1 მაისი 51 წუთის საკითხავი
რატომ ურჩევნია სტარბაქსს ზარალზე ყოფნა

2012 წლის 15 ოქტომბერს ბრიტანულმა "როიტერსმა" სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა იმის შესახებ, თუ როგორ ამცირებს სტარბაქსი გადასახადების ოდენობას გაერთიანებულ სამეფოში.1 აღნიშნული გამოცემა წერდა, რომ სტარბაქსი საგადასახადო მიზნებისათვის ზარალს მუდმივად აფიქსირებდა ბრიტანეთში, პარალელურად კი ინვესტორებს არწმუნებდა ბიზნესის მომგებიანობაში. "როიტერსის" მიხედვით ამ შეუსაბამობის მიზეზი მდგომარეობდა სტარბაქსის, და ზოგადად, საერთაშორისო კომპანიების, საგადასახადო პოლიტიკაში. მსგავს საგადასახადო სქემებს იყენებდა ბევრი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის Amazon, Google, Facebook და ა.შ. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კომპანიების მიერ გამოყენებული საგადასახადო სტრუქტურები არ ეწინააღმდეგებოდა ქვეყნების შიდა კანონმდებლობასა და საერთაშორისო ნორმებს. საერთაშორისო კომპანიები გადასახადებს ამცირებდნენ სხვადასხვა ქვეყნის შიდა კანონმდებლობების სრული დაცვით.

 

"როიტერსის" მონაცემებით სტარბაქსმის შვილობილმა კომპანიამ ბრიტანეთში 1998 წლიდან (ანუ მისი დაარსების თარიღიდან) 2012 წლამდე 4,8 მილიარდი ფუნტის ოდენობის ყავა გაყიდა და  მხოლოდ 8,6 მილიონი ფუნტი მოგების გადასახადი გადაიხადა.2 უფრო მეტიც, 1,2 მილიარდ გაყიდვებზე სტარბაქსს მოგების გადასახადი არ გადაუხდია ბრიტანეთში, მაშინ როცა მაკდონალდსს 3,6 მილიარდ გაყიდვებზე დაერიცხა 80 მილიონი მოგების გადასახადი.3  "როიტერსი" წერდა, რომ სტარბაქსი 15 წლიანი არსებობის მანძილზე 14 წლის განმავლობაში საგადასახადო ზარალს აფიქსირებდა.

 

"როიტერსის" ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ, სტარბაქსის უფროსი ფინანსური ოფიცერი - ტროი ოლსტედი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წინაშე წარსდგა, სადაც მას ჰკითხეს, თუ რატომ აფიქსირებდა სტარბაქსი მუდმივად ზარალს, მაშინ როცა მისი გაყიდვების რაოდენობა რამდენიმე მილიარდ ფუნტს შეადგენდა. „ჩვენ არ გადანაშულებთ იმაში რომ თქვენ იქცევით კანონის საწინააღმდეგოდ, არამედ ჩვენ გადანაშაულებთ იმაში, რომ თქვენი საქციელი ამორალურია.“4 - განაცხადა სხდომის თავჯდომარემ. გარდა სტარბაქსის ფინანსური ოფიცრისა, სხდომაზე ასევე დაბარებული იყვნენ ამაზონის საჯარო პოლიტიკის დირექტორი და გუგლის ჩრდილო და ცენტრალური ევროპის გაყიდვებისა და ოპერაციების ვიცე პრეზიდენტი.5

 

"როიტერსის" ანგარიშიცა და გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო მოსმენაც ფოკუსირებული იყო სამი ტიპის ოპერაციაზე:

  • ჰოლანდიის კომპანიებისათვის გადახდილ როიალტიზე;
  • ჰოლანდიისა და შვეიცარიის კომპანიებისთვის ყავის მარცვლებზე გადახდილ თანხაზე; და,
  • ამერიკის სათავო კომპანიისთვის სესხზე გადახდილ პროცენტზე.


ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე გამოსახულია სტარბაქსის გამარტივებული კორპორატიული სტრუქტურა. აღნიშნულმა სტრუქტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტარბაქსის მიერ გადასახადების ოდენობის შემცირებაში.

გამარტივებული კორპორატიული სტრუქტურის მიხედვით სტარბაქსი Starbucks UK-ს ფლობს Starbucks Coffee Holdings (UK) Ltd -ის საშუალებით. იმავე ჰოლდინგური კომპანიის საშუალებით სტარბაქსი ფლობს ორ ჰოლანდიურ ამხანაგობას - Rain City CV and Emerald City CV-ს. ეს უკანასკნელი კიდევ ფლობს ბრიტანულ ამხანაგობა Alki LP-ს. Alki LP თავის მხრივ პირდაპირ ფლობს Starbucks Coffee EMEA BV-ს (შემდეგში, Starbucks Holdings EMEA) და არაპირდაპირ Starbucks Manufacturing EMEA BV-ს (შემდეგში, Starbucks Mfg.) და Starbucks Coffee Trading SarL (შემდეგში, Starbucks Trading). Starbucks Holdings EMEA ფლობს ისეთ არამატერიალურ აქტივებს, როგორებიცაა სავაჭრო ნიშნები და წარმოების პროცესები. შესაბამისად, აღნიშნული კომპანია ჯგუფის წევრი სხვა კომპანიებისგან იღებს როიალტის. Starbucks Holdings EMEA სტარბაქსის ოპერაციებთან მიმართებით ასევე ჰოლდინგური კომპანიაა და ფუნქციონირებს გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ა.შ Starbucks Mfg.  პასუხისმგებელია ყავის მარცვლების მოხალვასა და მოხალული მარცვლების სტარბაქსის ევროპისა და შუა-აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული კომპანიებისათვის მიწოდებაზე. როგორც ზემოთ მოცემულ დიაგრამაზეა გამოსახული, ორივე ჰოლანდიური კომპანია, ანუ Starbucks Mfg. და Starbucks Holdings EMEA, როიალტის უხდის ბრიტანულ ამხანაგობა Alki LP-ის. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ უკანასკნელს არ მოეთხოვება დიდ ბრიტანეთში ფინანსური ანგარიშის წარდგენა. შესაბამისად, როიალტის გარიგებასთან დაკავშირებული დეტალები უცნობია. ჰოლანდიური კომპანიების მიერ გადახდილი როიალტის ოდენობა 2012 წელს დაახლოებით 50 მილიონ ევროს შეადგენდა. უცნობია, Alki LP მიღებულ როიალტის ინახავს თუ მას ჯგუფის სხვა კომპანიებს უხდის. Starbucks Mfg. და Starbucks Holdings EMEA ჰოლანდიაში წარადგენენ საგადასახადო დეკლარაციას ერთად (ანუ კონსოლიდირებულ საგადასახადო დეკლარაციას). სტარბაქსი ნედლ ყავას ყიდულობს შვეიცარული კომპანიის Starbucks Trading-ის საშუალებით. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული კომპანია ყავის მოხალვის პროცესში ჩართულ სტარბაქსის ჯგუფის კომპანიებს 20 %-იანი ფასნამატით აწვდის ნედლეულს.

 

როგორც ზემოთაა აღნიშნული, Starbucks UK-ს მუდმივი ზარალის მიზეზად სამი ოპერაცია დასახელდა. კერძოდ, Starbucks UK ოპერაციები ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებთან, რომლის მიხედვითაც Starbucks UK სტარბაქსის ჯგუფის სხვა კომპანიებს უხდიდა როიალტის და პროცენტს. ასევე, მათგან ყიდულობდა ნედლეულს.

1. როიალტი.

Starbucks UK Starbucks Holdings EMEA-ს უხდიდა როიალტის სტარბაქსის ბრენდისა და სავაჭრო ნიშნის გამოყენებისთვის, უმაღლესი ხარისხის არაბიკას შესყიდვის უფლებისთვის, მაღაზიის ოპერაციების, სტარბაქსის ბიზნეს მოდელის გამოყენებისა და მაღაზიის დიზაინის კონცეფციისთვის. აღნიშნული როიალტის ოდენობა 2003-2009 წლებში 6 %-ს, ხოლო 2010 წლიდან 4.7 %-ს შეადგენდა.

სტარბაქსი აღნიშნავდა, რომ ბრიტანული კომპანიის მიერ გადახდილი როიალტი საბაზრო პრინციპს შეესაბამებოდა. საბაზრო პრინციპი (ანუ arm’ს length principle) საერთაშორისოდ აღიარებული ნორმაა, რომლის მიხედვითაც ერთი ჯგუფის კომპანიებს შორის ოპერაციები იმავე ფასით და პირობებით უნდა განხორციელდეს, როგორც ოპერაციები დამოუკიდებელ კომპანიებს შორის. სტარბაქსის მტკიცება, რომ Starbucks UK-ის მიერ გადახდილი როიალტი საბაზრო პრინციპს შეესაბამებოდა, ეფუძნებოდა იმას, რომ სტარბაქსს იმავე რაოდენობის როიალტის უხდიდნენ ასევე ისეთი კომპანიები, რომლებიც არ შედიოდნენ სტარბაქსის ჯგუფში. თუმცა, სტარბაქსსა და დამოუკიდებელ მხარეებს შორის ამ როიალტისთან დაკავშირებული ხელშეკრულებების დეტალური პირობები უცნობი იყო. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა მათი შედარება Starbucks UK-ის მიერ გადახდილ როიალტისთან. სტარბაქსს როიალტის უხდიდნენ ასევე ერთობლივი საწარმოებიც (ე.წ. joint ventures), სადაც თვითონ სტარბაქსს მნიშვნელოვანი წილი ჰქონდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები არ შეიძლებოდა აღნიშნული ხელშეკრულებების გამოყენება შესადარებლად და იმის დასამტკიცებლად, რომ Starbucks UK-ის მიერ გადახდილი როიალტი საბაზრო პრინციპს შეესაბამებოდა.

 

2. ყავის მარცვლების შესყიდვები სტარბაქსის ჯგუფის კომპანიებისგან

ჯგუფი ყავის მარცვლებს სტარბაქსის მიწოდების ჯაჭვის შესაბამისად შვეიცარიული კომპანია Starbucks Trading-ის საშუალებით ყიდულობდა. აღნიშნული კომპანია ნედლ ყავის მარცვლებს აწვდიდა სტარბაქსის ჯგუფის სხვა კომპანიებს. გაყიდვისას Starbucks Trading ამატებდა 20%-იან ფასნამატს. ევროპის მასშტაბით აღნიშნულ მარცვლებს Starbucks Mfg. ყიდულობდა , რომელიც, თავის მხრივ, ხალავდა მათ და მოხალულ მარცვლებს ყიდდა ჯგუფის სხვა კომპანიებზე, მათ შორის Starbucks UK-ზე.

 

ამ შემთხვევაშიც, ნედლეულის მიწოდების ფასი, მოხალული მარცვლეულის მიწოდების მსგავსად, საბაზრო პრინციპთან შესაბამისი უნდა ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზრდილი გადაყიდვის ფასი შეამცირებდა პირველ რიგში ჰოლანდიური კომპანიის Starbucks Mfg.-ის და შემდეგ უკვე Starbucks UK-ის მოგებას.

 

2012 წლის მონაცემებით Starbucks Mfg.-მ შვეიცარიული კომპანიისგან შეიძინა 65 მილიონი ევროს ღირებულების ყავის მარცვლები, მაშინ როცა მისმა გაყიდვების რაოდენობამ 286 მილიონ ევროს მიაღწია. ამ 286 მილიონი ევროს გაყიდვებიდან ჯგუფის სხვა კომპანიებზე გაყიდვებმა 233 მილიონი ევრო შეადგინა. მიუხედავად დიდი გაყიდვებისა, Starbucks Mfg. ნიდერლანდებში მოგების გადასახადს არ იხდიდა. Starbucks Mfg. საგადასახადო ერთიანობის (ე.წ. fiscal unity) წევრია Starbucks Holdings EMEA-სთან ერთად. საგადასახადო ერთიანობა ანუ საგადასახადო კონსოლიდაცია გულისხმობს, რომ კომპანიები რომლებიც ერთი საგადასახადო კონსოლიდაციის ჯგუფის წევრები არიან კომბინირებულად აღრიცხავენ შემოსავლებსა და ხარჯებს საგადასახადო მიზნებისთვის. გამომდინარე იქედან, რომ ორივე ჰოლანდიურ კომპანიას ჰქონდა დიდი ხარჯები, კერძოდ ისინი როიალტის უხდიდნენ სტარბაქსის ჯგუფის წევს კომპანიას Alki LP-ს, მათ ნიდერლანდებში მოგების გადასახადის გადახდა აღარ უწევდათ.

 

3. სესხზე გადახდილი პროცენტები

"როიტერსის" მესამე ხარჯი, რომელიც Starbucks UK-ის მოგებას ამცირებდა იყო ამ უკანასკნელის მიერ მისი სათავო კომპანიისათვის (Starbucks Corp.) სესხზე გადახდილი პროცენტები. კერძოდ, სათავო კომპანიის მიერ ბრიტანულ კომპანიაზე გაცემული სესხის ოდენობა 2011 წლისათვის დაახლოებით 72 მილიონ ფუნტს შეადგენდა. 2010 და 2011 წლებში ბრიტანული კომპანიის მიერ სათავო კომპანიისთვის გადახდილი პროცენტების რაოდენობა კი  4,3 მილიონი და 2 მილიონი ფუნტი იყო. 

 

სესხზე გადახდილ პროცენტთან დაკავშირებით სტარბაქსის უფროსმა ფინანსურმა ოფიცერმა ბრიტანეთის პარლამენტში მოსმენაზე განაცხადა, რომ სესხზე გადახდილი პროცენტი ჯგუფისთვის ვერ იქნებოდა საგადასახადო დანაზოგი, რადგან გადასახადის ოდენობა ამერიკაში უფრო მაღალი იყო, ვიდრე დიდ ბრიტანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ოლსტედის განცხადება დამაჯერებლად შეიძლება ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია მთლიანი სურათის გაანალიზება. კერძოდ, იმ პერიოდში როდესაც ბრიტანული კომპანია ამერიკულ კომპანიას სესხზე პროცენტს უხდიდა, სტარბაქსს უცხოეთში დიდი რაოდენობით გადასახადი (ე.წ. foreign tax credit) ჰქონდა გადახდილი. შესაბამისად, ჯგუფს შეეძლო სესხზე გადასახდელი პროცენტი უცხოეთში გადახდილ გადასახადში ჩაეთვალა. სტარბაქსმა აღნიშნული უცხოეთში გადახდილი გადასახადი ბოლოჯერ 2012 წელს გამოიყენა.

*****

უნდა აღინიშნოს, რომ სტარბაქსი არ არის ერთადერთი საერთაშორისო კომპანია, რომელმაც შეიმცირა გადასახადების ოდენობა სრულიად კანონიერი გზებით. ასეთი კომპანიების რიცხვშია ასევე Amazon, Google, Apple და ა.შ. ამერიკული კომპანიების მიერ საგადასახადო დაგეგმვის სიხშირე ასევე გამოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების საგადასახადო კანონმდებლობით. ამის ერთ-ერთი მაგალითია ამერიკაში არესებული წესი (check the box regime), რომლის მიხედვითაც კომპანიებს შეუძლიათ აირჩიონ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიის ფორმა ამერიკის საგადასახადო მიზნებისათვის. კერძოდ, მათ შეუძლიათ ამერიკის საგადასახადო კანონმდებლობის მიზნების შესაბამისად განსაზღვრონ თუ რა ფორმით დაარსდება უცხოური კომპანია, იქნება ის იურიდიული პირი თუ ამხანაგობა. აღნიშნული არჩევანი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ამერიკაში გადასახადების რაოდენობაზე და ასევე, საერთაშორისო კომპანიებს საგადასახადო დაგეგმვაში მეტ თავისუფლებას ანიჭებს.

 

დღესდღეობით საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მსგავსი საგადასახადო სტრუქტურების შეზღუდვის მიზნით. კერძოდ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) და G20 წევრმა ქვეყნებმა 2013 წლის თებერვალში გამოაქვეყნეს და იმავე წლის სექტემბერში დაამტკიცეს ანგარიში 15 პუნქტიანი სამოქმედო გეგმით. აღნიშნული 15 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა საგადასახადო ბაზრის შემცირებისა და მოგების გადატანის (Base Erosion and Profit Shifting) სახელით იყო ცნობილი. ამ ანგარიშის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები ქვეყნებისათვის. მისი შედეგების შესაბამისად ცვლილებები შევიდა OECD-ის მოდალურ საგადასახადო კონვენციის ტექსტსა და მის კომენტარებში7. ცვლილებების შეტანა ასევე აუცილებელია ქვეყნების შიდა კანონმდებლობაში იმისათვის, რომ აღმოიფხვრას გადასახადების შემცირების ის გზები, რომლებსაც სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები იყენებენ. ბევრმა ქვეყანამ უკვე მიიღო ზომები და შესაბამისად, შეცვალა შიდა კანონმდებლობა. OECD-ის გარდა, ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირმაც. საერთო ჯამში, უნდა აღინიშნოს რომ OECD, ისევე როგორც ევროკავშირი, დღესდღეობით აქტიურად მუშაობს ახალი რეკომენდაციებისა და საერთაშორისო დაბეგვრის ნორმების შემუშავებაზე. 

 


 

 

1აღნიშნული ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://uk.reuters.com/article/us-britain-starbucks-tax/special-report-how-starbucks-avoids-uk-taxes-idUKBRE89E0EX20121015.

 

2იხ. ზემოთ.

 

3იხ. ზემოთ.

 

4სხდომის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://publications.parliament.uk/pa/cm201213/cmselect/cmpubacc/716/121112.htm

 

5იხ. https://www.youtube.com/watch?v=db4TlUY_1gI.

 

6Starbucks 2012 Form 10-K, financial statements n.13, supra note 4, at 83; Starbucks Corp. 2011 Form 10-K, financial statements n.13, at 71.

 

7OECD-ის მოდელი საგადასახადო კონვენცია და მისი კომენტარები ელექტრონულად ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://read.oecd-ilibrary.org/taxation/model-tax-convention-on-income-and-on-capital-condensed-version-2017_mtc_cond-2017-en#page1.

 

ავტორი: ეთერ ბურკაძე

კომენტარები