გიფიქრიათ როგორია კარგი სამსახური? - ალბათ, პირველი, რაც თავში მოგდით, ღირსეული ანაზღაურებაა, რადგან ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობა გეძლევათ ოცნებების ასასრულებლად. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გგონიათ, სამუშაო ინფრასტრუქტურა და გარემოა, რიგში მესამე ადგილს კი კომპანია და შესასრულებელი სამუშაო იკავებს. ეს ყველაფერი რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე აუცილებლად შევთანხმდებით, მაგრამ საკმარისია თუ არა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
ამ სტატიაში არ დაგარიგებთ ჭკუას, არც რაიმე სამოტივაციო რჩევებს მოგცემთ, უბრალოდ გაგიზიარებთ მსოფლიოში დაგროვებულ გამოცდილებას, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამსახურის სწორად არჩევა არამხოლოდ საქმის პროფესიონალიზმს, არამედ სხვა დამატებით უნარებსაც მოითხოვს. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი სწორედ ამ უნარების გამოცდაა, რომელიც საკუთარ თავთან უნდა ჩააბაროთ.
იმისთვის, რათა თქვენთვის საუკეთესო კომპანიაში მოხვდეთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კვლევითი უნარები. შესაძლოა იფიქროთ, რომ მეცნიერებასთან არაფერი გაკავშირებთ, მაგრამ თანამედროვე სამყაროში კვლევის უნარი განსაკუთრებული ძალაა, რომელიც ყოველთვის დაგეხმარებათ სრული სურათის დახატვაში. ამ შემთხვევაში, როდესაც განიხილავთ სამსახურიის ამა თუ იმ შემოთავაზებას, პირველ რიგში უნდა მოიძიოთ ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ. ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ მონაცემების სწორად გაფილტვრაში, ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
ამ კითხვებზე მიღებული პასუხები დაგეხმარებათ პირველი შთაბეჭდილება შეიქმნათ თქვენი მომავალი სამსახურის შესახებ. პასუხების მოსაპოვებლად შეგიძლიათ ინტერნეტი გამოიყენოთ ან უბრალოდ ნაცნობი გამონახოთ კომპანიაში და მას დაუსვათ შეკითხვები. არსებობს კიდევ ერთი გზა: შეგიძლიათ მიწეროთ კომპანიას მეილზე და დაელოდოთ პასუხს. საპასუხო წერილიც შესაძლოა გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ, რადგან კომპანია, რომელიც წერილებს ყურადღებით პასუხობს, დასაფასებელია.
ზოგადი ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, შესაძლოა იფიქროთ, რომ მზად ხართ გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა არ იჩქაროთ. წინ ჯერ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი.
თანამედროვეობაში კომპანიებს ერთმანეთისგან განსხვავებული ორგანიზაციული კულტურა გააჩნიათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია სამსახურის არჩევის დროს. ყველაზე მიმზიდველი შეთავაზებაც კი, ორგანიზაციული კულტურის გამო, შესაძლოა თქვენთვის შესაფერისი არ იყოს. ამ შემთხვევაში მაგალითების მოყვანა დაგვჭირდება და არც ამას დაგზარდებით.
2018 წელს Business Insider-მა მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Google-ის 15 ყოფილი თანამშრომელი გამოკითხა, რათა გაერკვია, რატომ დატოვეს მათ კომპანია. უმეტესობამ მიზეზად ორგანიზაციულ კულტურასთან შეუთავსებლობა დაასახელა, არადა გუგლში მუშაობა ადამიანების უმრავლესობის ოცნებაა. მაიკლ ლინჩი ერთ-ერთი წამყვანი პროგრამისტია, ვინც გუგლი დატოვა. ინტერვიუშო ლინჩი ამბობს, რომ მისი წამოსვლის მიზეზი კომპანიის „იმედის გამაცრუელებელი შიდა პოლიტიკა“ იყო.
„ჩემს კარიერას და განვითარებას განკარგავდა ჩემთვის უცნობი მმართველების ბორდი, რომლებიც ჩემზე ფიქრში ცხოვრების მხოლოდ ერთ საათს ხარჯავდნენ. ასეთი მიდგომა განვითარების ტემპს მაკარგვინებდა, რადგან მუდმივად ველოდი დაწინაურებას და ეს არასდროს ხდებოდა“, - ამბობს მაიკლ ლინჩი.
ამ შემთხვევაში პრობლემა სწორედ ორგანიზაციულ კულტურასთან შეუსაბამობა იყო. იმისთვის, რათა თქვენც იგივე არ დაგემართოთ, სწორად უნდა შეაფასოთ რა გელით ამა თუ იმ კომპანიაში. ამისთვის კი, საჭიროა საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები:
მსგავსი კითხვების დასმის შემთხვევაში, უკეთ გაიაზრებთ, რამდენად ემთხვევა თქვენი პიროვნული თვისებები იმ ორგანიზაციულ კულტურას, რომელშიც აპირებთ მუშაობას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპანიის მთავარი მისიის გამორკვევა. სანამ სამსახურზე დათანხმდებით, უნდა გაარკვიოთ, რამდენად გიზიდავთ იმ მისიის შესრულება, რომელსაც კომპანია ემსახურება. მაგალითად, ფეისბუქში მუშაობა თუ გსურთ, აღტაცებული უნდა იყოთ ადამიანებისთვის კომუნიკაციის გამარტივების მისიით. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ ვერ რეალიზდებით ამ კომპანიაში.
ყველა კომპანიას აქვს თავისი მისია, შესაბამისად, თუკი არ იზიარებთ მთავარ იდეას, ძალიან გაგიჭირდებათ დიდხანს დარჩენა ამა თუ იმ სამსახურში.
საქართველოში ანაზღაურებადი სატესტო პერიოდის კულტურა ჯერ ნაკლებად არის გავრცელებული, თუმცა მაინც შეგიძლიათ სცადოთ და მოითხოვოთ 2-კვირიანი ან 1-თვიანი საცდელი დრო. ამ დროში კარგად გაერკვევით კომპანიის შიდა სამზარეულოში, შეისწავლით ორგანიზაციულ კულტურას, გაიცნობთ თანამშრომლებს და უფრო მარტივად მიიღებთ გადაწყვეტილებას, გინდათ თუ არა ასეთ გარემოში მუშაობა.
ბოლოს კი გეტყვით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: გრძელვადიან პერიოდში კარგი ხელფასი, კომფორტული ოფისი და სხვა ბენეფიტები ვერ მოგიტანთ ბედნიერებას, თუკი თქვენი პიროვნული თვისებები ეწინააღმდეგება კომპანიის კულტურას. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა მოძებნოთ სივრცე, სადაც ბედნიერად იგრძნობთ თავს, შემდეგ კი სხვა დანარჩენს მიაქციოთ ყურადღება.
კომენტარები