3 აპრილი 30 წუთის საკითხავი
როგორ ვიმუშაოთ მარსიდან

რამდენიმე დღის წინ მეგობარს შევხვდი ლანჩზე, რომელიც ბრიუსელში ცხოვრობს და მუშაობს. თუმცა, ეს ხელს არ უშლის, ლანჩზე თბილისში იყოს. თვეში რამდენიმე დღე დისტანციურად მუშაობს ნებისმიერი ადგილიდან: შეუძლია საქართველოში იყოს, დღის განმავლობაში სახლიდან ან საყვარელი ყავის ბარიდან იმუშაოს, საღამოს კი თავის აქაურ სტარტაპს მიხედოს, ან მეგობრებთან გაატაროს დრო.

 

მსოფლიოში ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ტენდენცია სამუშაო გრაფიკის, კერძოდ კი, სამუშაო ადგილის თავისუფლებაა. 2018 წლის კვლევის თანახმად, ამერიკაში დასაქმებულთა 52% კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც მუშაობს დისტანციურად.*

 

ჩემთვის, როგორც ე. წ. მილენიალისთვის, დისტანციურად მუშაობა ყოველთვის მიმზიდველი თემა იყო, ცხოვრების ამ ეტაპზე კი - განსაკუთრებით, იმის გამო, რომ ახლახან შემეძინა შვილი და კიდევ უფრო დავაფასე საკუთარი დროის თავისუფლად მართვის სიკეთეები.

 

ჩემი მეგობარი კი, რომელიც ბელგიაში საკმაოდ დიდი ორგანიზაციის პროდუქტების განვითარების მენეჯერია, იმით არის უკმაყოფილო, რომ მისი მენეჯერი საშუალებას არ აძლევს თვეში 1 კვირაზე მეტი იმუშაოს დისტანციურად და მარწმუნებს, რომ სახლიდან მუშაობის დროს ყველაზე პროდუქტიულია.

 

თუმცა, დიდი დარწმუნება არ მჭირდება, მჯერა. მჯერა კი არა, ზუსტად ვიცი, რომ მართალია. მე თვითონ ყველაზე საპასუხისმგებლო, საფიქრალ და მნიშვნელოვან საქმეებს ყოველთვის სახლიდან ვაკეთებდი, ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, არასამუშაო დროს - ოფისში მისვლამდე ან სამუშაო საათების დასრულების შემდეგ…

 

ჰოდა, საინტერესოა, რატომ არ ავიტაცეთ ეს ტენდენცია საქართველოში. მე პირადად ჩემ გარშემო ძალიან ცოტას ვიცნობ, ვინც ოფისში სრულ 8-საათიან სამუშაოს პერიოდულად სახლიდან მუშაობით ანაცვლებს. და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დისტანციურად მუშაობის პრაქტიკა უკვე საკმაოდ მყარადაა ფეხმოკიდებული, საქართველოში დასაქმებულები და დამსაქმებლები თითქოს ამ ალტერნატივას საერთოდ ვერ ამჩნევენ. მეტიც, არცერთ მნიშვნელოვან ბიზნეს თუ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც ჩვენთან ტარდება, ამ თემაზე დიალოგი არ მომისმენია… ფაქტია, რომ დისტანციური მუშაობის ტენდენციაზე საქართველოში საერთოდ არავინ ლაპარაკობს და რაზეც არ ლაპარაკობენ, არც არსებობს, განსაკუთრებით დღეს, სოციალური ქსელების ეპოქაში.

 

საინტერესოა, დასაქმებულებს არ ხიბლავთ საკუთარ ცხოვრების სტილზე მორგებული სამუშაო გრაფიკი? თუ დამსაქმებლებს ეშინიათ მსგავსი ექსპერიმენტების თავიანთი პერსონალის კეთილსინდისიერების ან სამუშაო კულტურის ფონზე? იქნებ, უბრალოდ, ცვლილებები და ექსპერიმენტი გვეზარება დამსაქმებლებსაც და დასაქმებულებსაც?

 

დისტანციური მუშაობა აუცილებლად იქნება მომავლის სამუშაო კულტურის ნაწილი. დროა, ამ თემაზე ჩვენც დავიწყოთ საუბარი, მით უმეტეს, რომ არსებული საერთაშორისო გამოცდილება საკმაოდ დადებით შედეგებს აჩვენებს…

მიზიდულობა

ანუ რატომ უნდათ დისტანციურად მუშაობა დასაქმებულებს

 

ჯადოსნური სიტყვა - თავისუფლება.

დღეს დასაქმებულთა ყველაზე ახალგაზრდა და აქტიური ბირთვი მილენიალია, იგივე Generation Y (1977-2000 წლებში დაბადებული ადამიანები). თაობა, რომელიც ტექნოლოგიებთან ერთად გაიზარდა და ტექნოლოგიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია; სმარტფონებით, ლეპტოპებით შეიარაღებულებს კომუნიკაცია ძირითადად ჩატით და მეილით აქვთ, რაც ხშირად ურჩევნიათ კიდეც პირისპირ კონტაქტს. ინდივიდუალისტი მილენიალებისთვის მიჯაჭვულობა აუტანელია და მობილურობა - უმთავრესი: აღარ ყიდულობენ სახლებს, ოჯახს გვიან ქმნიან, სწავლაც ონლაინ ურჩევნიათ, ბევრს მოგზაურობენ (ახალგაზრდობაშივე) - ერთი სიტყვით, თავად ადგენენ თავიანთი ცხოვრების წესებს. ამ ყველაფერთან ერთად შემოქმედებითები, ინოვაციურად მოაზროვნეები და შედეგების მიღწევაზე ორიენტირებულები არიან და ენთუზიაზმით ასრულებენ იმ სამუშაოს, რომელიც აირჩიეს. თუ მათი წინა თაობა მუშაობდა რომ ეცხოვრა, მილენიალებისთვის ჯერ ცხოვრებაა და შემდეგ - სამსახური, უფრო სწორად, ისეთი სამსახური, რომელიც მათი ცხოვრების სტილს არ აფერხებს.  ბუნებით მაქსიმალისტებს შეიძლება სამსახურთან ერთად მოგზაურობა, სტარტაპის შექმნა, პერსონალური გამოფენის მოწყობა ან ჩოგბურთზე სიარული უნდოდეთ.

 

ბუნებრივია, ამ ადამიანებისთვის სამსახურში სიარულიც ერთგვარი შეზღუდვაა და ნელ-ნელა „სხვანაირად მუშაობის“ იდეა კადრების მოსაზიდად დასაქმებულებისთვის უფრო აუცილებლობა ხდება, ვიდრე დამატებითი მოტივაცია.

 

შედეგები ბიზნესისთვის

 

ჯადოსნური სიტყვები: კადრების შენარჩუნება.

კვლევის თანახმად, დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები სამსახურით  უფრო კმაყოფილები არიან და 25%-ით ნაკლებად განიხილავენ სამსახურის შეცვლას*. ეს ძალიან მნიშვნელოვანია  დამსაქმებლისთვის იმ ფონზე, როცა თანამშრომლების გადინების შემცირება და მათი შენარჩუნება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დღეს. მილენიალების თაობის ერთ-ერთი მახასიათებელი ისიცაა, რომ ყოველთვის ახალს და უკეთესს ეძებენ და ერთ ორგანიზაციაში 2-3 წელი თუ რჩებიან.

 

კიდევ ერთი პლიუსი პროდუქტიულობის ზრდა. როგორც ჩანს, ოფისში ბევრ ხალხთან მუშაობასთან შედარებით სახლში საქმეზე კონცენტრაცია უფრო მარტივია. მნიშვნელოვანი ფაქტორია ონლაინ კონფერენციების საშუალებით შეხვედრების ოპტიმიზაციაც - რაც არათუ სხვადასხვა ქვეყანაში, ერთ ქალაქშიც კი მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ, როდესაც მუშაობა დავიწყე, ჩემს ორგანიზაციას ერთი სათავო ოფისი ჰქონდა,  ახლა უკვე რამდენიმე აქვს ქალაქის სხვადასხვა წერტილში. ამის გამო ყოველდღიური შიდა შეხვედრებისთვისაც კი თანამშრომლებს საკმაოდ დიდი დრო ეხარჯებათ...

 

როცა ყველაფერი ფიზიკური სივრციდან ციფრულისკენ გადადის, ორგანიზაციებიც ცდილობენ, არ ჩამორჩნენ. მომსახურება მხოლოდ ვებგვერდებზე კი არა, უკვე ჩატებში გადადის: 2 წლის წინ ვინ იფიქრებდა, რომ იმავე საბანკო ან სადაზღვევო სერვისს ადამიანები მესენჯერის ჩატბოტებისგან იყიდდნენ?!

 

გამოწვევები

 

როგორც ყველა ცვლილებას, მუშაობის ამ ახალ სტილსაც სირთულეები ახლავს. რთულდება ერთიანი კორპორაციული კულტურის შექმნა, გუნდის შეკვრა, მათი  სოციალიზაცია. ზოგი მიიჩნევს, რომ ინოვაციურობას და წარმატებულ კოლაბორაციას ხელს უწყობს თანამშრომლების ერთ სივრცეში ყოფნა. გარდა ამ გლობალური გამოწვევებისა, საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია სხვადასხვა სახის ტექნიკური პრობლემა.

 

მთავარი გამოწვევა ჩვევაა - დინება, რომელსაც მივყვებით, ცვლილება კი, საწყის ეტაპზე მაინც, დისკომფორტს გვიქმნის. „შეჩვეული ჭირი“ გვირჩევნია და არც ვფიქრობთ: იქნებ მოძველდა ის, რასაც ვაკეთებთ, იქნებ გაუმჯობესება სჭირდება. მარტივი და ნაცნობია ოფისის რუტინა 10-იდან 7-მდე, კომფორტულია, როცა ზუსტად ვიცით, რას მოელიან ჩვენგან - თავის ატკივება ვის უნდა?!

 

პროგნოზი

 

პროგნოზის თანახმად, 2020 წლისთვის დასაქმებულების 50%  რაიმე ფორმით მაინც დისტანციურად იმუშავებს.** რა თქმა უნდა, გააჩნია პროფესიას - ყველა სრულად დისტანციურად ვერ იმუშავებს, ვერც თვითდასაქმებული იქნება, თუმცა მუშაობის ამ ახალ ფორმატს აქვს პოტენციალი, იყოს თანამედროვე სამუშაო კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი. ოფისებიც იარსებებს,  უბრალოდ, კონცეფცია შეიცვლება და ახალ რეალობას მოერგება.

 

როდესაც პატარა ბავშვი გყავს,  ძალიან რთულია ოფისში სიარული და სტანდარტულ სამუშაო საათებზე მორგება. ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 6 თვე გამოეთიშოს სამსახურს, თან შემოსავალიც ჰქონდეს.  ასეთ შემთხვევებში ქალებს გარკვეული პერიოდი დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ვფიქრობ, ნაკლები კარიერული პრობლემები შეექმნებოდათ. 

 

არ ვიცი, საქართველოში რამდენად სწრაფად მოხდება ცვლილებები, თუმცა მჯერა, რომ სიახლეებისა და  ასტრიდ ლინდგრენის ხედვის დროა:  “I have never tried that before, so I think I should definitely be able to do that.”

 

ავტორი: თათია კარიაული

კომენტარები