12 ნოემბერი 37 წუთის საკითხავი
ვინ არის კარგი დამსაქმებელი?

იყო დრო, როდესაც სავარჯიშო დარბაზი, პინგპონგის მაგიდა, უფასო სადილი და იოგას კლასები კომპანიას საოცნებო სამუშაო ადგილად აქცევდა. მაგრამ თუკი დღესაც კომპანიაში მსგავსი უპირატესობები საუკეთესო თანამშრომლების მოზიდვის სტრატეგიის მთავარი ნაწილია, ის აუცილებლად დამარცხდება ტალანტებსა და ტვინებზე ბრძოლაში, რომლითაც ბოლო წლებია ინდუსტრია მოცულია.

 

კიდევ უფრო ადრე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, როდესაც დასაქმების ბაზარზე სამუშაოს მაძიებლები გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე დამსაქმებლები და ადამიანების ძირითადი მოტივაცია საარსებო მინიმუმისათვის საკმარისი ანაზღაურების მოპოვება იყო, მხოლოდ სამუშაოს მაძიებლებს უწევდათ საკუთარი უპირატესობის დამტკიცება, დამსაქმებლებს კი ასარჩევად ჰქონდათ საქმე.

 

ახლა უკვე თანამედროვე სამყარო ადამიანებს ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების შეძენის და განვითარების უამრავ საშუალებას და ამოუწურავ რესურსს სთავაზობს. სწორედ ამიტომ დადგა ეპოქა, როდესაც უკვე დამსაქმებელმაც უნდა მოხიბლოს და მიიზიდოს პოტენციური კადრი. 

 

აქცენტი ისეთი მატერიალური ღირებულებებიდან, როგორიცაა ანაზღაურება და დამატებითი სარგებელი, არამატერიალურ აქტივებზე - კულტურასა და ლიდერობაზე გადავიდა.

 

რას აკეთებს კარგი დამსაქმებელი?

ზრუნავს დასაქმებულის კეთილდღეობაზე

 

დასაქმებულები სულ უფრო მეტად ელიან და ითხოვენ დამსაქმებლისგან მათ მენტალურ და ფიზიკურ სიჯანსაღეზე ზრუნვას. კომპანიაში, რომელიც ამ ორ მიმართულებას უზრუნველყოფს, ბევრად მაღალ დონეზეა პროდუქტიულობა, კრეატიულობა და ჩართულობა. მარკეტინგული კომპანია - „Proppellernet“, რომელიც გამოკითხვების შედეგად ხშირად ხვდება სასურველი დამსაქმებლების სიაში, საკუთარი შემოსავლების 5%-ს „ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ფონდში“ აბანდებს და უფასო საუზმეს, ჯგუფურ სადილებსა და მასაჟს უზრუნველყოფს. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბედნიერების წახალისება და ენდორფინების გამომუშავება, პირდაპირპროპორციულად ამცირებს კომპანიაში ბაზრის მთავარ პრობლემას - კადრების გადინებას.  

 

ფოკუსირდება დასაქმებულების პიროვნულ განვითარებაზე

 

ტალანტს სჭირდება პროგრესი, ამიტომ დასაქმებულებს არ უყვართ ყველაზე მორგებული, შაბლონური გადაწყვეტები. მათ სჭირდებათ მათზე მორგებული შეთავაზებები, რომლებიც გაზრდის როგორც პროფესიულად, ისე პერსონალურად. კარგი კომპანიები დასაქმებულის იმ ახალი უნარებისა და ჰობების განვითარებასაც კი უწყობენ ხელს, რომლებიც მათ ყოველდღიურ საქმიანობასთან კავშირში არაა.  

 

აქვს მკაფიო მიზნები და ღირებულებები

 

მსოფლიოში პოლიტიკურად, სოციალურად და ეკონომიკურად არასტაბილურ პირობებში ისეთ კომპანიაში მუშაობა, რომელსაც მკვეთრად გამოხატული მიზნები და ღირებულებები აქვს და რომელიც დამატებით საზოგადოებისათვის სასარგებლო მიზნებსაც ემსახურება, თანამედროვე ადამიანისათვის პრიორიტეტად იქცა. მკაფიო ღირებულებები, რომლებიც თანხვედრაშია პირად ღირებულებებთან, თანამშრომელში სიამაყის განცდას აჩენს.

ქმნის მრავალფეროვან კულტურას

 

სხვა პროფესიის ადამიანებთან შედარებით, მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროში დასაქმებულების უმრავლესობა დიდ ყურადღებას აქცევს მომავალი კომპანიის კულტურას. ისინი ელიან კულტურულ მრავალფეროვნებას სამსახურში. რეკრუტინგ კომპანიის - “Hays Marketing” კვლევის მიხედვით, თაობა Z-ის 39% სამუშაოდ მრავალფეროვან გარემოს ირჩევს. სწორედ ამიტომ, დამსაქმებლები გასაუბრებაზე დიდ დროს უთმობენ კომანიის ე.წ დეენემის ახსნას. კომპანიის კულტურა არ არის აბსტრაქტული - ის უნდა იყოს შეგნებულად მართული და რეგულირებადი. გუნდის წევრების ღირებულებების მიღება და გაზიარება, თითოეულ თანამშრომელს უნიკალურს და მნიშვნელოვანს ხდის.

 

არის კარგი ლიდერი

 

არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რომლებსაც თანამედროვე ლიდერობაზე საუბრისას, აუცილებლად ახსენებენ: ავთენტური და ნამდვილი, გაერთიანებისა და კოლაბორაციის უნარის მქონე, კარგი მსმენელი და ადამიანური. დღეს გუნდის წევრები საჭიროებენ ლიდერებს, რომლებიც უფრო მეტად ისმენენ, ვიდრე საუბრობენ. ძლიერი და მრავალფეროვანი გუნდის მთავარი მამოძრავებელი სწორედ ლიდერია, რომელიც ახალი ადამიანის მოტანილ ღირებულებებს სწორ მიმართულებას მისცემს. მეორე, რასაც თანამშრომლები ლიდერისგან ელიან, მათ ნათქვამზე სწორი რეაგირებაა. გუნდის წევრებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი ხმა ისმის და ფასდება. სწორედ ამიტომ, საუკეთესო დამსაქმებლები ქმნიან ციფრულ პლატფორმებს, სადაც ნებისმიერი რგოლის თანამშრომელი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ აზრს.

ენდობა თავის დასაქმებულს

 

ედელმანის ნდობის ბარომეტრის 2017 წლის შედეგების მიხედვით, რომელიც კომპანიების ნდობის ხარისხს ყოველწლიურად იკვლევს, გლობალურად, ნდობის მაჩვენებელი ადამიანებში საკმაოდ დაბალია. ამიტომ დამსაქმებლებს მეტი ძალისმხევა სჭირდებათ თანამშრომლების ნდობის მოსაპოვებლად. პროფესიონალებს მუდმივად აქვთ არჩევანი, სად დააბანდონ საკუთარი ტალანტი და ლოიალობა. ისინი ყოველთვის ამჯობინებენ გარემოს, სადაც მათ მიმართ ნდობა მაღალია. დღეს დასაქმებულები ითხოვენ მეტ თავისუფლებას და ირჩევენ მათთვის მოსახერხებელ, მუშაობის მოქნილ პირობებს. ეს კი მოითხოვს უზარმაზარ ნდობას მათ მიმართ. ბევრ ლიდერს უჭირს ასეთი თავისუფლების მიცემა თანამშრომლებისათვის, თუმცა დიდი კომპანიები უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ესაა სამუშაო ფორმატის მომავალი.

 

ხელს უწყობს კრეატიული იდეების დაბადებას

 

სამუშაო პროცესში თანამშრომლებისათვის თავისუფლების მიცემის პარალელურად, გუნდის წევრებს სჭირდებათ ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც დიზაინითა და ინფრასტრუქტურით მათ ბიძგს მისცემს და შთააგონებს. სწორედ ამიტომ ღია სივრცეები და ჰაბები კომპანიების განუყოფელი ნაწილი გახდა. სამუშაო გარემოს ოპტიმიზაცია კი დიდი კომპანიების მუდმივ დღის წესრიგშია.

 

ხელს უწყობს კოლაბორაციას

 

თანამშრომლებს შორის კოლაბორაციის ჩამოყალიბება და ხელის შეწყობა აუცილებელია. სწორედ ამ მიზეზით გაჩნდა თანამედროვე ოფისებში ღია სივრცეები. მართალია, ბევრისთვის რთული აღმოჩნდა დახურული კაბინეტებისა და პირადი მაგიდების დატოვება და საერთო მაგიდაზე გადანაცვლება, მაგრამ ეს ფორმატი აქრობს იერარქიას, დისტანციას და თანამშრომლობაც ბევრად ბუნებრივი ხდება. ხშირად დიდი იდეები კვდება და ვერ ვითარდება ტრადიციულ, ჩაკეტილ გარემოში. ამიტომ, მნიშვნელოვანია თანამედროვე კომპანიებმა ბარიერებისგან თავისუფალი სივრცეები შექმნან.

 

თვალი უჭირავს მომავალზე

 

დღეს თანამედროვე, დასაქმებული ადამიანი ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორებიცაა: შემცირებული ბიუჯეტი და ვადები, განსხვავებული კულტურის ადამიანებთან კომუნიკაცია და დაუნდობელი ინოვაციური და ტექნოლოგიურ პროგრესი, რომელიც ადამიანების როლს ანაცვლებს. კარგი დამსაქმებელი სწორედ ის არის, ვინც წინასწარ ხედავს ყველა სირთულეს და აქვს გეგმა - როგორ იმუშაოს გუნდმა არსებული გამოწვევების პირობებში.

გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ცხოვრების ტემპი სულ უფრო ჩქარდება და ბევრი რამ ავტომატური ხდება, ადამიანის გადაწვა და გამოფიტვა მსხვილი კომპანიების ყველაზე დიდი საფრთხეა. გამოცდილი დამსაქმებლები უკვე ქმნიან პოლიტიკას, სადაც გათვალისწინებულია იმ წნეხის ანაზღაურება, რომელსაც მათი გუნდის წევრები განიცდიან. მაგალითად, ბრიტანული მარკეტინგული კომპანია - „ThoughtShift” პროექტის 2-3 კაციანი ჯგუფებიდან უფრო მოზრდილ, 6 კაციან ჯგუფებზე გადადის იმისთვის, რომ სამუშაო გადანაწილდეს და სტრესული პირობების მიუხედავად, თანამშრომლებმა მოახერხონ ჯანსაღი მუშაობისა და ცხოვრების ბალანსი. კომპანია უკვე განიხილავს 28 საათიან ან 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას.

 

სოციალურად და ეკონომიკურად განვითარების პროცესში მყოფ ქართულ ბაზარზე, ჯერ კიდევ არ მოიძებნება ბევრი კომპანია ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით. თუმცა, არიან დამსაქმებლები, რომლებმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ტენდენციები წარმატებით დაამკვიდრეს.

 

საქართველოში დასაქმების პირველი პორტალის - Jobs.ge მონაცემების მიხდვით, გაყიდვები და მენეჯმენტი ის სფეროებია, რომლებიც ყველაზე მეტ ვაკანსიას აქვეყნებენ. ასევე, მომსახურების სფერო, რომელიც წლების წინ ქართული მენტალობისათვის ერთგვარად მიუღებელი იყო, დღესდღეობით ახალგაზრდებისათვის და სტუდენტებისათვის დასაქმების ერთ-ერთ მზარდ მიმართულებად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე ე.წ Part time job-ის კულტურაც გაჩნდა.

 

„10 წლის წინ საქართველოში ყველაზე პოპულარული სფერო ფინანსები იყო. ჩვენი საიტის არსებობის იმ ეპოქაშიც კი, როდესაც მხოლოდ 30 განცხადება გვქონდა გამოქვეყნებული, თითქმის ყველა მათგანი ბუღალტერს ან სესხის ოფიცერს ეძებდა. მაშინ ჩვენს ქვეყანაში კრედიტი ახალი ხილი იყო და ბანკებმა მასობრივად დაიწყეს სესხის ოფიცრების ძებნა. დღეს ფინანსების სფეროს გაყიდვებმა გადაუსწრო, რასაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას ვუკავშირებ. ყველაზე ნაკლები ვაკანსია IT-ის მიმართულებით ქვეყნდება. სპეციფიკური სფეროა და ბაზარზე პროფესიონალების ნაკლებობაა. თუმცა, ამ სფეროში მოთხოვნა გაიზარდა აუთსორსინგის კუთხით - გერმანული კომპანიები ეძებენ ქართველ პროგრამისტებსა და ქსელის ადმინისტრატორებს ნაკლები ანაზღაურების მიზეზით. ვაკვირდები და ბოლო 1 წელია მკერავიც ძალიან მოთხოვნადია. მას შემდეგ, რაც ჩვენს ქარხნებში სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის სამოსი იკერება, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ამ პროფესიაზე.“ - ლექსო ხუბულავა, Jobs.ge-ს დამფუძნებელი.

 

საინტერესოა პროფესიები, რომლებიც ახლა არ არსებობს, მაგრამ მომავალში გაჩნდება.

 

„ტექნოლოგიური პროგრესი ცოტა მაშინებს - ხელოვნური ინტელექტი იქნება ის, რაც ადამიანს დიდწილად ჩაანაცვლებს. მასზე არ იმოქმედებს საცობი, უძილო ღამე, უხასიათობა. ტრადიცული სფეროები ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე ჩანაცვლდება ტექნოლოგიით. ცოტა ხნის წინ იტალიაში ვიყავი, სადაც სანაყინეში რობოტი ამზადებდა ნაყინს. ამით უკვე შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ მომავლის პროფესიებზე.“

 

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

 

 

 

კომენტარები