძალიან მძიმე ჩანთების ტარება უწევთ, რადგან ყოველდღე რამდენიმე გავკეთილი აქვთ. ელექტრონული მოწყობილობები საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ კლასიფიცირებული ინფორმაცია დაიტიოს, არამედ გაცილებით მეტი წყაროც შემოგთავაზოთ.

 

Ofcom-ის (წყარო:https://www.ofcom.org.uk/) კვლევით, მოსწავლეების 41%-ზე მეტი ფლობს სმარტფონებს, ხოლო 44%-ს ტაბლეტი აქვს. ეს რიცხვი კიდევ უფრო იზრდება 16-დან 24 წლამდე პირებში, რომელთა 90%-იც ერთ-ერთ ელექტრონულ მოწყობილობას მაინც ფლობს. რატომ უნდა უგულებელვყოთ ამ ტექნოლოგიების შესაძლებლობები, როცა მათი დახმარებით ცხოვრების გამარტივებაა შესაძლებელი?!

ელექტრონული სერვერები და სასკოლო სოციალური ქსელი

 

ბოლო წლებში საქართველოშიც დაინერგა პრაქტიკა, როცა სტუდენტები დავალებებს არა ამობეჭდილი სახით, არამედ ელექტრონული სახით წარადგენენ და სპეციალურ სერვერებზე ტვირთავენ. გარდა ამისა, კომუნიკაცია ლექტორებსა და სტუდენტებს შორის სწორედ ასეთი სისტემით მიმდინარეობს, რაც ძალიან ეფექტურია. ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო ვითარდება და მომავალში სოციალურ ქსელსაც კი დაემსგავსება, რომლითაც სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ. ყველა სკოლას ექნება თავისი სოციალური ქსელი, სადაც მოწვეული იქნებიან ბავშვები, ბავშვების მშობლები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია. ეს ადგილი ჩაანაცვლებს „დღიურებს“, აქ მოხდება დასწრების აღრიცხვა, დავალებების მიცემა-გაგზავნა-შემოწმება, ონლაინ ქვიზებისა და ტესტირებების ჩატარება და სხვა.

 

ამავე სერვეზე შედგება ონლაინ-ტრანსლაციები გაკვეთილებიდან და ის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო სკოლაში ვერ მივიდნენ, პირდაპირ ეთერში დაესწრებიან გაკვეთილს, ან მოგვიანებით ნახავენ ჩანაწერს. ქსელს ექნება ხელოვნური ინტელექტის სისტემაზე აგებული სასკოლო ჩეტბოტი, რომელიც მოსწავლეებს დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.

 

განსხვავებული დავალებები

 

სულ მალე სკოლებში აღარ იარსებებს ფორმალური დავალებები, როგორიცაა „დაწერეთ წაკითხულის გააზრება“, „დაწერეთ ამა თუ იმ გმირის დახასიათება“ და ა.შ. მოსწავლეებს ექნებათ სრული თავისუფლება, დავალება ისე შეასრულონ, როგორც თავად გადაწყვეტენ. მათ შეეძლებათ ჩაწერონ პოდკასტი, გააკეთონ ბლოგი, შექმნან მუსიკა ნაწარმოების თემატიკაზე, დახატონ ილუსტრაცია და სხვ. მთავარია, სათქმელი ისე გამოხატონ, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ. ეს მათ კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებათ, რაც მომავალ ცხოვრებაში ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

 

რაც შეეხება ტექნიკურ საგნებს, მთავარი მიზანი იქნება არა უბრალოდ ამოცანების ამოხსნა, არამედ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, მაგალითად, ბიზნეს გეგმის შედგენა, პროგრამის დაწერა, დიზაინის შექმნა, კოდირება, რობოტების შექმნა და ა.შ.

მონაცემთა ბაზები

 

იცნობთ ფეისბუქის, გუგლის, ტვიტერისა და სხვა სოციალური ქსელების ალგორითმებს? ეს კომმპანიები თქვენი აქტივობის მიხედვით აგროვებენ თქვენ შესახებ ინფორმაციას, რომელსაც შემდგომ მონაცემთა ბაზაში ინახავენ, აანალიზებენ და მიღებული შედეგის შესაბამისად გთავაზობენ საჭირო სერვისებს, რეკლამებსა და სხვა.

 

უახლოეს მომავალში ასეთ სისტემებს სკოლებიც დანერგავენ. მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ მოსწავლეების პროგრესს და მონაცემთა ბაზებში აღწერონ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ მოსწავლე კარგად უმკლავდება საბუნებისმეტყველო საგნებს, ტექნიკურ საგნებში კი ჩამორჩება, მონაცემთა ბაზის დახმარებით მასწავლებლები ამის შესახებ დეტალურ ანალიზს გააკეთებენ და მოსწავლეს პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, მონაცემთა ბაზა იქნება ბავშვებისთვის ერთგვარი CV, რომელიც შეინახავს მათ ყველა აქტივობას, ნიშნებსა და სხვა საჭირო ინფორმაციას.

 

ინფრასტრუქტურა

 

რაც შეეხება სკოლის ინფრასტრუქტურას, ამ ნაწილში მომავლის სკოლები თავიდან ბოლომდე შეიცვლება. ამის მაგალითია ჩრდილოეთ კანზასში არსებული კერძო სკოლა - SAGE - რომელიც თავიდან ბოლომდე ტექნოლოგიურ ინოვაციებს იყენებს განსხვავებული სწავლების დასამკვიდრებლად. სკოლა ჯერჯერობით ტესტ-რეჟიმში მუშაობს, თუმცა, მისმა მფლობელემა უკვე გადაწყვიტეს, რომ სკოლაში აღარ იარსებებს ტრადიციული სასწავლო ოთახები, სადაც მოსწავლეებს 1 საათით გამოკეტავენ და მოსაწყენ გაკვეთილებს ჩაუტარებენ. ამის ნაცვლად სკოლას აქვს უამრავი ღია სივრცე, ტექნოლოგიური კლასები, გასართობი ოთახები და სხვა.

 

ვიდეო: https://vimeo.com/232477607

 

სკოლების ამგვარი გარდაქმნა არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა და მას შეიძლება ის მოსწავლეებიც მოესწრონ, რომლებიც 2018 წელს შევლენ პირველ კლასში. აი, შემდგომი თაობისთვის კი, ნამდვილად ძალიან გაგვიჭირდება იმის ახსნა, თუ როგორ ვახერხებდით „მერხზე მიჯაჭული“ ბავშვები „ვეფხისტყაოსნის“ დაზეპირებას. და თუ ჩვენს თაობას მეათე კლასში წარმოდგენა არ ჰქონდა სამყაროში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე, ამავე ასაკში მყოფმა ჩვენმა შვილებმა, შესაძლოა, საკუთარი ბიზნესიც კი წამოიწყონ.

 

ავტორი: დიმიტრი სანაია

 

კომენტარები