2 დეკემბერი 9 წუთის საკითხავი
საუკეთესო დამსაქმებელი - ვინც იცის, რომ კმაყოფილი თანამშრომელი წარმატებული ბიზნესის გარანტია

წლების წინ, ალბათ, ვერ წარმოიდგენდით, რომ კომბოსტოს, ბროკოლის თუ ბოლოკს პაწაწინა, ნაზი მწვანილის ფორმა შეიძლება ჰქონდეს. დღეს კი ამაში ადვილად დაგარწმუნებთ 2017 წელს სუპერმარკეტებში გამოჩენილი პატარა, უცხო, დეკორატიული მწვანილის ფორმის ბოსტნეული - „მიკროგრინი (Microgreen), რომელიც ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, მარიტა გენებაშვილმა და ლევან შათირიშვილმა ევროპიდან საქართველოში შემოიტანეს.

 

„მიკროგრინი“ ვერტიკალური, სტელაჟური ტიპის სათბურია, რომელიც  ჩვეულებრივი, ტრადიციული სათბურისგან ფორმითაც და შინაარსითაც განსხვავდება - ის ვერტიკალურადაა განლაგებული, რისი წყალობითაც 100 მ2-ზე 700 მ2 ან მეტი  საწარმოო ფართის ათვისებაა შესაძლებელი. კავკასიაში პირველ ვერტიკალურ ურბანულ სათბურში მოყვანილ ოცამდე სახეობის მიკრობოსტნეულით ლევანი და მარიტა, დღეის მონაცემებით, საქართველოსა და სომხეთის ჰიპერმარკეტებს და 200-ზე მეტ კვების ობიექტს ამარაგებენ.  

განსხვავებულია „მიკროგრინის“ თანამშრომლებთან ურთიერთობაც. სრულიად ახალი, თუმცა თავად სათბურივით მარტივი ანაზღაურების სქემის მიხედვით, „მიკროგრინის“ თითოეული თანამშრომლის ყოველთვიური ანაზღაურება პირდაპირპროპორციულადაა მიბმული კომპანიის ბრუნვას. ყველა თანამშრომელი თავისუფალი გრაფიკის მიხედვით მუშაობს. ამ სქემას ექვემდებარება როგორც კომპანიის დირექტორი, ასევე წარმოების სპეციალისტები, დისტრიბუტორები თუ დამლაგებლები. კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამ ცვლილების შედეგად, დასაქმებულებმა თავი მცირე მეწარმეებად იგრძნეს, რაც მათ პროფესიულ განვითარებასაც და  საქმესაც ძალიან წაადგა - გაიზარდა კომპანიის ეფექტურობა და შედეგად 200% ზე მეტით გაიზარდა გაყიდვა/წარმოება. შესაბამისად კი გაორმაგდა დასაქმებულთა ხელფასიც და გამოვიდა, რომ „მიკროგრინში“ დასაქმებულთა ანაზღაურება საქართველოში არსებულ საშუალო სტატისტიკურ ხელფასს თითქმის ორჯერ აღემატება.

„ჩვენ ვიხილეთ, თუ როგორი ენთუზიაზმით ეხმარება თითოეული თანამშრომელი მის კოლეგას ერთობლივი მიზნის მისაღწევად. ვიცით, რომ ყველა თანამშრომელზე პირდაპირ პროპორციული ანაზღაურების შემოღება უფრო რთული იქნება დიდ კომპანიებში, თუმცა მცირე საწარმოსათვის ეს იყო გამაოგნებელი Win-Win“ - ამბობს მიკროგრინის დამფუძნებელი, ლეკო შათირიშვილი.

 

კომენტარები