21 ოქტომბერი 25 წუთის საკითხავი
მოდა პლასტმასის ბოთლებისგან

თანამედროვე სამყარო დაბინძურებულ გარემოს და მოახლოებულ ეკოლოგიურ კატასტროფას სხვადასხვაგვარად ებრძვის - ცნობიერების ამაღლების არაერთი მცდელობით, ქუჩებში დემონსტრაციებით, ეკოლოგიური კვლევების საგანგაშო  შედეგების გამოქვეყნებით, სხვადასხვა დისკუსიასა და ფორუმზე პოლიტიკოსების გამოსვლებით და დიზაინერების მცდელობებით, რომლებსაც გამოყენებული პლასტმასი მაღაზიის ვიტრინებში წარმატებით გადააქვთ.

 

ეს სოციალური პასუხისმგებლობა, მარკეტინგული ხრიკი თუ ახალი ტენდენციაა, რომელიც მოდის მომავალს ცვლის - სანამ ეკოლოგები და მოდის კრიტიკოსები ნაგვის ამ ფორმით გარდაქმნის მიზანშეწონილობაზე მსჯელობენ, სამოდელო ინდუსტრიაში იმ მოდის სახლების რაოდენობა იზრდება, ვინც ოკეანეებიდან „ნაგავს პოდიუმზე ეზიდება.“

Girlfriend Collective სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც კანადელმა წყვილმა 2016 წელს სიეტლში დააფუძნა. მას შემდეგ, რაც ელი დინმა მეუღლეს შესჩივლა, რომ იოგას გაკვეთილებისთვის არც ერთი შარვალი არ მოსწონდა, ერთად გადაწყვიტეს სპორტული შარვლების ხაზი თავად შეექმნათ.

 

კომპანიის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ დაბინძურებული ოკეანეების „გათავისუფლება“ მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ტანსაცმლის დიდი ნაწილი დამზადებულია სანაპიროებზე მოგროვებული ბოთლებისა და ოკეანეებში დატოვებული სათევზაო ბადეებისგან, რისგანაც განახლებულ ნეილონს ამზადებენ.

 

Girlfriend Collective-თვის ადგილობრივები ტაივანში პლასტმასის ბოთლებს აგროვებენ და ფაბრიკაში აბარებენ, სადაც გადამუშავდება და მატერიად იქცევა, ამის შემდეგ ქსოვილი მეორე ფაბრიკაში იგზავნება, სადაც ტანსაცმელი იკერება და იღებება. საერთშორისო ნორმების შესაბამისად, კომპანიას დღეში მხოლოდ ასი პროდუქტის შეკერვის უფლება აქვს. თითოეული შარვლის შესაკერად კი პლასტმასის 25 გამოყენებული ბოთლია საჭირო.

Batoko ბრიტანული კომპანიაა, რომლის საცურაო კოსტიუმები ასი პროცენტით ხელოვნური, გადამუშავებული პლასტმასისგან და ბადეებისგან მზადდება. ოკეანეში შეგროვებული მასალა შესაბამისი დამუშავების შემდეგ ჩინეთში იკერება. Batoko-ს ბაზარზე კარგი რეპუტაცია რამდენიმე მიზეზის გამო აქვს: ბევრი სხვა კომპანიისგან განსხვავებით, ის ბავშვებს სამუშაო ძალად არ იყენებს, მუდმივად მონაწილეობს ეკოლოგიურ აქციებში, დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ბრიტანული საქველმოქმედო ორანიზაციისგან - Marine Conservation Society, რომელიც დიდი ბრიტანეთის გარშემო წყლის გასუფთავებაზე ზრუნავს.  

 

Batoko-ს საცურაო კოსტიუმები აბსოლუტურად ხელოვნური ნაწარმისგან მზადდება და, შესაბამისად, ცხოველურ მასალას არ შეიცავს. მოდის სახლი ცხოველებისადმი მხარდაჭერას  კოლექციებით და ინდივიდუალური საცურაო კოსტიუმებით გამოხატავს. აბსოლუტურად ყველა კოსტიუმზე თევზები, ფრინველები, ცხოველები ან მცენარეებია გამოსახული და ყველას თავის სახელი აქვს, მაგალითად „ზვიგენი,“ „კაკადუ,“ „ველური კატა“ და ასე შემდეგ...

 

Batoko-ს ცნობიერების ამაღლების კიდევ ერთი გზა მათივე შემეცნებითი ბლოგია, სადაც მუდმივად იწერება იმის შესახებ, როგორ ზიანდება დედამიწა დაბინძურების გამო, რა მავნე ნივთიერებებს შეიცავს ოკეანეებსა და ნიადაგში გაფანტული პოლიეთილინი ან ინდივიდუალურად როგორ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე.

 

Ecoalf-ის დამფუძნებელი ხავიერ გოინეჩი ამტკიცებს, რომ კომპანიას პროფილი დაბინძურებული ზღვებისა და ოკეანეების გამო  შეუცვალა და ტანსაცმლის ახალი ტექნოლოგიით წარმოება ეკოლოგიური მიზეზით დაიწყო. სერფერი მეთევზეებთან ერთად თავად მონაწილეობს წყლიდან ნაგვის და ბადეების ამოტანაში, მაგრამ Ecoalf-ის სამოსი ასევე  ძველი საბურავებისგან, შალის ქსოვილებისგან და ყავის ნალექისგან მზადდება. აქამდე მოდის სახლი მხოლოდ ქურთუკებს კერავდა, წელს კი ბაზარზე ხელჩანთების და ზურგჩანთების კოლექციასაც წარადგენს. თავიდან Ecoalf-ის კოლექცია ამაზონსა და ზალანდოზეც იყიდებოდა, მაგრამ ხავიერ გოინეჩი ამბობს, რომ ონლაინპლატფორმების დაუსრულებელი სარეკლამო აქციები მათი კომპანიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ამიტომ ინტერნეტგაყიდვებზე უარი თქვა. Ecoalf-ის სამოსის და აქსესუარების შეძენა ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე, ბერლინში KADEWE-ში და ევროპის თითქმის ყველა დიდი დედაქალაქის სავაჭრო ცენტრშია შესაძლებელი.

 

შვედური ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი H&M-ი ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც ტანსაცმელს მეორადი მასალებისგან ქმნის, მაგრამ 2017 წლის ექსკლუზიური კოლექციით დიზაინერებს სურდათ განსაკუთრებული ყურადღება დაბინძურებული ოკეანეებისკენ მიეპყროთ. მეტი ეფექტისთვის კოლექციის მთავარი, ვარდისფერი ელეგანტური კაბა ნატალია ვოდიანოვას მოარგეს და სარეკლამო რგოლში აჩვენეს, როგორ გარდაიქმნა პლასტმასის ბოთლები საღამოს კაბად, რომელიც 199 ევროდ გაიყიდა.

 

ერთი წლით ადრე, შვედეთის ეროვნული ნაკრები ოლიმპიადაზე H&M-ის მიერ შეკერილი ფორმებით წარსდგა, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, სამოსი გადამუშავებული პოლიეთილინის და სხვა ძველი ნივთებისგან შეიკერა.

 

2016 წელს გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებული ტანსაცმლის პოპულარიზაცია ჰოლივუდის მსახიობმა ემა უოტსონმა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე სცადა. შავ-თეთრი ელეგანტური კაბა მისთვის Calvin Klein-ის მოდის სახლმა Eco Age-თან თანამშრომლობით შექმნა. ვრცელი Facebook-პოსტით მსახიობმა თაყვანისმცემლებს მოდის ახალი ტენდენციის უპირატებობები და კაბის გამოყენების წესები აუხსნა, თუმცა მსახიობის და მოდის სახლის სხვადასხვა საზეიმო მიღების დროს  წითელი ხალიჩის „მწვანედ“ გარდაქმნის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავების უმეტესობა ისევ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ ტანსაცმელს ირჩევს.

რამდენიმე წელია სპორტული ფეხსაცმლის ბრენდები - Adidas, Nike, Veja ოკეანეებიდან ამოღებულ  პლასტმასის ბოთლებს არა მხოლოდ წარმოებაში იყენებენ, არამედ სხვადასხვა შემეცნებით და საქველმოქმედო აქციაშიც აქტიურად მონაწილეობენ, რის გამოც, ხშირად, წახალისების ნაცვლად, ეკოლოგების კრიტიკას იმსახურებენ. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პლასტმასის ტანსაცმლად გარდაქმნა გარემოზე ზრუნვის უშედეგო მცდელობა და, უფრო მეტიც, მოდის სახლების კომერციული გათვლაა.

 

როგორც სპეციალისტები ხსნიან, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გარეცხვის დროს პლასტმასის ნაწილაკები ისევ წყალს ერევა და შედეგად გარემო ხელმეორედ ბინძურდება,  ამასთან, ეს ნაწილაკები უფრო იოლად ხვდება წყლის ბინადრების ორგანიზმშიც. მათი აზრით, გამოსავალი ტანსაცმლის ხშირ შეძენაზე უარის თქმა და ოკეანეებიდან ამოღებული პლასტმასის საყოფაცხოვრებო ნივთებად გარდაქმნაა.

კომენტარები