3 ოქტომბერი 37 წუთის საკითხავი
მარტივი ინოვაციები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას შეცვლის

ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება საოცრად სწრაფად იცვლება. თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებთ, რომ უკვე სხვა სამყაროში ვიღვიძებთ. შეიქმნება ახალი ტექნოლოგია და სანამ ჩვენ მას ვეგუებით, უკვე მისი გაუმჯობესებული ნაირსახოება გამოდის. ამგვარმა სწრაფმა განვითარებამ კაცობრიობას უკვე არაერთი სიკეთე მოუტანა, ჩვენ კი არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მომავლის ტექნოლოგიებს შევუშინდეთ. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ისეთმა ასპექტებმა, როგორიცაა მაღაზიაში საყიდლებზე სიარულმა, სახლის დალაგებამ, შხაპის მიღებამ და ა.შ. შესაძლოა სულ სხვა სახე მიიღოს. ამაში კი განსაკუთრებით დიდ წვლილს მომავლის ტექნოლოგიები შეიტანენ, რომლებიც ამ დროისთვის ჯერ კიდევ იქმნება და ვითარდება.

ელექტრო-მაისური

 

Wake Forest University-ის პროფესორები უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ ისეთი ფაბრიკის შექმნაზე, რომელიც ელექტრო-მაისურის წარმოებას შეძლებს. ფაბრიკა, ცხადია, პირობითი ტერმინია, სინამდვილეში კი საუბარი სპეციალურ ტექნოლოგიაზეა. ელექტრო-მაისური, რომელიც სავარაუდოდ ორიდან ოთხი წლის ვადაში შეიქმნება, საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი სხეულის ტემპერატურა, ჩართოთ მუსიკა ადგილიდან გაუნძრევლად, დატენოთ ტელეფონი და სხვ.  ალბათ გახსოვთ ფილიპ დიკის რომანი „ბუნდოვნად, სკანერში“, რომელშიც მთავარ პერსონაჟებს ჰოლოგრამებიანი კოსტიუმები აცვიათ. ეს კოსტიუმები მათ სახეს უფარავს და შეუძლებელი ხდება იმის გაგება, თუ ვინ იმალება მის ქვეშ. რომანი გასულ საუკუნეში დაიწერა და მსგავსი ტანისამოსი დღემდე არ შექმნილა, თუმცა ელექტრო-მაისურის შექმნა დაახლოებით მსგავსი მოვლენა იქნება. მართალია, მას ჰოლოგრამებიანი კოსტიუმის დანიშნულებით ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ სამაგიეროდ უამრავი სხვა ფუნქცია ექნება. როგორც იდეის ავტორი დეივიდ ქეროლი ამბობს, ქსოვილი სასიამოვნო იქნება და მომხმარებელს არ გააღიზიანებს. ელვის გახსნისას თუ შეკვრისას, ინტენსიური მოძრაობებისას, ინერტულ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას და სხვა მსგავსი ქმედებებისას, მაისური ტემპერატურას შეიცვლის და იმგვარად დაარეგულირებს, რომ თქვენთვის სასიამოვნო გახდეს. გარდა ამისა, შემქმნელები მუშაობენ, რომ მაისურმა თქვენი მობილური ტელეფონის დატენვის ფუნქციაც შეასრულოს.

სამყარო ნაბახუსევის გარეშე

 

Imperial College London-ის მკვლევრებმა შექმნეს სპეციალური ფორმულა, რომელიც ახალი ტიპის ალკოჰოლური სასმელის წარმოებას დაუდებს სათავეს. ამ ფორმულის დახმარებით, ალკოჰოლი გახდება ისეთი სასმელი, რომელსაც ყველასათვის კარგად ნაცნობი ნაბახუსევი „არ ეცოდინება“. ეს ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ტრადიციული სასმელი ბაზრიდან გაქრება. მკვლევრები მუშაობენ ისეთი სუბსტანციის შექმნაზე, რომელიც არა ტრადიციულ, არამედ უალკოჰოლო სასმელებთან გამოიყენება. მას მათრობელა თვისებები ექნება, თუმცა უალკოჰოლო სასმელში დამატების შემდეგ, ფაქტობრივად მოსპობს ნაბახუსევის შანსებს. ამ ინიციატივამ, შესაძლოა, დასაბამი დაუდოს ახალი ბრენდებისა და სასმელების ჩამოყალიბებას, რომლებიც უფრო დიდ ყურადღებას გემოვნურ თვისებებს დაუთმობენ, რათა სასმელი გემრიელი, მათრობელა და ამავდროულად, ჯანსაღი იყოს.

ჭკვიანი კბილები

 

Princeton-ის უნივერსიტეტის მეცნიერები საოცარი ინოვაციის გამოგონებაზე მუშაობენ. ისინი აპირებენ შექმნან კბილის ძალიან თხელი სენსორი, რომელიც შეძლებს დაადგინოს ყველა საფრთხე და დაავადება, რომელიც კბილებს აზიანებს. გარდა ამისა, სენსორი დეტალურ მონაცემთა ბაზას შექმნის კომპიუტერში ან სხვა მოწყობილობებში, რომელსაც თქვენს პირად ექიმს გაუგზავნის. პირადი ექიმის შერჩევა, ცხადია, თქვენზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ექნება საერთო ბაზა პაციენტებისა. მას შემდეგ, რაც ექიმი მიიღებს თქვენი კბილების მდგომარეობის შესახებ ინფრომაციას, ის დაგიკავშირდებათ და გამოკვლევებზე მისვლას შემოგთავაზებთ. ითვლება, რომ ეს იქნება სტომატოლოგიის სფეროში მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც ერთის მხრივ პაციენტებსა და ექიმებს შორის ურთიერთობას უფრო ეფექტურს გახდის, მეორე მხრივ კი - დაავადებების გავრცელებისა და გაუარესების შანსებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

გამომდინარე იქიდან, რომ კბილების მუდმივმა წმენდამ შესაძლოა სენსორი დააზიანოს, მისი გამოცვლა ხშირად მოგიწევთ. სავარაუდოდ ფიქრობთ, რომ ეს ცუდი ინფორმაციაა, თუმცა გეტყვით, რომ სენსორის ფასი იმდენად დაბალი იქნება, რომ შესაძლოა მისი გამოცვლა ახალი კბილის ჯაგრისის შეძენას გაუტოლდეს.

რობოტი შინაური ცხოველები

 

შინაური ცხოველების ყოლა ადამიანების დიდ ნაწილს სურს, თუმცა მათი მოვლის დრო და საშუალება ბევრს არ აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ კატების, ძაღლებისა და სხვა მოშინაურებული ცხოველების ყოლა ადამიანის განწყობაზე კარგად მოქმედებს და ისინი უფრო ეფექტურები ხდებიან. სწორედ ამ ორმა ფაქტმა British Columbia-ს მეცნიერები დააფიქრა და გადაწყვიტეს, რომ რობოტი შინაური ცხოველები შეექმნათ. ხშირად, როდესაც რობოტს ვახსენებთ, ადამიანებს არასწორი წარმოდგენა უჩნდებათ. ისინი თვლიან, რომ რობოტი აუცილებლად მეტალისა და რკინის კონტრუქცია უნდა იყოს, რომელსაც ბუნებრივი სახე ვერ ექნება. British Columbia-ს უნივერსიტეტის მეცნიერები აპირებენ, რომ საპირისპირო დაამტკიცონ. მათ განზრახული აქვთ ისეთი შინაური „ცხოველების“ შექმნა, რომლებსაც ექნებათ რბილი ბეწვი, ცხოველის თითქმის იდენტური სახე, მოქმედებები, ხმა და სხვა სახასიათო ნიშნები.

 

რა თქმა უნდა, ის ცოცხალ არსებებს ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს და შესაძლოა, მასთან შეგუება ცოტათი რთულიც იყოს, მაგრამ მეცნიერების რწმენით, დროთა განმავლობაში ადამიანები მას მიეჩვევიან და ნამდვილ ცხოველების დანაკლისს მისით შეავსებენ.

კომპიუტერის ჭკვიანი მონიტორი

 

მომავლის მონიტორი, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, თქვენზე ზრუნვით გამოირჩევა. ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ხშირად უჩივიან ზურგისა და თვალების ტკივილს. ჭკვიანი მონიტორი ამ პრობლემების მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ მისი თავიდან აცილების გზებს კი ნამდვილად შემოგთავაზებთ. მონიტორი, რომელიც სავარაუდოდ, ორ-სამ წელიწადში უკვე გამოჩნდება ბაზარზე, მომხმრებლებს სპეციალური კამერით აკონტროლებს და მისი ფიზიკური მდგომარეობის ანალიზს აკეთებს. თუკი მომხმარებელი ზედმეტად მოხრილი იქნება წელში, მონიტორი საგანგაშო სიგნალს ჩართავს და პიროვნებას წელში გასწორებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მონიტორი განსაზღვრავს, თუ როდის დასჭირდება მომხმარებელს დასვენება და ურჩევს, რომ რამდენიმე წუთით მაინც შეისვენოს, რათა თვალები არ გადაეღალოს. როდესაც მომხმარებელი ადგება და მონიტორისგან შორს დადგება, ის ავტომატურად გამოირთვება და „ძილის“ რეჟიმზე გადავა.

ანალიტიკური სავარჯიშო შორტები

 

როგორც უკვე მიხვდით, ტექნოლოგიური განვითარება უკვე ტანისამოსებშიც ისახება. ამის კიდევ ერთი მაგალითია Myontec-ის, ფინური კომპანიის განზრახვა, შექმნას ისეთი სავარჯიშო შორტი, რომელიც თქვენს ეფექტურობას, ვარჯიშის დროს, გაზრდის. ინოვაციური შორტს დამონტაჟებული აქვს ელექტრომიოგრაფიული სენსორები, რომლებიც ადგენს, რამდენად ეფექტურია თქვენ მიერ შესრულებული აქტივობები. ყველა, ვინც ვარჯიშობს, მიხვდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტექნოლოგია. ვინაიდან, ადამიანებს მუდმივად აწუხებთ კითხვა - რამდენი კალორია დავწვი? რა უნდა გავაკეთო, რომ უფრო მეტი დავწვა? რამდენად სწორად ვასრულებ ვარჯიშებს? ეს ინოვაციური შორტი, რომელიც ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება, თქვენი ვარჯიშის დეტალურ ანალიზს კომპიუტერის მონაცემთა ბაზაში გადაიტანს, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენი ეფექტურობა კომპეტენტური რჩევების საფუძველზე გაზარდოთ.

ანტი-ბაქტერიული სპრეი

 

კიდევ ერთი მარტივი ინოვაცია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას შეცვლის, ანტი-ბაქტერიული სპრეია. Harvard-ის უნივერსიტეტის პროფესორები მუშაობენ ისეთი სითხის შექმნაზე, რომელიც სახლის დალაგების პროცესს გაცილებით უფრო გაამარტივებს. ბლანტი სითხე, რომელსაც სავარაუდოდ არც სუნი ექნება და არც ფერი, ძალიან მოგაგონებთ უკვე არსებულ საშუალებებს, რომელსაც ფანჯრებისა და ავეჯის საწმენდად ვიყენებთ ხოლმე. განსხვავება მათ შორის ის იქნება, რომ ანტი-ბაქტერიული სპრეის გამოყენებისას, სითხე გამოაჩენს ბაქტერიებს და იმ ადგილებში შეიცვლის ფერს, რომელშიც ბაქტერიები ბინადრობენ. ეს დაგვეხმარება, რომ გავიგოთ, ძირითადად რა ადგილებში ვრცელდება ჭუჭყი და რამდენად სახიფათოა ის. გარდა ამისა, დალაგების პროცესს ბევრად უფრო სწრაფსა და ეფექტურს გახდის, რათა დაბინძურებული ადგილები მხედველობიდან არ გამოგვრჩეს.

სისხლის ანალიზი დეპრესიის დასადგენად

 

Nortwestern Feinberg School-ის მედიცინის პროფესორმა, ევა რედაიმ აღმოაჩინა მოლეკულები, რომლებიც კორელაციაში იყო თინეიჯერების დეპრესიასთან. ევა რედაის გარდა, Ridge Diagnostic-მაც დაიწყო სპეციალური ანალიზების წარმოება, რომელიც ახალგაზრდებში დეპრესიის გამომწვევ 10 ბიომარკერს ამოწმებს. მეცნიერების თქმით, საზოგადოებაში არსებობს სტიგმა, რომ დეპრესია გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ტვინის მიერ, რომელიც ასევე ტვინის გზით უნდა გადაწყდეს. მათი აზრით, ამგვარი შეხედულება არასწორია და სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობენ ისინი. სისხლის ანალიზის შექმნა, რომელიც დეპრესიის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს, დაეხმარება ექიმებს, რომ პაციენტებს ზუსტად აუხსნან რისი ბრალია დეპრესია. ამ ინოვაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების საქმიანობაში, რადგან დღეის მდგომარეობით დეპრესიის მკურნალობა მძიმე ფსიქოტროპული მედიკამენტებით ხდება, რაც პაციენტის მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეს ვნებს ხოლმე. თუკი სისხლის ანალიზის საშუალებით დეპრესიის დადგენა შესაძლებელი გახდება, ეს ახალ კვლევებს დაუდებს სათავეს და შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში, დეპრესია სეზონურ ვირუსზე უფრო მარტივი სამკურნალო გახდეს.

 

როგორც ხედავთ, ტექნოლოგიური განვითარება მხოლოდ ახალი სმარტფონებისა და რობოტების შექმნისთვის არ გამოიყენება. პირიქითაც კი, ტექნოლოგიები გამომგონებლებს საშუალებას აძლევს, გაამარტივონ ყოველდღიური ცხოვრება, რასაც ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ინოვაციებიც ადასტურებს.

 

კომენტარები