21 დეკემბერი 25 წუთის საკითხავი
საშობაო ბაზრობები

საშობაო ბაზრობები გვიანი შუასაუკუნეებიდან, გერმანულენოვან სივრცეში იღებს სათავეს. გერმანიისა და ავსტრიის ქალაქებში, ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ზამთრის ბაზრობებს პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა - მოსახლეობას გრძელი და ცივი ზამთრისთვის ხორცი და სხვა საკვები პროდუქტები უნდა მოემარაგებინა. მოგვიანებით ასეთ ბაზრობებზე ხელოსნებიც გამოჩნდნენ - მათ მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს მშობლები შვილებისთვის საშობაო საჩუქრებად ყიდულობდნენ.

 

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან საშობაო ბაზრობები წინასაშობაო სამზადისის განუყოფელ ნაწილად იქცა, თითქმის მთელ ქრისტიანულ სამყაროს მოედო, გამრავალფეროვნდა და სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში განსხვავებული, ტრადიციული კერძებით, სასმელით, წეს-ჩვეულებებითა და რიტუალით დამშვენდა.

დღეს საშობაო ბაზრობა საახალწლოდ მორთულ-მოკაზმულ, ბრჭყვიალად აციმციმებულ მსოფლიოს უამრავ ქალაქში იმართება. პირველი დახლები უმეტესად ადვენთის პირველივე კვირას იშლება და ვაჭრობა შობამდე, ზოგ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულამდე გრძელდება. საგანგებოდ ამ დღეებისთვის გამზადებულ, გასაყიდად გამოფენილ ნაირ-ნაირ ტკბილეულს, ნაძვისხის სათამაშოებს, ფერად ნათურებს, საშობაო დეკორაციებსა და ხელნაკეთ ნივთებს, სუვენირებს, ტანსაცმლსა თუ ფეხსაცმელს განსაკუთრებული, სადღესასწაული ელფერი დაჰკრავს და სხვა დღეებთან შედარებით, უკეთესადაც იყიდება.

ცხელი ღვინო, იგივე გლუვაინი (Glühwein) საშობაო ბაზრობის მთავარი ატრიბუტია. ზამთრის სუსხიან დღეებში მეგობრებთან თუ ოჯახისწევრებთან ერთად დახლებს შორის სიარული, გართობა, მაყალზე შემწვარი მწვადის ჭამა თუ მოჭიქული თხილის კნატუნი მის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაც, გლუვაინი, ისევე, როგორც გლუმოსტი (Glühmost) თუ პუნში (Punsch), საშობაო ბაზრობებზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია და ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება.

 

ლებკუხენი (Lebkuchen), ისევე, როგორც სხვა უამრავი ფორმის, ზომისა და შიგთავსის ორცხობილა, წინასაშობაო სამზადისის ასევე განუყოფელი ატრიბუტია. ძნელია, ვანილისა და დარიჩინის სურნელით გაბრუებულმა, ორ-სამ სახეობას მაინც არ გაუსინჯო გემო, მითუფრო, როცა უკვე დახლებზე გამოდებული, კოხტად შეფუთული შეკვრების გარდა, იქვე გამომცხვარი, ღუმელიდან ახლადგამოღებული, ჯერ კიდევ ცხელი ორცხობილებისკენ მიგიტყუებს გამაბრუებელი სურნელი.

ალბათ არ არსებობს საშობაო ბაზრობა, სადაც შემწვარი ძეხვისა და შებრაწული წაბლის სურნელი არ ტრიალებს. ბაზრობაზე გასულ, საჩუქრების ძებნისგან დაღლილ, სუსხისგან აბუზულ ადამიანებს ერთი სული აქვთ, კუთხეში საგანგებოდ მოწყობილ მაგიდებთან მიდგნენ და ახლადშებრაწულ ძეხვიან ფუნთუშებს ცხელი ღვინო დააყოლონ.

 

საშობაო ბაზრობა წარმოუდგენელია შტოლენის (Stollen) გარეშეც. ეს დიდი ტრადიციის მქონე ნამცხვარი გერმანულენოვან ქვეყნებში ყველა საშობაო სუფრასა და დახლს ამშვენებს. სწორედ მის ძველ სახელწოდებას, Strüzel-ს უკავშირდება დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძველი საშობაო ბაზრობა - დრეზდენის შტრიუცელმარკტი, რომელიც 14-ე საუკუნიდან მოყოლებული, ყოველწლიურად მრავალფეროვნდება და დღემდე ყველაზე სანახაობრივ, ტკბილ და სურნელოვან საშობაო ბაზრობათა სიაში შედის.

 

დეკემბრის თვეში, ყველა დიდი თუ პატარა ქალაქი, რომელიც შობას ქრისტიანული კალენდრის მიხედვით აღნიშნავს, სადღესასწაულოდაა მორთული. საშობაო დეკორაციებით, აბრდღვიალებული ნაძვის ხეებით, ფერადი ჩირაღდნებით, გირლანდებითა და მოციმციმე ნათურებით მორთული ყველა ქალაქი ამ დროს თითქოს ერთმანეთს ემსგავსება, მითუფრო, თუ ქუჩებში საშობაო ბაზრობებია გამართული. თუმცა, ყველა ბაზრობა მეტნაკლებად მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან.

მიუნხენსა და ვენის ბაზრობებს უზარმაზარი ეშმაკის ბორბალი და უმშვენიერესი საშობაო ინსტალაციები ამშვენებს. აქ შეგიძლიათ მიირთვათ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ბრათვურსტი (Bratwurst - შემწვარი ძეხვი) ლუდთან ერთად და ზედ შემწვარი წაბლი დააყოლოთ.

 

პარიზში, ელისეს მინდვრებზე გამართული საშობაო ბაზრობა წელს 400 ნაძვისხითაა მორთული, გრან პალედან კონკორდის მოედნამდე 200-მდე ჯიხური დგას და ყოველ ფეხის ნაბიჯზე, სხვა უამრავ გემრიელობასთან ერთად, ფუა-გრა და წითელი ღვინო იყიდება.

 

პრაღის ისტორიული ძველი ქალაქი საშობაოდ კიდევ უფრო ემსგავსება ზღაპარს - იან ჰუსის ქანდაკების ირგვლივ საგანგებოდ გაწყობილი ჯიხურები ვარსკვლავების ფორმას ქმნიან. თუ ამ დროს პრაღაში მოხვდით, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ტრადიციული ტრდელნიკი (Trdelnik)  ნიგვზითა და კარამელით, რომელსაც უხდება გროგი ან თაფლის ღვინო - მედოვინა. თუ რომანტიკული საღამოები გიზიდავთ, არაფერი ჯობია წინასაშობაოდ ათასფრად აციმციმებულ პრაღაში ეტლით გასეირნებას.

 

სტოკჰოლმს ამ დროს არანაკლებ ზღაპრული ელფერი დაჰკრავს. საშობაო ბაზრობებზე პილპილიანი ორცხობილების (Pepparkakor) და გლოგის (Glögg)  სურნელი ტრიალებს.  გლოგს სუსხიან დღეებში ძალიან უხდება შვედურად შებოლილი ორაგული და ლოსის ხორცი, რომელსაც  სტოკჰოლმში საშობაოდ განსაკუთრებულად კმაზავენ.

 

ლონდონში საშობაო ბაზრობები ნოემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე გრძელდება. ჰაიდპარკი ამ დროს უჩვეულო სანახავია. 60 მეტრიანი ეშმაკის ბორბლიდან კარგად მოჩანს საშობაო ცირკი, ფერადი ატრაქციონები და ბრდღვიალა ნაძვის ხეები. წელს Magical Ice Kingdom-ში საგანგებოდ საშობაო ბაზრობისთვის შექმნილი ყინულის ფიგურებია გამოფენილი, რომლებიც არტისტებმა 500 ტონა ყინულისა და თოვლისგან შექმნეს. ირგვლივ ცხელი შოკოლადისა და მაშმელოუს სურნელი ტრიალებს.

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დიდ საშობაო ბაზრობაზე, სხვა მრავალფეროვან ღონისძიებებთან ერთად, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბავშვო გასართობ და შემეცნებით სანახაობებს - ქუჩებში გამართულ თამაშებს, რომლებში ბავშვები თავად მონაწილეობენ,  საშობაო ამბებზე შექმნილ ინსტალაციებს, ქუჩის თოჯინების თეატრებს, საბავშვო წიგნების, ტანსაცმლისა თუ სუვენირების დახლებს. ხშირად შეხვდებით, ასევე, ბავშვების მიერ საგანგებოდ საშობაო ბაზრობისთვის დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს, რომლებსაც ისინი თავადვე ყიდიან.

საშობაო ბაზრობებზე სიარული უკვე იქცა რიტუალად, რომელიც დიდი ხანია, გასცდა რელიგიურ დატვირთვას და სახალხო დღესასწაული გახდა.

 

უკვე რამდენიმე წელია, საშობაო ბაზრობა საქართველოშიც იმართება. წელს ეს დღესასწაული ფაბრიკის ტერიტორიაზეა დაგეგმილი: 22-23 დეკემბერს ფაბრიკის ეზო უამრავ სიურპრიზს გვპირდება, მათ შორისაა New Brand-ის ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების პერფორმანსი, რომელიც გაიმართება 22 და 23 დეკემბერს, 17 და 18 საათზე; და  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის, ნიჭიერთა ათწლედის, საბავშვო ორკესტრის კონცერტი, რომელიც 23 დეკემბერს, 15 საათზეა დაგეგმილი. და რაც მთავარია, საშობაო ბაზრობაზე სტარტაპერების მიერ დამზადებული ნივთები გაიყიდება.

 

ავტორი: მაია ლიპარტელიანი

კომენტარები