19 დეკემბერი 22 წუთის საკითხავი
კატალონია

თუ კატალონია დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება, ეს ყველაზე ძვირი ესპანეთს დაუჯდება - ის დაკარგავს ყველაზე მდიდარ რეგიონს, სადაც 7 მილიონ ნახევრამდე ადამიანი ცხოვრობს და 200 მილიარდ ევროს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 %-ს უდრის. ბოლო რამდენიმე თვეა სრულიად მსოფლიო სულგანაბული შეჰყურებს ევროპას, რომელიც  ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მოლოდინშია.

 

2017 წლის ოქტომბერი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ესპანეთისთვის, თუმცა კატალონიელების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ ბევრად ადრე დაიწყო და შეიძლება ითქვას, ახლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

პირველ ოქტომბერს ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და მდიდარ რეგიონ კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა, რასაც  წინ უძღოდა ხალხის მასობრივი დემონსტრაციები. ცხადია, სეპარატისტული ქმედება სრულიად არაკანონიერად ცნო ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ და ამიტომაც, ხმის მიცემის პროცესი პოლიციასთან შეჯახებების ფონზე მიმდინარეობდა.

ფოტო: Al Jazeera

 

კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონის დამოუკიდებლობას ხმა არჩევნებზე მისული მოსახლეობის 90 %-მა მისცა. 

 

27 ოქტომბერს კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც პასუხად მოჰყვა ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც დაითხოვეს კატალონიის პარლამენტი, მთავრობა და ალტერნატიული არჩევნები 21 დეკემბერს დანიშნეს. პარალელურად ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ლიდერის კარლეს პუჩდემონის და მთავრობის რამდენიმე წევრის დაპატიმრების ორდერი გამოსცა ევროკავშირის მასშტაბით. თუმცა, პუჩდემონი თავად ჩაბარდა ბელგიაში სამართალდამცავებს. ამჟამად ის პირობით არის გათავისუფლებული და ბრიუსელის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ბარსელონა კი, კვლავ მოიცვა მასშტაბურმა დემონტრაციებმა, ამჯერად კატალონიელები თავიანთი ლიდერების მიმართ განხორცილებულ სამართლებრივ დევნას აპროტესტებენ.

ფოტო: Reuters/Ivan Alvarado

 

ჯიუტი კატალონიელები დათმობას არ აპირებენ.

 

„ესპანეთის მთავრობა ვერ შეძლებს ჩვენს შეჩერებას. ჩვენი დამოუკიდებლობა გარდაუვალია,“ - აცხადებს 41 წლის კატალონიელი მიგელ გუარინი ბიბისისთან ინტერვიუში, - „ჩვენ კატალონიელები ვართ, მამაცი ხალხი და ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვეკუთვნის!“

 

რეგიონის ქვეყნისგან გამოყოფას მხარს არ უჭერს ევროკავშირი. ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ მიიჩნია ევროკომისიამ. თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვთ გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტებს, რომელთა განცხადებაც UNHR-ის ვებგვერდზე გავრცელდა.

 

„რეფერენდუმის კანონიერების მიუხედავად, ესპანეთის ხელისუფლება ვალდებულია, პატივი  სცეს  ადამიანთა უფლებებს, რაც უმთავრესია დემოკრატიულ საზოგადოებაში,“ - განაცხადეს დევიდ ქეიმ და ალფრედ დე ზაიამ, - „ღონისძიებები, რომელიც ესპანეთის მთავრობამ მიიღო, არღვევს ფუნდამენტალურ ინდივიდუალურ უფლებებს“.


ფოტო: BBC

 

კატალონია, რომ უმნიშვნელოვანი რეგიონია ესპანეთისთვის, ამას სტატისტიკის ანაზილიზიც მოწმობს.  

 

თითქმის 1000 წლოვანი ისტორიით კატალონია ევროპის უძველესი მხარეა. ის ესპანეთის შემადგენლობაში მე-15 საუკუნიდანაა, როცა ჯერ კიდევ ბარსელონას საგრაფოდ იწოდებოდა.  ესპანეთის სამოქალაქო ომამდე კატალონია გაფართოებული ავტონომიით სარგებლობდა, რაც გენერალი ფრანკოს რეჟიმის დროს ჩამოართვეს. დიქტატორ ფრანკოს ბრძანებით, ყველაფერი კატალონიური იდევნებოდა, აკრძალული იყო კატალონიური დროშის გამოყენება, კატალონიურ ენაზე სკოლაში სწავლება და რელიგიური მსახურების ჩატარება. მიუხედავად ასეთი რეპრესიებისა, კატალონიელმა ხალხმა მოახერხა თვითმყოფადი კულტურის, ტრადიციების და ენის შენარჩუნება. ფრანკოს სიკვდილის შემდეგ კი კატალონიაში სეპარატიზმის ახალი ტალღა აგორდა და 1978 წლის კონსტიტუციის მიხედვით, რეგიონმა კვლავ მოიპოვა ავტონომია.


ფოტო: Business Insider

 

რეგიონის მოსახლეობა 7,5 მლნ-ია, რითაც კატალონია შვეიცარიას უტოლდება.  კატალონიელებს საკუთარი ენა აქვთ და სკოლებში მოსწავლეები მშობლიურ ენაზე სწავლობენ. კატალონიის დედაქალაქი ულამაზესი ბარსელონაა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება ევროპაში,  სადაც ესპანეთის მოსახლეობის 16 % ცხოვრობს.

კატალონია ესპანეთის რეგიონებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია. ის ქვეყნის მშპ-ს 19%  და ექსპორტის 25%-ს ქმნის. ერთ სულ მოსახლეზე მშპ 27 000 ევროს შეადგენს, კატალონიაში ცხოვრების ხარისხი 18%-ით მაღალია, ვიდრე ესპანეთის დანარჩენ რეგიონებში.  კატალონიაზე მოდის ქვეყნის გადასახადების 20%,  სწორედ ამიტომ, მის მცხოვრებლებს მუდმივად აქვთ პრეტენზია, რომ ესპანეთი მათ დოვლათს იპარავს, სანაცვლოდ კი, რეგიონს ძალიან მცირედს ახარჯავს. ცხადია, ესპანეთის ბიუჯეტისთვის, ფაქტობრივად, ყველაზე მდიდარი რეგიონიდან მიღებული კოლოსალური გადასახადების დაკარგვა საკმაოდ დიდი პრობლემა იქნება. ასევე, ძალიან დააკლდება ესპანეთს ტურისტული ნაკადის დიდი ნაწილი, რომელიც ულამაზესი ბარსელონას დასათვალიერებლად  ჩადის - 16 მილიონ ვიზიტორზე მეტი ყოველწლიურად. მხოლოდ „საგრადა ფამილიას“ - მსოფლიოში ცნობილ, დაუმთავრებელ კათოლიკურ ბაზილიკას ბარსელონაში,  ყოველწლიურად 2.5 მილიონი ადამიანი სტუმრობს, ხოლო კოსტა ბრავას ულამაზეს სანაპიროებს 6 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.

 

კატალონიელების სეპარატისტული განწყობა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ნელ-ნელა მწიფდებოდა, განსაკუთრებით 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა გაამწვავა, როცა ოფიციალურმა ესპანეთმა, ფინანსური პრობლემების გამო, კატალონიას ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი შეუკვეცა. ამის შემდეგ, 2010 წელს, კატალონიამ, ესპანეთის კიდევ ერთი რეგიონის ბასკეთის მსგავსად, ცენტრალური ხელისუფლებისგან მოითხოვა დამტკიცებულიყო დებულება, რომელიც მას თავისი ავტონომიური გადასახადების სისტემის შექმნის საშუალებას მისცემდა, რაზეც ესპანეთმა უარი განაცხადა.


ფოტო: BBC

 

კიდევ ერთი უთანხმოება კატალონიასა და ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, 2010 წელს ბარსელონას მიერ კორიდას აკრძალვას მოჰყვა. კატალონიის პარლამენტმა აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა, ინიცირება კი ცხოველების უფლებების დამცველებმა მოახდინეს, რომლებმაც კორიდას აკრძალვის მოთხოვნით 180 000 ხელმოწერა შეაგროვეს. ესპანეთის ხელისუფლება ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა, კონგრესმა განაცხადა, რომ ხარების ბრძოლა მათი „კულტურული მემკვიდრეობის“ ნაწილია, ამიტომ საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდე მივიდა, რომელმაც 2016 წელს კატალონიის გადაწყვეტილება კორიდას აკრძალვის თაობაზე, გააუქმა.


ფოტო: UNILAD.CO.UK

 

დროთა განმავლობაში დაგროვილმა უსამართლობის განცდამ და დამოუკიდებლობის მწველმა სურვილმა კატალონია სწორედ იმ მოვლენებამდე მიიყვანა, რომლის მომწრენიც  დღეს ვართ.

ფოტო: EUobserver

 

პროგნოზის გაკეთება რთულია -  რა გაიმარჯვებს, დროში ხანგრძლივად დაგროვილი პროტესტი და დამოუკიდებლობის წყურვილი თუ  ქვეყნის ურყევი მთლიანობა. მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა კატალონიისკენაა მიმართული.

ფოტო: NEW  YORK TIMES

 

ავტორი: თაკო გვაზავა

კომენტარები