13 აგვისტო 30 წუთის საკითხავი
სათავგადასავლო კლუბი „ჯომარდი"

ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქიდან გასვლისა და აქტიური დასვენების მოყვარულთათვის ჯომარდობა საუკეთესო არჩევანია, მითუფრო, როცა საქართველოში სპორტის ეს სახეობა უკვე წლებია ვითარდება, იხვეწება და იზიდავს მოყვარულებსა თუ პროფესიონალ მოჯომარდეებს.

„სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი“ მამუკა ბურდულმა 2004 წელს, მას შემდეგ დააარსა, რაც სპორტის ამ სახეობას ავსტრიულ საჯომარდო სკოლაში დაეუფლა და სათანადო გამოცდილებაც მიიღო. 2004 წელს ფასანაურის პატარა ბანაკში, 2 ნავით დაწყებული საქმე, 15 წლის თავზე ფშავში, 2 ჰექტარ ტერიოტორიაზე განლაგებულ ბანაკს, 15 ნავს, X პარკს, რესტორანს, ჯომარდობისთვის საჭირო ყველანაირ აღჭურვილობას და 30-მდე თანამშრომელს მოიცავს.

 

„ჩვენი ბაზა ფშავში, სოფელ თვალივში (თბილისიდან სულ რაღაც 67 კმ-ში, 1 საათის სავალ გზაზე) მდებარეობს. იქ მოსული მოჯომარდეები არჩევენ ტურს და ჩვენგან იღებენ შესაბამის აღჭურვილობას -  სამაშველო ჟილეტი, ჩაფხუტი, ნიჩაბი - და მივდივართ სტარტის ადგილზე. იქ ჯგუფებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რაც 20-30 წუთი გრძელდება.  ამ დროს გიდ-ინსტრუქტორი ტურის მონაწილეებს აცნობს ნავის აგებულებას და მოქცევის წესებს, ესაუბრება მოსალოდნელი წინააღმდეგობებისა და საფრთხეების თავიდან აცილების შესახებ, რის შემდეგაც ჯგუფები ნავებში გადანაწილდება და ვეშვებით. მაქსმალურად ვცდლობთ, რომ რამდენიმე ნავი იყოს ერთად, რადგან ასე უფრო კარგად ვაკონტროლოთ სიტუაცია.“ - ამბობს სათავგადასავლო კლუბი ჯომარდის“ დამფუძნებელი, მამუკა ბურდული.

 

ფშავის არაგვი, მთიულეთის არაგვი, მტკვარი, რიონი, თერგი ის მდინარეებია, რომლებზეც გამოცდილ ინსტრუქტორებთან ერთად შეგიძლიათ დაშვება თქვენ მიერ შერჩეული ტურის ფარგლებში.

მოჯომარდეებისთვის მდინარეები დინების მიხედვით 6 კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორია მშვიდი დინების მდინარეებს გულისხმობს, რომლებზე დაშვებასაც მანევრირება თითქმის არ სჭირდება. ასეთია, მაგალითად, მტკვარი მცხეთასთან. ოდნავ აჩქარებული დინება აქვს თეთრ არაგვს ზაფხულის თვეებში და სირთულის მიხედვით მეორე კატეგორიაში გადის. თუმცა, გაზაფხულზე, როცა წყლის დონე იმატებს, მისი დინება გაცილებით სწრაფი ხდება, შესაბამისად, ამ დროს თეთრი არაგვი უკვე მესამე კატეგორიის მდინარეა. გაზაფხულის თვეებში ასეთივე სიძლიერისაა მტკვარი და რიონი, რომლებსაც საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები ახასიათებს.  გაცილებით სწრაფია მეოთხე კატეგორიის მდინარეები, როგორიცაა ცხენისწყალი, რომელიც განსაკუთრებული ჩქერებით, საშიში ორმოებითა და სტოპერებით გამოირჩევა. მეხუთე და მეექვსე კატეგორია პროფესიონალ მოჯომარდეების არჩევანია. თერგი, ენგური, რიონი სწორედ ასეთი მდინარეების რიცხვს ეკუთვნის, რომლებსაც ძალიან სწრაფი დინება, დიდი ჩქერები, ლოდები და სხვა წინააღმდეგობები ახასიათებს და მათზე დაშვება უდიდეს სიამოვნებასთან ერთად, საკმაოდ რთული და სახიფათო პროცესია.

 

იმისათვის, რომ ჯომარდობა მხოლოდ დასვენება, სასიამოვნო გამოცდილება და ბარიერების გადალახვით გამოწვეული სიხარული იყოს, მნიშვნელოვანია, ნავში ჩაჯდომამდე ყურადღებით მოუსმინოთ ინსტრუქტორის რჩევებს, დარწმუნდეთ, რომ სათანადოდ ხართ აღჭურვილი და, რაც მთავარია, გამოცდილ, სანდო გიდთან ერთად ჯდებით კაიაკში.

 

ტურების უმრავლესობა ერთდღიანია, ფშავის თეთრ არაგვზე დაშვებას და დაახლოებით 15 კმ. მანძილის დაფარვას გულისხმობს.

 

თუ ორდღიან ტურს აირჩევთ, ანუ რაჭის რიონზე დაშვებას გადაწყვეტთ და ეგზოტიკური თავგადასავლები გიზიდავთ, პირველ დღეს, ონიდან ამბროლაურამდე ჯომარდობით დაღლილებს, ღამის გათევა საოჯახო სასტუმროში, ან ბანაკის ტერიტორიაზე გაშლილ კარვებში შეგიძლიათ. ტურის მეორე დღე კი ტვიშის კანიონზე დაეშვებას, შემდეგ კი ბანაკის წარმომადგენლებთან ერთად კუმისთავის მღვიმეები მოინახულებას გულისხმობს.

 „ავსტრიაში მივხვდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ინსტრუქტაჟის ჩატარებას, რა შეიძლება ტურის მონაწილისთვის და რა არის კატეგორიულად დაუშვებელი, ან როგორ უნდა მოიქცე ექსტრემალურ სიტუაციაში. შარშანაც გავიარეთ USAD-ის მიერ ოგრანიზებული ტრენინგი, სადაც აქცენტი ასევე კეთდებოდა სამაშველო სამუშაოებზე. ანუ,  როგორ უნდა მოიქცე ექსტრემალურ სიტუაციებში. აუცილებელია, დეტალურად იცოდე, როგორ უშველო ჯერ თავს, მერე სხვას, ისე, რომ საფრთხეში არ ჩააგდო. ამაზე იყო აქცენტი ავსტრიაშიც და ამ ტრეინგზეც, ესაა ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეს გიდმა, რომელიც მოყვარულებს ახლავს ნავში და რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია.“ - ამბობს მამუკა ბურდული.

 

სერთიფიცირებული, გამოცდილი გიდ-ინსტრუქტორები, პროფესიონალური კაიაკებისა და მაღალი ხარისხის აღჭურვილობასთან ერთად, ამ კომპანიის მთავარი ღირსებაა, რომელიც სპორტსმენებსა თუ მოყვარულებს ფშავის არაგვსა თუ რიონზე საჯომარდოდ იზიდავს და ტურში ერთხელ მონაწილეობის შემდეგ უმრავლესობა მათგანს დაუვიწყარი თავგადასავალის გამეორების ვნებით ავსებს.

 

ჯომარდობის გარდა,  „სათავგადასავლო კლუბ ჯომარდში“ მისულ სტუმრებს, ბანაკის ტერიოტრიაზე გაშენებული X პარკის მონახულების სიამოვნებაც ელით. ეს არის საქართველოში ყველაზე ვრცელი და მრავალფეროვანი თოკების პარკი, რომელიც 4 სხვადასხვა სირთულის გასართობ აქტივობას გთავაზობთ. ფეხბურთისა და ხელბურთის მოედნები, ბატუტი, ზიპლაინი, რესტორანი და ბარი ბანაკს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

 

როგორც დამფუძნებელი, მამუკა ბურდული ამბობს, 2004 წლიდან მოყოლებული, კლუბი პატარ-პატარა, მაგრამ კარგად გააზრებული ნაბიჯებით მიიწევს წინ, იხვეწება და მუდამ მზადაა ახალი ცოდნის მისაღებად, რაც, მამუკას აზრით, დაწყებული საქმის განვითარებისთვის და წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა.

 

„თავიდან როგორ იყო იცი? დიღმის მასივში ვცხოვრობდი და ჯომარდობის მერე ნავები სახლში ამქონდა, რომ არ მოეპარათ.  ბაზა არ გვქონდა. მერე ფასანაურში ვნახეთ ბაზა, მერე უკვე ფშავში ვიპოვნეთ ადგილი და უკვე ოფიციალურად გავაკეთეთ ბაზა, სადაც ახლაც ვართ.  მაშინ პირდაპირი მარკეტინგი გვქონდა, ორგანიზაციებს ვთავაზობდით და მხოლოდ შაბათ კვირას გვყავდა ხალხი, მხოლოდ ქართვლები.  მას მერე, წლებია, მივიწევთ წინ, ვიხვეწებით. ახლა გვაქვს დიდი გასართობი პარკი, კარგი რესტორანი, ბარი, კარვები, რომლებშიც ვტოვებთ ორდღიანი ტურის მოაწილეებს. თავიდან კი აქ მხოლოდ მინდორი იყო.“ - ამბობს სათავგადასავლო კლუბი ჯომარდის“ დამფუძნებელი, მამუკა ბურდული.

ტურის დროს ძირითადი სირთულე მდინარის ორმოები,  მოცურავე ხის ტოტები, ქვები და მორებია. მათ მოგერიებასა და გვერდის ავლას ინსტრუქტორი, ძირითადად, ადვილად ახერხებს. მაქსიმალური საფრთხე ნავის ამოტრიალებაა, რაც, ალექსანდრე ქავთარაძის თქმით, იშვიათად ხდება. თუმცა, მსგავსი შემთხვევები ყოველთვის გათვალისწინებულია - ინსტრუქტორი ყველა სტუმარს თავიდანვე უხსნის ასეთ სიტუაციაში მოქცევის წესებს და საჭიროების შემთხვევაში, მდინარიდან მშვიდობით ამოსვლაში ეხმარება.

 

თითო ტური 7 ან 15 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვას გულისხმობს. მდინარეზე დაშვების მთელი პროცესის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით გაითვალისწინოთ ინსტრუქტორის ყველა მითითება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით, ტური, შესაძლოა, შეჩერდეს. გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ისიც, რომ  ნასვამი სტუმრები ნავზე არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.

 

კომენტარები