28 მარტი 36 წუთის საკითხავი
ფინანსური ოპერაციების გაციფრულება და მისი შედეგები

მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ისტორიის შესახებ პირველი წყაროები გამოჩნდა, ადამიანების ცხოვრებაში ერთი უცვლელი და ცალსახა ტენდენცია გამოიკვეთა - ისტორიის ყველა მონაკვეთში ადამიანები ცხოვრების გამარტივებისთვის იბრძოდნენ. თუ პირველყოფილი ადამიანი სანადირო იარაღის შექმნისკენ იყო მიდრეკილი, რათა ნადირობა უფრო უსაფრთხო და მარტივ პროცესად ექცია, თანამედროვე ადამიანს სულ სხვა მოთხოვნილებები აქვს. მათ შორის არის ფინანსური ოპერაციების გამარტივებაც.

 

არც თუ ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ადამიანებს ქაღალდის ფულის შემცვლელად ვერაფერი წარმოედგინათ. არც მას შემდეგ გასულა საუკუნე, რაც კომუნალურების გადასახდელად გრძელ რიგებში დგომა გვიწევდა. ასეთ რიგებში დღემდე დგანან ისინი, ვისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი არ არის, ან, უბრალოდ, ვინც ტექნოლოგიებში ვერ ერკვევა, ან მათ არ ენდობა. ამგვარი დაბრკოლებები გადაშენების პირასაა მისული, ისევე, როგორც თავის დროზე დინოზავრები გადაშენდნენ გარემოსთან ადაპტირების არასაკმარისი უნარის გამო. თანამედროვე ეპოქამ ცხადი გახადა, რომ ფინანსური ოპერაციების გაციფრულება გარდაუვალი პროცესია და კაცობრიობა ამას ვერსად გაექცევა.

 

წინა აბზაცში ხსენებული უნდობლობა ბუნებრივია ასაკიან ადამიანებში, რომლებსაც ტექნოლოგიებთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ. მათ ურჩევნიათ, ფინანსური ოპერაციების სიზუსტეში დარწმუნებულები იყვნენ და სწორედ ამიტომ ირჩევენ რიგში დგომას. მათ სჯერათ, რომ ქაღალდზე დარტყმული ბეჭედი უფრო სანდოა, ვიდრე ინტერნეტით შესრულებული ოპერაცია. იმისათვის, რომ ამგვარი დამოკიდებულება საბოლოოდ გაქრეს, საჭიროა, ციფრულმა ტექნოლოგიებმა დროის გამოცდა ჩააბარონ.

 

განსხვავებული მდგომარეობაა ახალგაზრდებში, რომელთა ფინანსური ცხოვრებაც სწორედ ციფრულად დაიწყო. ინტერნეტ ბანკი, ონლაინ გადახდის სერვისები, სწრაფი გადახდის აპარატები, ბლოკჩეინი და ბიტკოინები - ეს ყველაფერი თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილია. მათ კარგად ესმით, რომ ფინანსური ტექნოლოგიები (fintech) ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ფულთან ფიზიკური კომუნიკაცია.

ფინანსური ოპერაციების გაციფრულების მიზეზები

 

ფინანსური ოპერაციების გაციფრულების ტენდენცია ორ მოვლენას უკავშირდება. პირველ რიგში, ტექნოლოგიების განვითარებასა და ინტერნეტის გლობალურად გავრცელებას. რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 15%, მოგვიანებით კი 25%  მოიხმარდა ინტერნეტ პროდუქტს, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში ეს ციფრი მნიშვნელოვნად იზრდება. 2017 წლის მონაცემებით ინტერნეტს მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 51% მოიხმარს. ეს რიცხვი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო გაიზრდება - სწორედ ეს არის ტექნოლოგიური გიგანტების მთავარი მიზანიც.

 

მეორე მიზეზი, თუ რატომ მოხდა ფინანსური ოპერაციების გაციფრულება, ადამიანების ცხოვრების ტემპისა და მოთხოვნილებების ცვლილებასთანაა დაკავშირებული. განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო მეტი კომპანია, შესაბამისად კი, სამუშაო ადგილი იქმნება. განვითრებადი ეკონომიკის ქვეყნების დიდ ნაწილში კი მშპ და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელიც, სწრაფად იზრდება.

 

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ფინანსურ და ბიზნეს სექტორებს საშუალება მისცა, ადამიანების მოთხოვნილებები უფრო მეტად დაეკმაყოფილებინათ, ვიდრე ამას მანამდე ახერხებდნენ. გარდა ამისა, ბანკებისა და სხვა ბიზნეს-წარმომადგენლების მიზანი ყოველთვის ერთია - მაქსიმალურად ნაკლები დანახარჯით უფრო მეტი მოგების მიღება. ტექნოლოგიებმა მათ ამის საშუალება მისცა. წარსულში ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად გაცილებით მეტი სერვისცენტრი და, შესაბამისად, მეტი პერსონალის დაქირავება იყო საჭირო. ამ ტიპის დანახარჯები ბიზნესს-სექტორს სულ უფრო უმცირდება, რაც დიდწილად ფინანსური ოპერაციების გაციფრულების დამსახურებაა. დღეს ადამიანებს აღარ სჭირდებათ სერვის-ცენტრებში მისვლა და თანხის ადგილზე გადახდა. ამისთვის არსებობს ონლაინ აპლიკაციები და საიტები, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლი რამდენიმე წამში ახერხებს ოპერაციების შესრულებას.

ამგვარი განვითარება ცალსახად ადამიანების დაკვეთა იყო, რადგან მათ დრო არ ჰყოფნიდათ ბიუროკრატიული პროცესებისთვის. თუმცა, ადამიანი რაციონალური არსებაა, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად არსებულ გამოცდილებას ეყრდნობა და პროდუქტის მოხმარებამდე მის სანდოობას ამოწმებს. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ფულს ეხება.

 

რა შეცვალა ფინანსური ოპერაციების გაციფრულებამ?

 

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია სამომავლო განვითარებისთვის. ფინანსური ოპერაციების გაციფრულებამ შეცვალა მომხმარებლის ქცევა და ცხოვრება. პროცესი გახდა უფრო უსაფრთხო, კომფორტული, სწრაფი და, რაც მთავარია, ეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე ადამიანს აღარ სჭირდება დიდი დროის ხარჯვა ელემენტარული ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად. თანხის გადარიცხვიდან დაწყებული, სესხის აღებით დამთავრებული, ყველაფერი ონლაინ, მხოლოდ ერთი აპლიკაციით არის შესაძლებელი.

 

რამდენიმე წლის წინ ასეთი სერვისი ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა, თუმცა, ტექნოლოგიები ისე განვითარდა, აღარაფერი გვაკვირვებს. მართალია, საბანკო ბარათები თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამდე შეიქმნა, მაგრამ მაშინ მისი დანიშნულება მხოლოდ ბანკომატიდან თანხის გამოტანა იყო. დღეს კი საბანკო პლასტიკური ბარათები გაცილებით მეტია - ის ერთგვარი სეიფის, საფულისა და ყულაბის როლს ასრულებს, რომლის ფუნქციებსაც თავიდან ბოლომდე მომხარებელი აკონტროლებს.

პლატიკური ბარათების თანამედროვე დანიშნულებამ მეტი უსაფრთხოება მოიტანა, შესაბამისად, ადამიანებმა ფულის ბანკში შენახვა დაიწყეს, რამაც ბაზარზე ახალი იმპულსები გააჩინა - მომხმარებელი, ვისაც ფული ანგარიშზე ჰქონდა შენახული, ნაღდი ფულის ნაცვლად ბარათით გადახდას ამჯობინებდა. აქედან გამომდინარე, სავაჭრო სფეროში გაჩნდა  ამ სეგმენტის მოთხოვნების დაკმაყოფილების ინტერესი. შესაბამისად, შეიქმნა ტერმინალები, რომლითაც სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი აღიჭურვა. ეშმაკის ბორბალი ისე დატრიალდა, რომ ამ პროცესით ყველა მხარე მოგებული დარჩა - მომხმარებელი, კლიენტი და სერვისის შემქმნელი.

 

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ უმტკივნეულოდ მაინც არ ჩაიარა. თუკი ადამიანებს ადრე ქუჩაში აყაჩაღებდნენ, ან მოტყუებით და თაღლითობით ართმევდნენ ფულს, მსგავსი პრაქტიკა კიბერ სივრცეშიც გაჩნდა. ფიშინგი თაღლითობის ერთ-ერთი სახეა, რომელსაც კიბერ დამნაშავეები საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოსაპარად იყენებენ. ამ საკითხზე ვრცლად თიბისის ბლოგზე უკვე ვისაუბრეთ და მისი ნახვა ამ ლინკზე https://www.helloblog.ge/?id=1254 შეგიძლიათ.

 

კიბერ დანაშაულის ასეთი სახეობების გაჩენამ დამატებითი სერვისების შექმნაც განაპირობა, როგორიცაა პლასტიკური ბარათისა და საბანკო ანგარიშების დაზღვევა. ამ სერვისით მომხმარებლებს შეუძლიათ თავი დაიზღვიონ კიბერ თაღლითობით მიყენებული ზარალისგან და თანხის ანაზღაურება ბანკს მოსთხოვონ. დაზღვევის გააქტიურების შემთხვევაში, მომხმარებლებს სხვა სარგებლის მიღებაც შეუძლიათ. მაგალითად, ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, ბანკი მათ უფასოდ დაუმზადებს ახალ ბარათს.

 

სერვისები, რომელიც ფინანსური ოპერაციების გაციფრულებამ შექმნა

 

ფინანსური ოპერაციების გაციფრულებას არაერთი სერვისის შექმნა მოჰყვა. მაგალითად, თიბისი ბანკს აქვს ვებგვერდი tbcpay.ge, რომელიც საქართველოში არსებული ყველა გადასახადის ერთ სივრცეში გადახდის საშუალებას აძლევს მომხმარებელს. იქნება ეს კომუნალურები თუ სხვადასხვა სესხები, მომხმარებელს შეუძლია სულ რამდენიმე წამში დაფაროს ვალდებულებები. გარდა ამისა, ამავე ოპერაციების შესრულება შესაძლებელია ინტერნეტ ბანკში, რომელიც თიბისი ბანკის ყველა მომხმარებელს აქვს.

ფინანსური ოპერაციების გაციფრულებამ საქმე შეუმსუბუქა ბიზნეს სექტორსაც, რომელსაც საქმიანობის მართვა სმარტფონიდან, ან კომპიუტერიდან შეუძლია. თიბისი ბანკის ინტერნეტბანკს აქვს სერვისი, რომლის დახმარებითაც ბიზნესმენებს შეუძლიათ აკონტროლონ თავისი კომპანიების შემოსავლები, გასავალი, მოგება და ამ ყველაფერთან ერთად, თავიანთი საქმიანობაც გააანალიზონ. ამასთანავე, მათ შეუძლიათ სახელმწიფო გადასახადები და ხელფასები ერთი სისტემიდან გასცენ, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე. ეს მოდერნიზაცია ბუღალტრებისთვისაც დიდი შვება აღმოჩნდა, რასაც თანამედროვე გამოცდილება ადასტურებს.

 

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში გამოჩნდა, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაა. მაგალითისთვის გამოდგება თიბისი ბანკის პირველი ქართული ჩეტბოტი „თი ბოტი“, რომელიც ფინანსური ოპერაციების შესრულებას  პირდაპირ ფეისბუქის მესენჯერიდან გთავაზობთ.

 

აღსანიშნავია საქართველოში გამოკვეთილი ახალი ტენდენცია: „ბანკი ფილიალების გარეშე“ - ეს არის სლოგანი აპლიკაციისა, სახელწოდებით Space. სფეისი ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი აპია, რომელიც თავიდან ბოლომდე ონლაინ ბანკის ფუნქციებს ასრულებს, ისე, რომ არც ერთი ფილიალი არ აქვს და არც ექნება. მისი მუშაობის პრინციპი მარტივია - აპის გადმოწერის შემდეგ მომხმარებლები რეგისტრირდებიან, საკუთარ საბანკო ანგარიშის ინტეგრაციას ასრულებენ და ტრადიციული ბანკის ყველა სერვისით სარგებლობენ.

 

ფინანსური ოპერაციების გაციფრულების კიდევ ერთი რევოლუცია ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტის შექმნაა, რაც თანამედროვე ფინანსურ სამყაროში სრულიად ახალი სიტყვაა. ბლოკჩეინის სისტემა თავისი არსით საჯარო რეესტრს მოგაგონებთ, რომელიც ინახავს ინფორმაციას სხვადასხვა ტრანზაქციებისა თუ დოკუმენტების შესახებ. ბლოკჩეინის დახმარებით ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთში გაცვალონ პროდუქტი, ფული, დაარეგისტრირონ კერძო საკუთრება და სხვა. ეს ყველაფერი კი შუამავლის გარეშე ხდება. ბლოკჩეინი ფაქტობრივად „ხელზე გადახდის“ სინონიმია, ოღონდ ციფრულ სამყაროში.

 

ავტორი: დიმიტრი სანაია

კომენტარები