6 ნოემბერი 15 წუთის საკითხავი
ევროპის უნივერსიტეტი

ლაშა კანდელაკიშვილმა საკუთარი სურვილი, შეექმნა ევროპული სტანდარტების, თავისუფალი და თანამედროვე სასწავლო გარემო, სადაც სხვადასხვა ინტერესის მქონე ახალგაზრდებს იდეების განხორციელების  საშუალებას მისცემდა, უნივერსიტეტად აქცია.  ასე დაიწყო 2012 წელს ევროპის უნივერსიტეტის ისტორია.

 

„ძალიან გაბედული ნაბიჯი გადავდგით, როდესაც პასუხისმგებლობა ავიღეთ იმ ადამიანების წინაშე, ვისი ხედვებისა და ღირებულებების დიდი ნაწილიც ჩვენ მიერ შექმნილ გარემოში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ბუნებრივია, ეს იყო გამოწვევა, რომელიც გვავალდებულებდა ხელი შეგვეწყო მათი ინდივიდუალური ინტერესებისა და ხედვების განვითარებისათვის. დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში უკვე ვართ და გვინდა ყოველთვის ვიყოთ ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს მიჰყვება.“

დღეს ევროპის უნივერსიტეტი სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და მედიცინის ფაკულტეტებს აერთიანებს. მედიცინის ფაკულტეტი ადგილობრივ ბაზარზე უცხოელ სტუდენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ფაკულტეტი აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდის, ინდოეთის სამედიცინო საბჭოსა და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოს მიერ. ევროპის უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრიცაა.

 

უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები სპეცკურსებს სამივე ფაკულტეტზე სემესტრში რამდენჯერმე ატარებენ.

 

სამართლისა და გლობალიზაციის ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტები და სამეცნიერო ჟურნალები ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით უნივერსიტეტის აკადემიური ნაწილია. პერსონალის ცოდნა ახალი გამოწვევების შესაბამისად  სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტების დახმარებით მუდმივად ვითარდება.

 

თანამშრომლობა მიჩიგანის, ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტებთან, სტაჟირება ევროპის საბჭოსა და მაიამის სასამართლოებში, გაცვლითი პროგრამები ევროპის ქვეყნებში - ეს ის შესაძლებლობებია, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტში მოსულ სტუდენტებს ეძლევათ. მუსიკალური ბენდი, სიმღერის გუნდი, ქორეოგრაფიული ანსამბლი, რაგბისა და ფუტსალის გუნდები და მოლაშქრეთა კლუბი - ასეთია სტუდენტური ცხოვრება სწავლის პარალელურად.

„როგორები არიან ჩვენი სტუდენტები? - მიზანდასახულები, აქტიურები, შემოქმედებითები, სპორტულები. თავიდან უბრალოდ ვეცადეთ - სასწავლო პროცესში ჩართულობის გარდა, ყველა სტუდენტის ინტერესისა და შესაძლებლობისთვის მიგვეცა განვითარების საშუალება. დღეს კი გვაქვს გარემო, რომელიც სავსეა სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი და სპორტული გუნდით. ვფიქრობთ, რომ მეგობრული ინტერნაციონალური სივრცე ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მიგვაჩნია, რომ როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა სტუდენტებმა ამ გამოწვევას ძალიან კარგად გაართვეს თავი.“

პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების საშუალებას ფაკულტეტები სწავლის პროცესშივე იძლევა. სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმებაზე კი უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვის ცენტრი ზრუნავს. უახლოეს მომავალში საუნივერსიტეტო კლინიკისა და საერთო საცხოვრებელის აშენებაც იგეგმება.

ევროპის უნივერსიტეტი  „თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის“ ერთ-ერთი ნომინანტია.

 

„მუდმივად მზარდი ბიზნესი ვართ. წინა წლებთან შედარებით უცხოური ინვესტიციები და შემოსავლები გავაორმაგეთ. მოზიდული თანხების სრულ რეინვესტირებას ვახდენთ - ვავითარებთ ინფრაქსტრუქტურას და ვაუმჯობესებთ სწავლების ხარისხის. დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ 2018 წელს იმ ეტაპამდე მოვედით, როდესაც სხვა ორგანიზაციების გვერდით, „წლის ბიზნესის“ სტატუსის მოპოვებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.“

 

ავტორი - მარიამ ყანჩაველი

ფოტოები - ირაკლი შალამბერიძე

კომენტარები