6 თებერვალი 37 წუთის საკითხავი
მუსიკალური ინსტრუმენტები

მათ ფასს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს: მასალა, რომლითაც მათ ამზადებენ; დრო და ხანგრძლივი, იუველირული შრომა, რომელიც მათი შექმნისას იხარჯება; ჟღერადობის შესაძლებლობები, უმცირესი და უფაქიზესი ნიუანსების ჩათვლით; სახელები, რომელთაც მათი დაბადება უკავშირდება; და ბოლოს  - ხელები, რომელიც უტყვ ხეს თუ მეტალს ყველა სიტყვაზე უფრო გულშიჩამწვდომად „ალაპარაკებენ“.

 

ამ ინსტრუმენტების ნაწილი, ასაკის მიუხედავად, დღეს აქტიურ საკონცერტო „ცხოვრებას“ განაგრძობენ. მათ შორის რეკორდსმენები, როგორც ფინანსური, ისე არტისტული თვალსაზრისით, უდაოდ სიმებიანები არიან. მათი შემქმნელი ოსტატების - სტრადივარის, გუარნერის, ამატის სახელები, ლამის ამ ინსტრუმენტების სინონიმებია და, ამავდროულად,  უდახვეწილეს ჟღერადობასა და უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება. თითოეული მათგანი, თუნდაც ერთი და იგივე ოსტატის შექმნილი, იმდენად უნიკალურია და იმდენად განსხვავდება წინამორბედისა და მომდევნოსაგან, რომ ადამიანების მსგავსად, მათ საკუთარი სახელებიც აქვთ და „ხასიათიც“. მათთან მიახლოება მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ და  მუსიკოსისთვის ამგვარ ვიოლინოებზე, ვიოლებსა და ჩელოებზე დაკვრის უფლების მოპოვება, უპირველესთა რიგებში გაერთიანებას ნიშნავს.

დღევანდელობის ყველაზე ცნობილი ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი, ერთ-ერთ ასეთ უძვირფასეს ინსტრუმენტზე, ჯუზეპე გუარნერი „დელჯეზუს“ მიერ 1739 წელს შექმნილ ვიოლინოზე უკრავს, რომელიც მას დროებით გადასცა კერძო კოლექციონერმა. „დიადი ვიოლინოები ისეტი პიროვნულია... მათთან შეხვედრა ადამიანთან შეხვედრას ნიშნავს. მათთან ან ჰარმონიაში ხარ, ან კონფლიქტში“, - ამბობს ლიზა ბათიაშვილი, რომელიც მანამდე სტრადივარის ორ ვიოლინოს „იცნობდა“.

 

მოცულობა და ზომა რომ განმსაზღვრელი არ არის, ისიც მოწმობს, რომ აუქციონებზე გაყიდული უძვირესი როიალების ფასები ვიოლინოებისას ან ჩელოებისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. თუმცა, ეს იმითაც აიხსნება, რომ საკონცერტო როიალების ასაკს, ზემოთ ნახსენები სიმებიანების ასაკი, მინიმუმ ასი წლით მაინც უსწრებს. მაგალითად, 2011 წელს 15,9 მილიონ დოლარად გაიყიდა სტრადივარის ვიოლინო „ლედი ბლანტი“, რომელიც ჯორჯ ბაირონის შვილიშვილს ეკუთვნოდა და მის სახელს ატარებს. 16 მილიონით რეკორდი გუარნერის Vieuxtemps-მა მოხსნა - ის აუქციონზე ჯერ-ჯერობით ყველაზე ძვირად გაყიდული ვიოლინოა, რომელიც უცნობმა მფლობელმა ამერიკელ მევიოლინეს, ენ აკიკო მაიერს, მთელი ცხოვრების მანძილზე მფლობელობაში გადასცა.

 

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოქსფორდის ეშმოლის მუზეუმში ინახება სტრადივარის მიერ საკუთარ „ოქროს ხანაში“ შექმნილი ვიოლინო „მესია“, რომელიც დაახლოებით ოც მილიონ დოლარადაა შეფასებული, თითქმის სამასი წლისაა და მასზე იშვიათად თუ ვინმეს დაუკრავს. ასე რომ, რამდენ ხანს შეინარჩუნებს გუარნერი თავის რეკორდს - ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ამ ასტრონომიული თანხების ფონზე, შედარებით „მოკრძალებულია“ ძვირფასი როიალების ღირებულება. Stainway-ს მიერ 1887 წელს შექმნილი „სერ ლორენს ალმა-ტედემას“ ასლი 1.2 მილიონი დოლარი ღირს (მაშინ, როცა თავის დროზე ორიგინალი მხოლოდ 54.5 ათასი დოლარი ღირდა). ერთ-ერთ უძვირეს ინსტრუმენტად მიიჩნევა, ასევე, Steinway-ს Model Z, თუმცა ეს არ არის პომპეზური, მდიდრულად მოხატული ან ძვირფასი თვლებით შემკული ინსტრუმენტი. ეს როიალიც კი არ არის, არამედ პიანინოა, რომლის ღირებულებასაც განსაზღვრავს არა მისი განსაკუთრებული საშემსრულებლო შესაძლებლობები, არამედ, ყოფილი მფლობელი და ისტორია - ის ჯონ ლენონს ეკუთვნოდა და მასზე გაიჟღერა „Imagine“-ის პირველმა აკორდებმა. 2009 წელს ინსტრუმენტი ჯორჯ მაიკლმა 2.1 მილიონ დოლარად იყიდა.

 

რეკორდული თანხაა 3.22 მილიონი დოლარი, რაც უცნობმა მყიდველმა Heintzman Piano-ს მიერ შექმნილ ბროლის როიალში გადაიხადა. ეს სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელზეც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიანისტი, ლანგ-ლანგი, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გახსნაზე უკრავდა.

სახელობითი არტისტები

 

ინსტრუმენტი თუ მისი მწარმოებელი/ბრენდი იმით ფასობს, თუ რამდენმა დიდმა არტისტმა აირჩია იგი. დღესდღეობით,  წამყვანი კომპანიები ქმნიან მათი არტისტების სიას. ეს არტისტები ვალდებულნი არიან, ყოველი გამოსვლისას სწორედ ამ კონკრეტული ბრენდების ინსტრუმენტებზე დაუკრან.

 

ასეთი სია აქვს Kawai-ს,Yamaha-ს, თუმცა, ნამდვილად ვარსკვლავური სახელებით ისინი ჯერ კიდევ ჩამოუვარდებიან ძველ, კარგ Stainway & Sons-ს, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ხელშეუხებელ პრესტიჟსა და რეპუტაციას. აქვე, სიამაყით უნდა ითქვას, რომ Stainway-ს არტისტების სიაში ხუთი ქართული გვარია, მათ შორის, ელისო ვირსალაძის და ლექსო თორაძის. Yamaha-სთან, ჯაზ პიანისტების სიაში, ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ჯაზმენის, გიორგი მიქაძის სახელი გამოჩნდა.

 

მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილია ისიც, რომ მწარმოებელები ცდილობენ, მატი როიალები რაც შეიძლება მეტ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზსა თუ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონკურსზე ჟღერდეს. Yamaha, მაგალითად, ამაყობს იმით, რომ მისი ფორტეპიანოები ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის ოფიციალური ინსტრუმენტებია. ძირითადად, ამ სტრატეგიის მიმდევარია იტალიური Fazioli, რომელიც, სხვათა შორის, აცხადებს, რომ არ არსებობენ Fazioli-ს არტისტები, არამედ არტისტები, რომლებიც უკრავდნენ და უკრავენ Fazioli-ს. ასეთი მუსიკოსების სამადლობელ წერილებს და შეფასებებს კომპანია თავის ვებ-გვერდზეც ათავსებს და, ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე, რაკი ინსტრუმენტებს უქებენ და უქებდნენ საფორტეპიანო ხელოვნების ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან ალდო ჩიკოლინი, ალფრედ ბრენდელი, ანი ფიშერი, ვლადიმირ აშკენაზი, მართა არგერიხი და ა.შ. Fazioli წლიურად მხოლოდ 100 ხელნაკეთ ინსტრუმენტს უშვებს, მისი შემოსავალი წელიწადში, დაახლოებით, შვიდ მილიონ ევრომდეა, თუმცა, რეპუტაციას და ცნობადობას, მსოფლიო მასშტაბით, ნამდვილად არ უჩივის.

 

რა მოხდება, თუ რომელიმე კომპანიის არტისტი კონკურენტის ინსტრუმენტზე საჯაროდ დაუკრავს? რეაქცია საკმაოდ მძიმე შეიძლება იყოს. მაგალითად, ცნობილ პიანისტი, გარიკ ოლსენი, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში Bösendorfer-ს „ფორტეპიანოების როლსროისი“ უწოდა,  Stainway-მ იმით დასაჯა, რომ ზუსტად კონცერტის წინ წაართვა როიალი, რომელზეც მუსიკოსს უნდა დაეკრა.

 

ისტორიული სახელები

 

არცთუ ისე ცოტაა იმ მუსიკოსების რიცხვი, რომლებსაც ახალ ინსტრუმენტებს ძველი ურჩევნიათ. ძველი საკრავები, რომელთა შორისაც, როიალებზე მცირე პირადი გამოცდილებით შემიძლია ვისაუბრო, განსაკუთრებული აურითაც გამოირჩევიან - ეს არც ხატოვანი ფანტაზიაა და არც რომანტიკული მეტაფორა. და უფრო საქმიანად თუ მივუდგებით, ძალიან მნიშვნელოვანია ოსტატობის ხანგრძლივად ნაცადი ტრადიციის და მყარი რეპუტაციის ფაქტორი. ეს კი ფულზე უფრო ძვირად ფასობს.

 

მაგალითად, ათი წლის წინ, უზარმაზარმა და შედარებით ახალმა კონცერნმა - Yamaha-მ - მთლიანად შთანთქა როიალების ყველაზე ძველი მწარმოებელი, ავსტრიული Bösendorfer, რომელსაც ათი წლის თავზე ორასი წელი შეუსრულდება. იმ დროისთვის კომპანიის ღირებულება, პარადოქსია, მაგრამ, სტრადივარის „ლედი ბლანტის“ ღირებულებასაც კი ჩამორჩებოდა. Yamaha-ს ეს სვლა ჭკვიანურიც იყო და, შემდეგშიც საკმაოდ დელიკატურად გაგრძელდა: Bösendorfer-ის სახელი, Stainway-სა და Fazioli-სთან ერთად, არა მხოლოდ მსოფლიოში საუკეთესო ინსტრუმენტებთან ასოცირდება, არამედ, ირიბად, ფერენც ლისტის, იოჰანეს ბრამსის, ანტონინ დვორჟაკის სახელებთანაც - ისინი სწორედBösendorfer-ზე უკრავდნენ... ერთი სიტყვით, იაპონურმა გიგანტმა, პირველ რიგში,თითქმის ორსაუკუნოვანი ევროპული ტრადიცია შეისყიდა. დელიკატურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მინიმალურად ერევა კომპანიის მართვაში და საერთოდ არ ერევა ინსტრუმენტების წარმოებაში. დღეს, Bösendorfer-ის თითოეული როიალი ექვსი წლის განმავლობაში მზადდება და მათგან ყველაზე ძვირი, საიმპერატორო ზომის ინსტრუმენტი, 250000 დოლარი ღირს.

 

ძველ და ტრადიციულ სახელებს შორის, აუცილებლად სახსენებელია გერმანული Bechstein. ლისტის სახელს მის ისტორიაშიც შეხვდებით, მაგალითად, ცნობილია, რომ დიდი კომპოზიტორის უცნობილესი საფორტეპიანო სონატა, სი მინორის მსოფლიო პრემიერა ბერლინში, ჰანს ფონ ბიულოვმა სწორედ Bechstein-ის როიალზე შეასრულა.

 

Bechstein-ს თაყვანისმცემლები ყველგან ჰყავდა. ის ამზადებდა ინსტრუმენტებს დედოფალ ვიქტორიასთვის, ბუკინგემის სასახლისა და უინძორების ციხესიმაგრის მცხოვრებთათვის, „საფორტეპიანო მუსიკა მხოლოდ Bechstein-ისთვის უნდა იწერებოდეს“, - ამბობდა კლოდ დებიუსი. მასზე უკრავდა და თხზავდა ალექსანდრ სკრიაბინი, ედვინ ფიშერი, არტურ შნაბელი, ვილჰელმ კემპფი... 1941 წლამდე Bechstein-ის როიალი იდგა პიანისტ ვლადისლაუ შპილმანის სახლში, მუსიკოსისა, რომლის ბიოგრაფიაც რომან პოლანსკის ოსკაროსან ფილმს უდევს საფუძვლად. სხვადასხვა დროს Bechstein ფიგურირებდა ბობ დილანის, ბითლზის, ქუინის, დევიდ ბოუის ლაივებსა თუ ჩანაწერებშიც. და მიუხედავად იმისა, რომ Yamaha-ს არტისტია, Bechstein-ზე უკრავს ელტონ ჯონი პოპულარულ ვიდეოკლიპში Sorry Seems to Be the Hardest Word.

 

ასე იქმნება ისტორია, რომელიც მატერიალური საზომებით ვერ გაიზომება, ძველი ინსტრუმენტები კი, მათთან ურთიერთობისას, ყველა იმ არტისტის, ნაწარმობების თუ შემოქმედებითი აქტის ენერგიას ინახავენ, რომელიც მათზე წარმოქმნილა.

მაგრამ, ამავდროულად, Bechstein-იც და მისი თანატოლი ამერიკული Stainway აჩვენებენ, როგორ უნდა შეინარჩუნო ტრადიცია და ცოცხალი გადარჩე, დამოუკიდებლად და ღირსეულად იარსებო და ფეხი აუწყო თანამედროვეობას.

განსხვავებით ამ უკანასკნელისაგან, Bechstein-ის საკმაოდ ძველ ეგზემპლარებს საქართველოში ჯერ კიდევ გადააწყდებით, თუმცა, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში. ერთი ასეთი ინსტრუმენტი,  რომელიც საქართველოში სერგეი რახმანინოვმა ჩამოიტანა, დღეს კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში დგას და, მენდეთ, მას ნამდვილად აქვს რაღაც ისეთი, რაც უნებურად გაიძულებთ, მასთან, როგორც სულიერ არსებასთან იურთიერთოთ.

 

ავტორი: მაია სიგუა

კომენტარები